შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"„დიდი ბრძოლა“ ცესკოს-ს თავმჯდომარის თანამდებობისთვის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2018

ვინ გახდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე? - აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით მიმდინარე მოვლენებზე ანალიტიკოს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

სხვა რომ არაფერი, რაც საზოგადოებამ არჩევნების მიმდინარეობის პროცესის დროს იხილა ვიდეოკადრებში, თუნდაც სენაკის, მარნეულის, დმანისის მაგალითებზე, დადგა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი? რატომ არ ითხოვდა ოპოზიცია და არასამართვრობო სექტორი ამ უბნების გადათვლას და გაუქმებას? რა თქმა უნდა, ამის გამო არჩევნების შედეგები არ გაუქმდებოდა, მაგრამ ეს ხომ იყო სამართლებლივი საფუძველი მნიშვნელოვანი პროცესისთვის. თუნდაც ამ “ჩაყრა”- გაყალბებაში მონაწილე პერსონების სამაგალითო დასჯა, ხომ გარკვეულწილად შეამცირებდა სამომავლოდ ანალოგიური ქმედების პოტენციურ ჩამდენთა რიცხვსა და რიგებს? მეტყვით რა შუაშია ჟვანია ამ შემთხვევაში და ცესკო? იმ შუაში, რომ ამ ადამიანების მინიმუმ “დასატრენინგებლად”, რომ მათ არჩევნები სამართლიანად ჩაეტარებინა ჩვენი - გადასახადის გადამხდელების ფულია დახარჯული. და დიახაც, ცესკოს სრულ შემადგენლობა, მხოლოდ ჟვანია კი არა ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს.„იმ პირობებში, როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი ერთხმად აცხადებენ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, საარჩევნო პროცესში დარღვევების შესახებ, ხოლო საერთაშორისო სადამკვირებლო მისიები მიუთითებენ არასამართლიან საარჩევნო გარემოზე, რომელც მოიცავს სრულ პროცესს აგიტაციიდან დაწყებული არჩევნების შედეგების შეჯამებით დასრულებული, საკმაოდ არაორდინალური პოლიტიკური პროცესის მომსწრენი ვხდებით. არავინ საუბრობს ცესკოს თავმჯმდომარის - თამარ ჟვანიას პოლიტიკურ და გნებავთ სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხზე. გასაგებია, რატომ არ აკეთებს და არ ახდენს საკითხის პერსონიფიცირებას არასამთავრობო სექტორი. მათ რიგებში ხელმძღვანელი ბირთვი შეიცვალა, მაგრამ რჩება მემკვიდრეობითი პასუხისმგებლობის გააზრება. სწორედ ისინი უჭერდნენ თავის დროზე გულმხურვალედ მხარს ჟვანიას მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტის დაკავებას. უფრო რთულად არის საკითხი ოპოზიციის შემთხვევაში, აქ ამორფული და არა პერსონიფიცირებული დამოკიდებულება პერსონალურ თემებამდე დადის - ამ შემთხვევაში ოპოზიციის ცალკეული წევრებისთვის ჟვანიას მიერ გადახდილი ხარკის (ახლობლების დანიშვნით დაწყებული სხვადასხვა გრანტებით, ტრენინგებში მონაწილეობის უფლების მიცემით დასრულებული) რაობაზე ვსაუბრობ.

არჩევნების დასრულებიდან რამოდენიმე დღეში ცესკო-ს თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა. მაგრამ, როგორც ირკვევა ეს ქალბატონი კვლავ ცდილობს გახდეს ცესკო-ს თავმჯდომარე და ხელისუფლებას აშანტაჟებს, რომ პრეზიდენტმა სწორედ მისი კანდიდატურა წარუდგინოს ცესკოს. შემდგომ კი ცესკო-ს 2/3-მა ისევ აირჩიოს თანამდებობაზე. ინფორმირებული პირები ამბობენ, რომ ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად ჟვანია, იმ შემთხვევაში თუ მას არ დაასახელებენ, მოითხოვს ის ადამიანი გახდეს ცესკო-ს თავმჯდომარე რომელსაც თავად გადაწყვეტს. ასევე ინფორმირებული პირები აცხადებენ, რომ აქცენტი ცესკო-ს ამჟამინდელ მდივანზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წევრზე - გიორგი ჯავახიშვილზე კეთდება. ჯავახიშვილი ცესკო-სა და “ქართულ ოცნებას” შორის მთავარ მეკავშირედ ითვლება.

დიახ, ქართული პოლიტიკა რომ უცნაურობებითა და პარადოქსებითაა სავსე ეს ნებისმიერმა ობივატელმა იცის. ამიტომაც ხდება - ვიდრე სასოწარკვეთამდე არ მივა ქართველი ამომრჩევლის უმეტესობა მისთვის ღირებული მეტწილად შაქარი, ფქვილი, კარტოფილი და ერთჯერადი “ჯიგრული დახმარებაა”.

ამიტომაც დასცინის მერე ეს - კულინაურიული და გასტრონომიული მოთხოვნილების ობივატელი ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობას, რომ პოლიტიკის ანა-ბანა ვერ ისწავლეს და მეტწილად მათი ქმედებები ან იმპულსურია ან კიდევ პრაგნატულ-მერკანტელური.

ოპოზიცია ბობოქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამომრჩეველი მხრებს იჩეჩავს - იცის რომ გაყალბდა მაგრამ რა ქნას - ამის თანამონაწილე იყო - ზოგი პროცესში უშუალო მონაწილეობით, ზოგი იმით, რომ წინ ვერ აღუდგა გაყალბებას და ზოგიც იმის გამო, რომ არჩევნების შედეგი სხვებს უნდა “დაედო” - თავად სახლში იჯდა და თავის უკეთს მომავალს სხვისი ხელით ძერწავდა.

რეალობა კი ასეთია, - არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს ყველა, მაგრამ არავის სვამს კითხვას სად ყალბდება არჩევნები, ვინ გააყალბა და როგორ?

“როგორ?” ტექნიკის საქმეა, რომელსაც უამრავი შემადგენელი აქვს პოლიტიკურიდან კრიმინალურამდე. “სად?” - არჩევნები ყალბდება საარჩევნო ადმინისტრაციის ვერტიკალში უბნიდან დაწყებული ცენტრალური საარჩევნო კომისიით დასრულებული, რადგან დოკუმენტალურად სწორედ მათ უნდა დადონ არჩევნების შედეგი ოქმების მეშვეობით. “ვინ?” - წინა პასუხიდან გამომდინარე ამ კითხვის პასუხი მარტივია - საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები, დაწყებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან და ცესკოს წევრებით დასრულებული.

მცირე გამონაკლისები ცალკეული პერსონების - ანუ კომისიის წევრების კეთილსინდისიერებასა და მიუხმრობლობაზე მთლიან სურათს ვერ ცვლის.

ჩვენში ტრადიციად იქცა, რომ ცესკო და საარჩევნო კოდექსი არჩევნების დასრულების შემდეგ ხდება ბობოქრობის საგანი. სხვა დროს საარჩევნო ადმინისტრაცია ნაკლებ ყურადღებას იპყრობს. არჩევნების დღეს იცოცხლე, - სავსეა ჟურნალისტებით და ანალიტიკოსებით ცესკო-ს ოფისი. არადა, სინამდვილეში, სწორედ არჩევნებს შორის პერიოდია ყველაზე მნიშვნელოვანი: მაშინ „მზადდება“ რაც მზადდება - ეწყობა და ლაგდება გეგმები, სქემები.

არჩევნების შედეგების დოკუმენტალური ნაწილი სწორედ არჩევნებამდე გაწეული საქმიანობის შედეგია. ეს კარგად იციან ცესკოში - ამიტომაც რეალურად არ ცვლიან აპრობირებულ ხერხს: მოწინააღდეგეს, საზოგადოებას ჯერ უნდა მოახვიო თავს ანუ „შეაპარო“ სასურველი პროცესი, შემდეგ კი, როცა ამ პროცესს ლოგიკური შედეგი მოჰყვება, მიამიტად აიჩეჩო მხრები - მიანიშნო, რომ შენ არაფერ შუაში ხარ.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ და კომისიამ არჩევნების წინა პერიოდში გამოცემული აბსოლუტურად კანონშეუსაბამო ინსტრუქციებით და აქტებით ფაქტობრივად მოსპო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების შანსი, ხოლო საარჩევნო პროცედურები კონკრეტული პოლიტიკური ძალის - ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” სურვილებსა და პოლიტიკურ ნებას მოარგო. ნებისმიერ თამაშს მოიგებ, თუ თამაშის წესებსაც თავად დაადგენ, მსაჯსაც თავად დანიშნავ და სააპელაციო არბიტრაჟსაც! მით უფრო მაშინ, როცა დაბეჯითებით იცი - სასამართლო შენს მხარეს იქნება.

ხელისუფლებაში გადასარევად იციან, რომ არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის ხმებს. შესაბამისად, ცესკომ ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში იზრუნვა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები იმ ხალხით დაეკომპლექტებინა, რომლებიც ხმების დამთვლელების - ანუ უბნების შედეგებს არ გააპროტესტებდნენ. ამ პერსონების - ოლქის წევრების უმეტესობა “ქართულ ოცნებასთან” იყო შეთანხმებული, უფრო სწორად ისინი დანიშნეს ვინც “ოცნებამ” მოითხოვა. საარჩევნო ციკლის დროს კი საოლქო კომისიები უბნებში კომისიის წევრებად - ანუ ხმების მთვლელებად და შედეგის დამდებებად ნიშნავდნენ იმათ ვისაც ადგილობრივი ხელისუფლება მოითხოვდა. მოკლედ, ყველამ იცის მაგრამ ყველა დუმს, რომ ცესკო- არანაირი დამოუკიდებელი და პროფესიული ინსტიტუტი არ არის და ის მმართველი პარტიის საარჩენო სტრუქტურაა.

რა თქმა უნდა, ამ პირობებში გარკვეული მოქმედების ლუფტი ჰქონდათ ცესკოს ხელმძღვანელებს და თვით ოპოზიციური პარტიების ცალკეული წარმომადგენლებს. ანუ სხვადასხვა პერიოდში მედიაში მაინც გაჟონა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ თამარ ჟვანიას მის მიერ დაქვემდებარებულ სტრუქტურებში დასაქმებული ჰყავდა: შვილები - ცისია ყაველაშვილი და გიორგი ყაველაშვილი, შვილის მეჯვარე – თამუნა ბატიაშვილი, შვილის მეგობარი თათია ზარქუა, და – ნათია ჟვანია, სიძის და - ნინო ყავრელიშვილი, მაზლის ცოლი – ლეილა სიბაშვილი, სიძის ნათესავი – ტარიელ ნათენაძე და ქმრის ნათესავი – ირინა ბუზალაძე და ა.შ. ასევეა ცესკოს სხვა წევრების შემთხვევაში და თქვენ წარმოიდგინეთ, ჟვანიას არც ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლისთვის დავიწყნია ამ კონტექსტში ხარკის გადახდა. თუ კარგად მოვქექავთ ცესკოს სტრუქტურებში ცენტრალურსა და საოლქოში ამა თუ იმ ოპოზიციონერის ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებსაც ვიხილავთ, მაგრამ ეს ყველაფერი მათი დუმილისა და თავის ქნევის სანაცვლოდ გაკეთდა. ეს ნეპოტიზმი და პროტექციონიზმიც არ არის, პოლიტიკური კორუფციაა!

დიახ. თამარ ჟვანია ენ-ჯე-ოდან წამოვიდა. თუმცა როგორც ჩანს პოლიტიკური თუ სოციალურ ეკონომიკური მადის წინაშე ყველაფერი უძლურია. რა სამშობლო, რა ქვეყანა, რა სახელმწიფო ინტერესებ?. არა და, არჩევნები ის პროცესია, როდესაც რომელიმე ერთი კონკრეტული პერსონის კი არა, ქვეყნის - სახელმწიფოს ბედი წყდება და როდესაც დიახაც, უპირველესი ხდება ადამიანის უფლებაც, უფრო სწორად მისი უმთავრესი უფლება სიცოცხლის შესახებ, კონსტუტიციური უფლება აირჩიონ და აირჩიოს.

2008 წლის 4 იანვარს გამართული არჩევნების შემდეგ ცესკო-ში მივარდნილი ოპოზიცია მახსოვს კარებს რომ უჭედავდა იმ პერიოდის ცესკოს თავმჯდომარეს და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. ამ მლაძღვბელებთაგან ერთ-ერთი დღეს საქართველოს პრეზიდენტია და არანაირი პროტესტი არ აქვს, რომ მისი არჩევნების შედეგებზე თუნდაც კითხვები ისმევა. პირიქით, სწორედ ის აპირებს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინოს ის ადამიანი, რომელიც დგას ამ კითხვების სათავეში. ადამიანი, რომლის საქმიანობის შეფასებას არ ახდენს არც არასამთავრობო სექტორი, არც ოპოზიცია და არც მედია. ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ დაასამარა განცდა ცესკო-ს - საარჩევნო ადამინისტრაციის დაუმოუკიდებლობის შესახებ და საარჩევნო ადამიანისტრაცია, როგორც ინსტიტუცია ბოლომდე დაასამარა.

დიახ, ქალბატონ თამარ ჟვანიას სამართლებლივი პასუხისმგებლობა სამართლოს სფეროს განეკუთვნება, რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამაზე დუმილი თანამონაწილეობის ტოლფასია.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციებს არასამთავრობო სექტეორთან, რომელიც ამ, არსებული რეალობის ერთ-ერთი შემომქმედია - რეალურად ბლეფია, მოჩვენებითი პროცესია, რომელის შედეგსაც სულ მალე ვიხილავთ. სულაც არ გამიკვირდება, რომ სწორედ რომელიმე მათგანს დაასახელებინონ, გააჟღერებინონ სასურველი კანდიდატურის გვარი და სახელი. ან რა პრინციპით შეარჩევს პრეზიდენტი კანდიდატურებს? ვინმემ იცის ამ შესარჩევთა კონცეფცია? თუ მხოლოდ კანდიდატების ტრაფარეტულ ფრაზებს მოვისმენთ? მოკლედ შედეგი ის იქნება, რომ ხელისუფლება დაჯითებით დაუჭერს მხარს “ახალ” კანდიდატს, ენ-ჯე-ოები “იმედს გამოთქვმენ” და წარმატებას უსურვებენ მას, ხოლო ოპოზიცია ისევ სირაქმელის პოზაში იქნება“, - წერს მირცხულავა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია