შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვე სასამართლოში ჩივილს აპირებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 იანვარი 2019
ნატალია ვლასოვა ერთ–ერთია იმ ექვს მეეზოვეს შორის, რომელსაც 31 დეკემბერს „კეთილმოწყობის“ სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირაკლი კურტანიძე ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მომავალი წლის იანვრიდან აღარ იმუშავებდა. მიზეზი კი ის იყო, რომ ვლასოვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულდება. ირაკლი კურტანიძეს რომ მეეზოვესთან ამის გამო კონფლიქტი ხშირად მოსდიოდა, ამაზე თავად ვლასოვაც საუბრობს: „ირაკლის სულ პრეტენზია ჰქონდა, ნაგავი ყრიაო. არადა ოთხ უბანს ვგვიდი და 250 ლარს ვიღებდი მხოლოდ. ამ ოთხი უბნიდან ერთ–ერთი „ადინაცატების“ დასახლება იყო, დაღმართის ჩათვლით. სამ დრეში ერთხელ უნდა ამეკრიფა ნაგავი, ჩამოვყვებოდი ხოლმე დაღმართს და ვკრეფდი. ერთ ჯერზე ორ „მეშოკ“ ნაგავს ვაგროვებდი და ყველა მანქანას, ვინც კი ნაგავს გადმოყრიდა, ბუნებრივია, ვერ გავეკიდებოდი“. ვლასოვა ამბობს, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის ასრულებდა, თუმცა ხელმძღვანელ პირებს მასთან მუდმივად კონფლიქტი ჰქონდათ: „ირაკლი კურტანიძეს სულ პრეტენზია ჰქონდა, უნდოდა იმაზე მეტი მეკეთებინა, რაც არ მეკუთვნოდა. ამაზე ვდაობდით ხშირად“. ყოფილი მეეზოვე ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ: „10 წელი ვმუშაობდი მანდ. იციან რომ ძალიან მიჭირს, ამის გამო ჩემი ერთი შვილი სოციალურმა სამსახურმა მინდობით აღზრდაში გაიყვანა. ამიტომ სასამართლოში უნდა ვიჩივლო, ოღონდ მხოლოდ იმის გამო კი არა, რომ სამსახური მინდა, არამედ იმისთვის რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო“. შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დასუფთავების უფროსი მეეზოვეებს მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო მართლაც ხშირად საყვედურობდა. „რაზე შეიძლება მოუვიდეს კონფლიქტი დასუფთავების სამსახურის უფროსს მეეზოვესთან?! ბუნებრივია, მხოლოდ იმაზე, რომ არ იყო დაგვილი ის ტერიტორია, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. ამის გამო ხშირად იღებდნენ საყვედურს და გაფრთხილებას“, – აცხადებს შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორი კობა კურტანიძე. მისი თქმით, იმის გამო, რომ ხშირად ქუჩების ნაწილი დაუგველი იყო, „კეთილმოწყობის“ სამსახურს დასაგველად მობილური ჯგუფები გამოჰყავდა: „იმ მობილურ ჯგუფს თავისი საქმე აქვს საკეთბელი, არ გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ ვიღაცის შეუსრულებელი საქმის გამო, ქუჩები ამათ ვალაგებინოთ“. როგორც კურტანიძე აცხადებს, წლის ბოლოს, მაშინ როცა ხელშეკრულებებს ვადა გასდიოდა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ სამსახურში ის თანამშრომლები, რომლებიც საქმეს არ აკეთებდნენ, აღარ დაეტოვებინა: „დამთავრდა სახელშეკრულებო წელი და რატომ უნდა ავიყვანო ის თანამშრომელი, რომელიც მასზე დაკსირებულ მოვალეობებს არ ასრულებდა?! ამისი არანაირი ვალდებულება არ მაქვს“. იურისტის ეკა აბაშიძის თქმით, საქართველოს შრომის კანონდებლობის მიხედვით, ის ვინც სამსახურში 30 თვეზე მეტ ხანს მუშაობს, მასთან უვადო ხელშეკრულებები ფორმდება, ამდენად ის, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და აღარ აგრძელებ, არგუმენტი ვერ იქნება: „რაც შეეხება საყვედურებს, თუ ეს წერილობით არ არის გაფორმებული და მეეზოვეების პირად საქმეში არ არის შეტანილი, მაშინ ასე სიტყვიერად მეც ვიტყვი, რომ „კეთილმოწყობაში“ თავისიანების დასაქმება უნდათ და ამ ხალხს იმიტომ ათავისუფლებენ“. ახალციხეში, შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურიდან ექვსი მეეზოვე 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 61 მეეზოვეა. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია