შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აკრძალული ნარჩენების კონტროლი თაფლში

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 დეკემბერი 2018

დღესდღეობით, თაფლი  ექსპორტზე ოფიციალურად არ გადის. 2016 წელს საქართველო შეიყვანეს მესამე ქვეყნების სიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი გახსნილია,

ამის გარდა, თაფლის ექსპორტის პოტენციალი არის სპარსეთი ყურის ქვეყნებსა და ამერიკაში. იმისათვის, რომ თაფლი გავიდეს ექსპორტზე, საჭიროა სტანდარტის დაკმაყოფილება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თაფლის უვნებლობა: თაფლში ანტიბიოტიკების, პესტიციდების, მძიმე მეტალებისა და სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

 

ბოლო წლებია თაფლის ლაბორატორიული ანალიზები აჩვენებს, რომ  მწვავედ დგას თაფლში ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა, რაც კეტავს გზას ექსპორტისთვის.

რა უნდა იცოდეს მეფუტკრემ:

-         პირველ რიგში, სამკურნალო ან პროფილაქტიკური პრეპარატი უნდა შეიძინოს ვეტ აფთიაქში და არა ჩვეულებრივ აფთიაქში, ვეტერინარის კონსულტაციით, სასურველია საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებთან კონსულტაციაც.

-         არ იყიდოს არაეტიკეტირებული პრეპარატი, რომელზეც არ არის მითითებული შემცველობა, მაგალითად, ცელოფანში ფხვნილები ან რაიმე შეკვრაში უეტიკეტო ხსნარი.

-         დააკვირდეს პრეპარატის ფარმაკოლოგიურ შემცველობას, რათა არ შეიცავდეს აკრძალულ ნივთიერებებს: მეტრონიდაზოლი, დიმეტრიდაზოლი, ნიტრომიდაზოლი, ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი, ნიტროფურანები, სულფატიაზოლი.

-         კარგად გაეცნოს ინსტრუქციას, თუ ვეტ აფთიაქში გამყიდველი ვერ აძლევს ინსტრუქციას, ან არ მოყვება პრეპარატს ინსტრუქცია, მიმართოს სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის საკონტაქტო უნდა ეწეროს ეტიკეტზე. თუ დაირღვა ინსტრუქცია, შეიძლება მკურანლობა არ იყოს ეფექტური ან მიიღოს უკუეფექტი. ინსტრუქცია გვეუბნება დოზირება რამდენი უნდა იყოს და ფუტკრის მოვლის რა პერიოდში უნდა მიიღონ პრეპარატი.

ერთი პრობლემაა, რომ ანტიბიოტიკებს აძლევენ ფუტკარს პროფილატიკისათვის ან სამკურნალოდ, ხოლო მეორე პრობლემაა, როცა ამ ანტიბიოტიკების ნარჩენები რჩება ფიჭაში და გადადის თაფლში,  რადგან სანთელი შეიძლება დაიბეჭდოს ფიჭად და გაიყიდოს სხვა მეფუტკრეებზე, ეს პრობლემა დღესდღეობით მწვავედ დგას. შეიძლება მეფუტკრემ საერთოდ არ მისცა აკრძალული პრეპარატი, მაგრამ შეიძინა დაბინძურებული ფიჭა და აქედან აღმოჩნდა მის თაფლში ანტიბიოტიკი.

2018 წლის 6 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო ორი დადგენილება დადგენილება #526 რომელიც თაფლში კრძალავს იმ ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ხოლო #525-ე დადგენილებით, იკრძალება ამ ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია, დადგენილებები ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. თუმცა, აქ არის გასათვალისწინებელი, რომ ვეტერინარულ ფარმაცევტულ ქსელში უკვე გასული ვეტერინარული პრეპარატების გაყიდვა დაიშვება ვეტერინარული პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვამდე, რაც ასე თუ ისე აფერხებს პრობლემის სწრაფად გადაწყვეტას.

არსებობს რისკები, რომ აკრძალული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები მოხვდეს ბაზარზე გარკვეული არაოფიციალური გზებით, ან მეფუტკრემ შეიძლება მიმართოს ჩვეულებრივ აფთიაქს და შეიძინოს ადამიანისთვის განკუთვნილი ანტიბიოტიკი ფუტკრის სამკურნალოდ, რაც დაუშვებელია და დიდ ზიანს მიაყენებს, როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობას, ასევე ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალსა და იმიჯს.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია