კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის საოლქო კომისიამ 24 საჩივრიდან 6 დააკმაყოფილა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ნოემბერი 2020

ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის მეათე ოლქის საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღეს დაწერილი 24 საჩივარი განიხილა, საიდანაც მხოლოდ 6 დააკმაყოფილა.

საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, დაკმაყოფილდა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის 49-ე საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივარი, რომელიც გადასატან ყუთს ეხებოდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გადასატანი ყუთით 38 ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს მათი ხელმოწერის გარეშე.

,,საჩივრების განხილვამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ხმაური არ ყოფილა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. საჩივრების განხილვას დაესწრნენ ეუთოს დამკვირვებლები. სულ 24 საჩივარი იყო შემოსული და დაკმაყოფილდა 6. მათ შორის სოფელ კურდღელაურის 49-ე საარჩევნო უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,სამართლიანი არჩევნების” საჩივრები. აღნიშნულ უბანზე დაწერილი საჩივრები განვიხილეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაბათილდა გადასატანი ყუთის ბიულეტენები. ასევე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარესა და ორ წევრს საყვედური გამოუცხადეს. სხვა საჩივრები რომელიც დაკმაყოფილდა კომისიის მიერ, ეხებოდა ყვარლის ორ უბანზე ხელმოუწერელ ბიულეტენებს, კაბინაში ამომრჩველის კონვერტით შესვლას და ლაგოდეხის ერთ-ერთ უბანზე გადასატანი ყუთის დაულუქავად დაბრუნებას. დანარჩენები, რომლებიც არ დაკმაყოფილდა, ტექნიკური ხასიათის დარღვევებს ეხებოდა, რომელიც მაშინვე გამოსწორდა”,- განუცხადა Knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე განიხილეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მერვე და მეცხრე უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილი საჩივრები, რომელიც არ დაკმაყოფილდა. რევაზ გაიპარაშვილის თქმით, პარტიის წარმომადგენლები კომისიების თავმჯდომარეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვდნენ.

,,აღნიშნულ უბნებზე, გადასატანი ყუთის წაღების დროს, მეტი ბიულეტენი წაიღეს, ვიდრე გადასატან სიაში იყო ამომრჩეველთა რაოდენობა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან თუ დაზიანდა ბიულეტენი, კომისიის წევრს, რომელიც გადასატან ყუთს მისდევს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოცვალოს დაზიანებული ახლით. ამ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა. აღსანიშნავია, რომ ზედმეტი ბიულეტენები არ გამოყენებულა და გადასატან ყუთთან ერთად საუბნო კომისიაში დაბრუნდა”,– განაცხადა გაიპარაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია