შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიხსნება

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 დეკემბერი 2018
ზუგდიდში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი სავარაუდოდ გაზაფხულისთვის გაიხსნება. შესაბამისი ფართი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში უკვე გამოიყო, რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ზუსტი ადგილმდებარეობა შეგნებულად არ სახელდება. ცენტრის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო. აქ პირველ ჯერზე ხუთ ოჯახს მოემსახურებიან და მათ ყველა საჭირო სერვისს მიაწვდიან. საკონსულტაციო ცენტრ „სახლს“იდეის განსახორციელებლად სივრცე მერიამ გადასცა. ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან ფხაკაძემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო, რომელიც აღადგინეს. დაიწყეს ავეჯის შეტანაც. თუმცა აქ ბუნებრივი აირია ჯერ შესაყვანი. მოსაგვარებელია სხვა ტექნიკური დეტალებიც. მას იმედი აქვს, მალე ყველა პრობლემას მოაგვარებენ და ცენტრიც გაზაფხულისთვის ამოქმედდება.

„ზუგდიდი საინტერესო მუნიციპალიტეტია. კახეთშიც გავხსენით მსგავსი ცენტრი. იქ უფრო თვალხილულად ხდება ყველაფერი და ხალხიც ღიად საუბრობს. ზუგდიდში, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობა ტაბუირებულ თემად არის მიჩნეული. ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ ხდება“, - განმარტა რუსუდან ფხაკაძემ.

კრიზისულ ცენტრში ოჯახები ორ კვირას დაჰყოფენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ზუგდიდში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარიც არსებობს, რომელთანაც მომავალში თანამშრომლობას გეგმავენ.

თავის მხრივ, ცენტრის ფუნქციონირებაში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობაც. სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ აღნიშნა, რომ პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. პირველ ეტაპზე, მისი განმარტებით, ყველაფერს საკონსულტაციო ცენტრი უზრუნველყოფს, მოგვიანებით კი პროცესში თავადაც ჩაერთვებიან.

„ჩვენ მოგვიანებით ჩავერთვებით, რადგან ბიუჯეტთანაა დაკავშირებული. გათვლილი გვაქვს ყველაფერი. მერე იქნება პროექტი ერთობლივი დაფინანსებით“, - გვითხრა გოგი რევიამ.

მერიის წარმომადგენელმა კრიზისული ცენტრის გახსნა მიმდინარე წლის ივნისში დააანონსა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია