"ჰოდა, აჭარაზე მოგიყვებით. აჭარაზე და აჭარლებზე.
მე ეგრე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, გამორეულა შემცდარი კაცი და ამრეზით უთქვამს ვინმესთვის: ,,რას შვები, ბიჭო, აჭარელი ხომ არ ხარ?!" ცინიკური იყო ეს ნათქვამი. ცინიკური, მავნე და რაც უმთავრესია - უსაფუძვლო. მაშინ განა ცხადად ვხვდებოდი, პატარა ვიყავი და ვერ - არც მიზეზი მიძებნია, სანამ ცოტა არ მოვიზარდე. ასე მოხდა - ცალკე საქმემ და ცალკე სურვილმა მიკარნახა - აჭარაში, თითქმის ყველა სოფლის კარზე დავაკაკუნე. მალევე და იოლად ჩავწვდი - სხვა, დიდი მტრის განზრახული და კარგად მოფიქრებული მახის ნაწილი იყო ის სიტყვები, ჩვენს ამ გაუგებარ ურთიერთკილვას და დაუნდობლობას რომ კარგად იცნობს - მისი.
ხოლო აჭარა არის ყველაზე ზუსტი ისტორია იმ ქვეყნის გადარჩენის, საქართველო რომ ჰქვია. გაძლების და გამარჯვების ისტორია. თავის დანარჩუნების და არგაბოროტების. არდაბეჩების, არამედ ტკივილის დამორჩილების, გადადნობის და ძალად ქცევის. ჩახედეთ აჭარელ მოხუცს მორცხვ თვალებში, ეგ თვალები ირეკლავს დიდ, ძნელ გზას. ეგ თვალები, ღიმილი და ჯადოქრული სითბო, თუ ხელი დაგადო და მოგიჭირა. ძლიერად და დაჟინებით. ჰო, აჭარლები სხვანაირად იღიმიან. თითქოს ტკივათ, იმ წლების ლოდები ტუჩებს ტირილისკენ ექაჩება, მაგრამ ლოდებზე ძლიერია სხვა რამ, უსახელო და ძნელად გასაგები - ღიმილით ცრემლების დამთრგუნველი. ის სხვა რამ არის აჭარა. ის სხვა რამ არის საქართველო.
იცით? ნაჭარელი არასდროს გაწუხებს. არასდროს. განდაგანაც ხომ ეს ცეკვაა, სხვების არ შეწუხების და საქმის ჩრდილში კეთების. გან და გან, მაგრამ ახლო და ახლო. ეს არის აჭარა. და აჭარელი. დიდი ამბის ჩუმად მქმნელი და არმთქმელი.
ახლა ხულოში ვარ. ვწევარ და ამეებზე ვფიქრობ. ჰოდა, ამ ფიქრში გარეთ გავიხედე და კიდევ ეს ცაა აჭარაა. და ეს ვარსკვლავები. ახლოები და დიდვან-დიდვანი. დიდვან-დიდვანი."
გიორგი კეკელიძე