ვფიქრობ, რა ღირებულებები დარჩა კიდევ ამ ქვეყანას არსებობისთვის?
ჩვენი უბედურება იცით რაშია? ფეხებზე მკიდია ერი ვართ. ჩვენ არ გაგვაჩნია პირადი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივი განვითარების და დღემდე ვერ შევძელით სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბება. ვერ ავღზარდეთ თაობა, რომელიც ძველი სტრეოტიპების დაკოპირების ნაცვლად ინოვაციურ უნარს გამოიმუშავებდა, ვასწავლეთ მხოლოდ ბინძური პოლიტიკური ბიზნესი - საქართველოთი ვაჭრობა.
რაც მაგრები ვართ, ხომ ჩვენ ვართ? დიახ ვართ! ჩვენზე უკეთ არავის გამოსდის არც ქება და არც გინება. ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ. დამნაშავე კი სხვაა... რა ვქნათ, თუ საკუთარმა არჩევანმა არ გაგვიმართლა? თუ ვიღაც უვარგისია ეს ჩვენი კი არა, მისი ბრალია და პასუხიც მან უნდა აგოს! რა გვჭირს სხვისი ჭკუის დასარიგებელი ერს, რომელმაც ოდესღაც ოქროს ხანა შექმნა? ოქროს საბადო მოიპოვა, ან კაცობრიობას ვეფხისტყაოსანი აჩუქა? ისინი ჩვენი წინაპრები იყვნენ!!! დიახ ასეა... ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გარდა წარსულისა, საამაყო არაფერი დაგვრჩა. ერი, რომელიც მივსტირით წარსულს, ვმცონარობთ აწყმოში და მომავლი ფეხებზე გვკიდია... ჩვენში არ არსებობს პიროვნული პასუხისმგებლობა. პასუხიმგებელი ყოველთვის სხვაა... ის სხვა, რომელიც, ოდესღაც შენი პირადი არჩევანიც იყო. არასოდეს მოგვითხოვია საკუთარი თავისთვის მარცხის, შეურაცხყოფის, ღალატის პასუხიმგებლობა. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია-ტირილი და ბავშვივით თითის გაშვერა, რომელსაც "მამალო" ხელიდან გამოსტაცეს. დიახ "მამალო", რომელიც ამჟამინდელი ღირსების ფასია! უღირსები ვართ და მივტირით ღირსებას, რომელიც ნაბადი გვგონია, რომელსაც ვიღაც მხრებზე გვაფარებს, ან გვაძრობს...
აბა რა! რა ჩვენი ბრალია, თუ ვიღაც ავაზაკმა მოკლა ილია? წვერით ათრია ამბროსი? ლუკმა ვერ მიაწოდა ფიროსმანს?! რა ჩვენი ბრალია, თუ საქათმესავით ყოველ დღე გვღობავენ, რომ საკენკად ერთი მუჭა ფეტვი ვიკმაროთ?! საკმარისია ჩვენს ძირეულ პრობლემას ვინმე შეეხოს და - ჰა გამოგვივიდა ახალი ილია! ავყიჟინდებით! გავცეცხლდებით! დავკორტნით! შევჭამათ!!! და მერე? მერე უილიაობაზე ვიტირებთ გულამომჯდარნი გაუთავებლად, რადგან ჩვენს ტვინამდე კიდევ არ დადის, რომ თავად ილია, ილიაობისთვის მოვკალით და ვკლავთ დაუსრულებლად. თუმცა ილია რა მაგალითია, როცა თითის გაშვერა ღმერთისკენაც ვისწავლეთ- "ყველაფრი ღმერთის ნებაა"!!!
და მაინც... ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც სძულს და ეშინია განახლების. საკუთარ ამპარტავნობაში ჩამხრჩვალი ერი, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ განუვითარებელ სახლმწიფოში ცხოვრობს და საქილიკოდ ევროპა და ამერიკა ჰყავს. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც სათითაოდ მართალი, კაცთმოყვარე, ლმობიერი და განათლებულია. ერთად აღებული კი..."-წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი.