გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული პოლიტიკის ოთხი უცვლელი მოცემულობაა- "რუსეთი, საპატრიარქო, პარაკრიმინალური " ბიზნესი" და ქურდული სამყარო"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აგვისტო 2020

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში წერს:

"რუსეთი, საპატრიარქო, პარაკრიმინალური ( დავარქვათ “ბიზნესი”) და ქურდული სამყარო - ეს არის ქართული პოლიტიკური რეალობის ოთხი უცვლელი მოცემულობა.

1. რუსეთი - ნავალნის თავხედური მოწამვლა სხვა არაფერია, თუ არა პუტინის მესიჯი. მესიჯის ადრესატებს შორის მავანი ქართველიც რომ არის, ალბათ ვიცით.
2. საპატრიარქო - მძლავრი, შემოსავლიანი, ასევე პარაკრიმინალური ბიზნესი უზარმაზარი გავლენით ქვეყნის ყველაზე მოწყვლად სპექტრზე.
3. “ბიზმესი” – 90-იანის განგსტერების, პროფესიონალი თაღლითებისა და ხაზინა-ბიუჯეტის მძარცველების აჯაფსანდალი.
4. ქურდული სამყარო - დაუნდობლობითა და გავლენით რუსეთის მასშტაბების მქონე საშიში ძალა.
“ოცნების” მთავარი ლავირება ამჟამად მიმდინარეობს #1 -სა და #4-ს შორის, რადგან მხოლოდ ეს ორია მისთვის ფიზიკურად საშიში. დანარჩენი ორი უბრალოდ პოლიტ-მეძავები არიან და ბალასტით წონასწორობის შენარჩუნებისათვის საჭირონი.
#1-სა და #4-ს მხოლოდ რეალური პოლიტიკური ძალაუფლების მქონენი აინტერესებს და აშანტაჟებს. ამიტომ, ოპოზიციის სათამაშო ობიექტებად და წვრილმანი ვაჭრობისათვის რჩებიან მხოლოდ #2 და #3.
საქართველოში არ მუშაობს ზეპარტიული, ქართული სახელმწიფოს იდეა, ამიტომ მთელი ქართული პოლიტიკა აგებულია ინდივიდთა მერკანტილურ ფილოსოფიაზე. წარმოუდგენელი გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსისათვის საქართველოს სახელმწიფოს იდეა დგას მათ პირად ინტერესებზე მაღლა. ეს არის ემპირიულად არაერთგზის დამტკიცებული ფაქტი.
რა გზა რჩება ასეთ შემთხვევაში პატიოსან ამომრჩეველსა და პატიოსნად დარჩენის მსურველ ახალბედა პოლიტიკოსს?
ახალბედა პოლიტიკოსს აქვს ერთადერთი არჩევანი, მიეკედლოს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, მოითმინოს გარკვეულ დრომდე და მერე, როცა დრო მოვა, გამოიყენოს თავისი მდგომარეობა. მაგალითად, ამერიკაში, მორგანის, როკფელერისა და კარნეგის ურყევი ტრიუმვირატის ზეობა დაასრულა მათ მიერვე შექმნილ პოლიტიკურ კლანში ვიცე-პრეზიდენტად “შეპარულმა” თეოდორ რუზველტმა, რომელმაც საჭირო დროს “გამოაჩინა კბილები”.
პატიოსან ამომრჩეველს, ვინაიდან ვერ ცვლის ზემოთ ნახსენებ ურყევ მოცემულობას, ასევე ერთადერთი გზა რჩება, მხარი დაუჭიროს არა პარტიებს, არამედ მეტნაკლებად პატიოსან, შედარებით პროგრესულ ინდივიდებს იმ ლოგიკური იმედით, რომ როდესაც ასეთი ინდივიდების რაოდენობა კრიტიკულ მასას მიაღწევს სახელმწიფო სისტემაში, მაშინ მათი გაერთიანებული ძალისხმევით იქნებ რამე შეიცვალოს.
პატიოსანი, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსის მოთხოვნა ამჟამინდელ სიტუაციაში არის სიბრიყვემდე მისული გულუბრყვილობა. ზემოხსენებული ოთხი მოცემულობიდან არცერთი არ დაუშვებს მათი გავლენის სფეროდან ვინმეს გაშვებას. არც “გადამწიფებული”, გავლენიანი პოლიტიკოსები დაუშვებენ ახალი სახეების “გაჯეჯილებას”.
ეს არის ამჟამინდელი ქართული პოლიტიკური რეალობის გადაულახავი, მოჯადოებული წრე. ასეთი “წრეები” საბოლოოდ მიდიან ლათინოამერიკულ ბანანიზაციამდე და იქცევიან პოლიტიკურ “ზაზუნას ბორბალად”. საქართველო პრაქტიკულად მისული და დამკვიდრებულია ამ ეტაპზე. რაც უფრო გაღარიბდება და ინტელექტისაგან დაიცლება მასა, მით უფრო შეუძლებელი გახდება ამ წრის გარღვევა. სწორედ ამაზე უნდა ფიქრობდეს არჩევნებზე მიმავალი გონიერი ამომრჩეველი და პოლიტიკაში ახლადფეხშებიჯებული პატიოსანი ადამიანი."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია