გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შესაძლოა, შენგენის ზონაში ქართველებისთვის გადაადგილება გართულდეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2020

კანონპროექტი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის/ევროკავშირის ზონაში გადაადგილება გართულდება, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 4 სექტემბრისთვის მესამე მოსმენით აპირებენ, მიიღონ. 

ცვლილების თანახმად, შენგენის ზონაში წამსვლელ მოქალაქეს საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე პოლიცია შეამოწმებს. 

კანონპროექტის ავტორები გადაადგილების გამკაცრების მიზეზებს იმით ხსნიან, რომ ბოლო პერიოდში იმატა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა საქართველოდან და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობამ - ეს კი ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან კრიტიკის საგანია. 

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთასა და ევროკავშირის/შენგენის სივრცეში გადაადგილებაზე, თუ არ გააჩნია:

  • ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
  • უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი ან ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფა.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიღების მიზანია, შეიქმნას დამატებითი პრევენციული მექანიზმი, რათა შემცირდეს საქართველოს იმ მოქალაქეთა ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში გადაადგილება, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.

მანამ, სანამ ავტორები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი პრევენციულია და ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში ქართველებისადმი ნდობისა და რეპუტაციის ამაღლებას, ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროექტით აღმასრულებელი ხელისუფლება საკუთარ უფლებამოსილებას ამეტებს.

მე ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტის არსებული სახით მიღება არ შეიძლება  - დისკრეციულ უფლებებს ანიჭებს აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ საკითხებზე, რომლებიც არ შეიძლება, რომ მათი განკარგულების სფეროში იყოს. გასაგებია, რომ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან გვთხოვენ ჩვენი მხრიდან კონტროლის გარკვეულ გამკაცრებას, რათა ბოროტად არ გამოიყენონ ქართველებმა უვიზო მიმოსვლა, თუმცა კანონპროექტი არ არის ის გზა, რომლითაც ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება. მე მხარს არ ვუჭერ ამ კანონპროექტს, - ამბობს "ნაციოანალური მოძრაობის" წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი "მთავართან" საუბრისას.

"მთავარი" ასევე დაუკავშირდა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას". მათი თქმით, კანონპროექტი გადახედვის რეჟიმშია, იქამდე კომენტარი არ კეთდება. 

ცნობისთვის, კანონპროექტი 2018 წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა და მისი ავტორები არიან - არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

დამატებით კითხვებზე საპასუხოდ კანონპროექტთან დაკავშირებით ავტორებთან დაკონტაქტება ვერ მოხერდა, ნაწილმა მათგანმა კი ჩვენს ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია