შიდა ქართლი
.„ზოგჯერ მიეცით ბავშვებს საშუალება, იდარდონ“ - როგორ გადავლახოთ პანდემიის მძიმე წელი
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
01 ივნისი 2021
კორონავირუსის გამოჩენიდან
ძალიან მალე ბავშვები მოწყდნენ ჩვეულ სოციალურ გარემოს და
განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდნენ. დაიხურა სკოლები, ბაღები,
უმაღლესი სასწავლებლები, სპორტული და სახელოვნებო წრეები. ყველას
ყურადღება თავიდან ფიზიკური ჯანმრთელობისკენ იყო მიპყრობილი, თუმცა
დროსთან ერთად გაჩნდა შეკითხვაც - როგორ იმოქმედებს იზოლაცია და
პანდემიური გარემო ბავშვების ფსიქიკურ
ჯანმრთელობაზე.
ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ მათი შვილებისათვის ფიზიკურ
ჯანმრთელობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მათი გონებრივი განვითარებაა,
ამისთვის კი გარემოსთან და თანატოლებთან ურთიერთობა
გადამწყვეტია.
პროფესიით ინკლუზიური პედაგოგი
და ორი შვილის დედა ნათია ტორონჯაძე
ამბობს, რომ მისი შვილებისათვის ბუნებასთან,
ცხოველებთან და თანატოლებთან კონტაქტი ყველაზე ჯანსაღი გარემოა, რასაც
პანდემიამ ხელი ძალიან შეუშალა.
„ვცდილობ, რომ შევუქმნა მშვიდი, ნაკლებად სტრესული გარემო, სადაც
ჯანსაღი ურთიერთობები ექნება სხვა ბავშებთან. სანამ პანდემია
დაიწყებოდა, სკოლისა და ბაღის შემდეგ, ხშირად დამყავდა ბავშვთა
გასართობ ცენტრებში, სკვერში, სხვადასხვა წრეებზე და მეგობრებთან.
სამწუხაროდ, მოგვიწია შეგვემცირებინა გადაადგილებისა და ურთიერთობების
არეალი“, - გვიყვება ნათია ტორონჯაძე.
ნათია იხსენებს, რომ ყველაზე სტრესული პირველი თვითიზოლაცია იყო.
ხუმრობს, რომ კორპუსის ბინის რამდენიმე ოთახში დროის გაყვანა ისე, რომ
ოჯახის ყველა წევრი კმაყოფილი ყოფილიყო, საკმაოდ გაუჭირდათ.
„ ჩემი შვილებისთვის ძნელი აღმოჩნდა სოციალურ გარემოსთან ურთიერთობის
გაწყვეტა. გაჩნდა უდიდესი პრობლემა. დაკარგეს განვითარების თითქმის 1
წელი. გახდნენ ასოციალურები, მიჯაჭვულები სხვადასხვა გაჯეტზე.
თანატოლებთან ურთიერთობა დააკლდათ, რაც მათ განვითარებაზეც აისახა.
მორცხვები და გაუბედავები გახდნენ, რადგან არ იციან სოციუმში მოქცევის
წესები. „კომენდატის საათმაც“ ხელი შეუწყო და გაართულა საქმე. გარეთ
გასასეირნებლად და განტვირთვის დროს წამდაუწუმ საათის ყურება, რომ არ
დაგაგვიანდეს კომენდატის საათამდე, ჯარიმის გამო, რაც სოლიდური
თანხაა, საკმაოდ სტრესულია.“
ორი შვილის დედა წუხს რომ მის ბავშვებს ქცევის დარღვევასთან ერთად
დაერღვათ ძილისა და კვების რეჟიმიც, რაც ცხოვრების ჩვეული რიტმიდან
ამოვარდნამ გამოიწვია. სახლში გამოკეტილი ბავშვები ახლა უფრო მეტად
გახდნენ ტელევიზორზე და სხვადასხვა ელექტრონულ თუ კომპიუტერულ
მოწყობილობაზე მიჯაჭვულები.
„უფროსი მეორე კლასს ისე ამთავრებს, სკოლაში ფაქტობრივად არ უვლია.
ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი, იმდენი სიკეთე შეიძლებოდა ესწავლა
სკოლაში სიარულით თანკლასელებთან და მასწავლებელთან ურთიერთობით,
მაგრამ ფაქტია, ბავშვმა სკოლის შესწავლა, შეყვარება და შეგუება ვერ
მოახერხა. პროგრამულადაც შეგვექმნა პრობლემა.ონლაინ გაკვეთილილებით
დაწყებით კლასებში რა განათლება მიიღება აბა?! პატარა ბაღის
აღსაღზრდელია. ბავშვებთან თამაში და გართობა უნდა, სამყაროს და
სოციუმის შეცნობა და ამ ყველაფერზე ხელი არ გვეწყობა. ასეა ყველა.
მარტო ჩემი პრობლემა არაა ვხვდები მაგრამ პირადად ჩემი ტიკივილი
ნამდვილად არის“, - გვეუბნება ნათია.
ბევრი პრობლემის მიუხედავად, მაინც ფიქრობს რომ პანდემიისას შინ
ყოფნას ერთი დადებითი მხარეც ჰქონდა. დროის 100% ოჯახის წევრებმა
ერთად გაატარეს და ერთმანეთთან ურთიერთობის დანაკლისი
აინაზღაურეს.