შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ არ დაუჭირა მხარი ოზურგეთის 2019 წლის ბიუჯეტს "ნაციონალურმა მოძრაობამ"?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2018

დღეს გამართულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო განხილვა შედგა, ერთმანეთს სიტყვიერად ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დავით მჟავანაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე დაუპირისპირდნენ. 

ოპოზიციის წარმომადგენლის პროტესტი 24 მილიონ ლარად განსაზღვრული ბიუჯეტიდან, 10 მილიონი ლარის სახელფასო სარგოებისთვის გამოყოფას მოჰყვა, მათ შორის წინა წელთან შედარებით 131 ათასი ლარით გაზრდილ აიპების დაფინანსებას: "ყველა ის სიკეთე, რაც არის ამ ბიუჯეტში, გადაფარა იმ მანკიერმა მეთოდმა, რასაც ადგილი წინა წლებშიც ჰქონდა ადგილი. ეს გამოიხატება აიპიებში გაბერილ შტატებს, სადაც ძირითადად "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან დასაქმებულები. მაშინ როცა, ქვეყანაში გვყავს უამარავი სოციალურად შეჭირვებული და მძიმე ჯანმრთელობის მქონე ადამიანები, 24 მილიონიანი ბიუჯეტიდან, 10 მილიონი არ უნდა იხარჯებოდეს ძირითადად  პარტიული აქტივის შესანახად. 

ვეთანხმებით სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ბიუჯეტში გათვალისწინებულ პროექტებს, უმნიშვნელოვანესია ასევე გაზრდილი დაფინანსება ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის. ასევე, დადებითად ვაფასებ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის დაბრუნებას, ეს ის პროექტია, ქართული ოცნება მოსვლის დღიდან მახინჯ პროექტს რომ ეძახდა, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული. მაგრამ, ყველა ამ სიკეთეს ფარავს ხელფასებზე გამოყოფილი ძალიან სოლიდური თანხა. ამიტომ, ჩვენ, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ ვუჭერთ ბიუჯეტის ამ პროექტს"-განაცხადა დავით მჟავანაძემ. 

რასაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის სრულად გაუგებარი იყო, თუ რა გახდა ოპოზიციისთვის ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი: "ცოტა გაუგებარია, რატომ არ იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას "ნაციონალური მოძრაობა"

ღურჯუმელიძეს მჟავანაძემ უპასუხა, რასაც ხმამაღალი შელაპარაკება მოჰყვა. 

ცნობისთვის, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მომავალი წლის ბიუჯეტი 24 მილ 186 ათას 800 ლარს შეადგენს და ის შემდეგ პრიორიტეტებში გადანაწილდა: 
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 9 232 400 ლარით განისაზღვრა; პრიორიტეტი განათლება 4 000 000 ლარითაა წარმოდგენილი, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 035 900 ლარს შეადგენს, ხოლო სოციალური უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაცვა 1 695 500 ლარს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია