ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც კენჭი 613-მა დეპუტატმა უყარა. მათგან მომხრე 552 და 61 მოწინააღმდეგე იყო.
ანგარიში 36 პუნქტისგან შედგება, სადაც განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნები, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებებისა თუ ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველომ საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციაში განიცადა, იმ კონსტიტუციური რეფორმისა და ძირითადი პოლიტიკური პარტიების შეთანხმების საფუძველზე, რომელიც 2020 წლის 8 მარტს მიიღეს საარჩევნო სისტემის შესახებ და აღიქმება, როგორც შიდა პოლიტიკური არეულობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სიტუაციის გაუმჯობესების მცდელობად.
სასამართლო სისტემის მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია, რაც გამოწვეულია მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების ხარვეზებით და ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული მთელი რიგი საქმეებით, რამაც შეშფოთება გამოიწვია სამართლებრივი სისტემის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. საქართველომ უნდა შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ (ვენეციის კომისია, ეუთო/ODIHR) მიცემული რეკომენდაციები.
ანგარიშში წერია ისიც, რომ საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვან გარე გამოწვევებთან გამკლავებას, როგორიცაა გაუარესებული ვითარება აფხაზეთისა და ცხინვალის/ე.წ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში და კიბერშეტევებთან, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან.
„ევროკავშირი რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მისი ხალხის ძირითადი უფლებების დაცვაში.
ევროპარლამენტი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, როგორც მისი პირდაპირი პარტნიორი და მთავარი როლი AA და DCFTA– ს განხორციელებაში, რეგულარული საპარლამენტო დიალოგისა და ერთობლივად შემუშავებული ინსტიტუციური დახმარების ზომების საშუალებით”, — ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუცია პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შეაფასა. მისი თქმით, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების გზით, ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან დაახლოებას განაგრძობს.
იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერად რჩება და მადლობას უხდის ევროპარლამენტარებს ანგარიშის მხარდაჭერისთვის.