შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნებას" გაუჭირდება ოპონენტებთან დისკუსიაში შესვლა- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 სექტემბერი 2020

„ხელისუფლების მხრიდან ჭკვიანური საქციელია ოპონენტებისგან გამიჯვნა, რადგან ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსიაში შესვლით, მმართველ გუნდს ბევრ კითხვაზე პასუხი არ ექნება", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების" წინაასარჩევნო ტაქტიკას.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბოლო დროს იშვიათად ჩნდებიან ტელეკამერების წინ პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად და არ შედიან პოლემიკაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შედეგად, ამომრჩეველი თვალს ადევნებს არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირისპირებას, არამედ დებატებსა და კონფლიქტებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის. ხუხაშვილის შეფასებით, მმართველი პარტიის ეს ტაქტიკა ამართლებს.

„ქართულ ოცნებას", არ აქვს გამოკვეთილი პასუხები ოპონენტებისათვის და ამომრჩეველთათვის, თუნდაც ქვეყნის ეკონომიკურ, ან პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შესაბამისად მათ ურჩევნიათ, თავისთვის კომფორტულ გარემოში ისაუბრონ, იმაზე, თუ რაოდენ მშვენიერია ცხოვრება, ამიტომ ყველაფერს სწორად აკეთებენ", - ამბობს გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ექსპერტის აზრით, მმართველ გუნდს გაჩუმება ურჩევნია, რადგან გაუჭირდებათ ოპონენტებთან დისკუსიაში შესვლა.

„მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების" დასახელებულ კანდიდატებს არ აქვთ შესაბამისი პოლიტიკური გამოცდილება და არც ცნობადობა, რომ დებატებში ჩაებან ოპოზიციურ პარტიებთან. გაუჭირდებათ ასეთი ტიპის პოლემიკა", - ამბობს ხუხაშვილი.

მისი აზრით, ოპოზიციურ პარტიებს თუ სურთ „ქართული ოცნების" დამარცხება, უნდა შეწყვიტონ კამათი და იზრუნონ ამომრჩეველთა ხმების მოპოვებაზე.

„ოპოზიციას ერთადერთი შესაძლო ტაქტიკა აქვს - დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მმართველ ხელისუფლებაზე უკეთ შეძლებს ეკონომიკური, სოციალური, თუ იგივე პანდემიასთან ბრძოლის პრობლემების გადაჭრას. მათ უნდა გააკეთონ დამაჯერებელი შეთავაზებები. ხალხს ის კი არ ადარდებს, ვაშაძე იქნება პრემიერ-მინისტრი, თუ სააკაშვილი, არამედ მათ თავიანთი პრობლემები აწუხებთ. ამიტომ ოპოზიციამ, უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ხელისუფლებაზე უკეთ შეძლებს ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესების მართავს," - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია