შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადამიანები რომლებიც მთელი წელი საკუთარ კერას არ ტოვებენ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 იანვარი 2019
შიდა ქართლში რამდენიმე სოფელში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მთელ წელს სახლში მარტონი ცხოვრობენ. ისინი მამა-პაპურ სახლს არ ტოვებენ. მათგან უმრავლესობას ნათესავები სხვაგან ჰყავს.  ნათესავებს და შვილიშვილებს მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ხედავენ. მათთან qartli.ge-მ ინტერვიუები სხვადასხვა დროს ჩაწერა.  ფარიზეთ თოთროევი - ერთ დროს ცხენით დადიოდა ღვანანას ხეობის სოფლებში. ჰყავდა ,,ვილისიც“, რომელიც კლდიან გზებზე დაემტვრა. თიბავდა 9-ნომრიანი ცელით. ახლა კვლავ უვლის საქონელს. მთელი ცხოვრება ძმას, დას და მათ შვილებს ეხმარებოდა. ამბობს, რომ სწორედ ძმის გამო არ დაოჯახდა. მის ბავშვებს დედა პატარაობიდანვე აღარ ჰყავდათ და მოვლა უნდოდათო. თბილისში ეკონომიური ფაკულტეტი როცა დაამთავრა, იმუშავა და შემდეგ დაბრუნდა სოფელში. ალიოშა ბესტავაშვილი და ნანული ხაჩიძე - ქარელიდან 15 კმ მანძილზე სოფელი სუქითი მდებარეობს. აქ ერთი ოჯახი ცხოვრობს. 81 წლის ალიოშა ბესტავაშვილი და 82 წლის ნანული ხაჩიძე 53 წელია ერთად არიან. დასახლება ტყის პირას, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზეა გაშლილი. რამდენიმე მიტოვებული სახლია. კომუნისტების პერიოდში 25 კომლი ირიცხებოდა. ამჯერად, ზამთარ-ზაფხულ მხოლოდ ერთი სახლიდან ამოდის ცეცხლის კვამლი. სოფელში არ არის დენი. ბაბულია გიორგაშვილი - სოფლის შესასვლელში მარტოხელა პენსიონერი, ბაბულია გიორგაშვილი ცხოვრობს. წარმოშობით, ქობესაანთუბნიდანაა და 20-წელზე მეტია უკვე კლდუშია. სახლი ვლადიკავკაზში წასული მარღიშვილებისგან იყიდა. ოჯახის უფროსი მარღიშვილები დაიხოცნენ. იმათი შთამომავლები კი, საქართველოში ვერ ჩამოდიან. ამის გამო, ბაბულია გიორგაშვილი სახლს ვერ იმტკიცებს. ვალოდია და ლიდა მაჭავარიანები - აფნისში 19 წელია ცოლ-ქმარი - ვალოდია და ლიდა მაჭავარიანები ცხოვრობენ. ისინი აფნისში რუსთავიდან ჩავიდნენ. წარმოშობით ხარაგაულიდან არიან. ვალოდია მაჭავარიანი აზოტის ქარხნის თანამშრომელი იყო. მათ აფნისში სახლი 1999 წელს იყიდეს და საცხოვრებლად გადავიდნენ. სირანა და ვენერა გაგლოევები - არჩილ გაგლოევი სამამულო ომში რომ წავიდა, სახლში 6 გოგონა დატოვა. ვენერა და სირანა გაგლოევების ოჯახი ერთ-ერთია იმ ოთხი ოჯახიდან, რომელიც შემორჩენილია ზემო ლეთეთში. კომუნისტების პერიოდის ბოლო წლებში 25 კომლი ირიცხებოდა. 90-იანი წლების დროს, განსაკუთრებით, კონფლიქტის დროს, ადგილობრივების უმრავლესობამ სოფელი დატოვა. ნინა კოზმანაშვილი - ერთი თვის წინ, თებერვლის ღამეს, 75-წლის ნინა კოზმანაშვილს არტერიულმა წნევამ აუწია. მეზობლის ქალმა პულსი გაუზომა. სამედიცინო აპარატმა საგანგაშო სიგნალი აჩვენა - პულსი 200-ზე ზევით იყო ასული. (ნორმა 120). მაშინვე დაურეკეს სასწრაფო სამედიცინო ცენტრს. ექიმებმა განუცხადეს, იქნებ როგორმე ხევამდე ჩამოიყვანოთ, ხომ იცით მანქანა თქვენ სოფლამდე ვერ ამოვაო. 75-წლის ქალი სოფელში ერთ შვილთან, გოგოსთან ერთად ცხოვრობს. შვილმა ხელი ჩაკიდა დედას და ფარნის გარეშე ხევამდე ფეხით ჩავიდნენ. უკუნით სიბნელეში ტალახიან გზას იკვლევდნენ. გზა ნალექის დროს წებოვანია. აღმართზე ასვლა უფრო ადვილია, ვიდრე - ჩამოსვლა, ფეხი ცურდება. ასე ჩამოვიდნენ ხევამდე. მაშიკო ელბაქიძე - 84-წლის მაშიკო ელბაქიძე 25 შვილიშვილსა და შვილთაშვილს გაზაფხულამდე ვერ ნახავს. ამბობს, რომ საკუთარი მონაგარიდან ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა, ნაწილი - დედაქალაქში. 10 შვილიდან 5 გოგო დარჩა. ვაჟები, სხვადასხვა მიზეზით, ადრეულ წლებში დაეღუპა. მთელი დღე შინაურ ფრინველებს უვლის. ყურძენიც თავად დაწურა, მეზობელიც კი, არ შეაწუხა - ყველას თავის საქმე აქვსო. დღესდღეობით, სოფელში მის გარშემო სახლების დიდი ნაწილი დაკეტილია, თითქმის ყველა მათგანი შემოდგომის მიწურულს იხურება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია