გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე პეტრე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე სინოდის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 იანვარი 2019

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია - მსოფლიო პატრიარქმა 5 იანვარს ტომოსს ხელი მოაწერა. ტომოსის ტექსტი კი უკვე ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი.

აღნიშნულ საკითხზე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უკრაინის ეკლესიის სიხარულს იზიარებს და აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მისი პოზიცია უცვლელია.

„საეკლესიო სამართლის მიხედვით, როდესაც სახელმწიფო მოიპოვებს დამოუკიდებლობას, მას ასევე ეკუთვნის ეკლესიური დამოუკიდებლობა და უკრაინელმა ერმა ეს გზა განვლო, ნამდვილად მისალოცია, მე პირადად ვიზიარებ ამ სიხარულს უკრაინული ერისა, ეს არის სიხარული, რომელიც ჰქონდათ 100 წლის წინ ჩვენს წინაპრებს, ეს არის სიხარული, რომელიც შემდგომში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა კათალიკოს- პატრირქის კალისტრატეს დროს გაიზიარა ასევე 43 წელს, როდესაც რუსეთს მოუწია აღიარება ჩვენი ავტოკეფალიისა, ეს არის სიხარული 1990 წლისა, როდესაც ასევე ტომოსი გადმოგვცა მსოფლიო საპატრირქომ და სცნო ჩვენი მრევლი, ავტოკეფალია. უწმინდესმა კირიონმა ქართველ ერს მიულოცა მაშინ თავისუფლება და ის, რომ ამიერიდან ქართველი ერი აღარ არის მონა, არამედ, არის აზნაური და აღნიშნა, რომ ეკლესიური მონობა არის დიდი უბედურება და ტრაგედია ერისათვის. სწორედ უკრაინელმა ერმა მოიპოვა ეს თავისუფლება და ვფიქრობ, რომ ღვთის ხელი ურევია უკრაინის ერის ამ ბედნიერ მოვლენაში“, - აღნიშნავს მეუფე.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებით, სასურველია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა მოიწვიოს, რათა მოხდეს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა:

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სინოდის სხდომაზე ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან ტომოსი ჯერ არ გვქონდა მიღებული, შესაბამისად ტექსტიც იყო უცნობი, ასევე, სხვა ეკლესიების პოზიციაც ძალიან მნიშნელოვანი იყო ჩვენთვის, დღეს ვისურვებდი, რომ საქართველოს ეკლესიის საგანგებო, რიგგარეშე წმინდა სინოდის სხდომის მოწვევა მოხერხდეს, მართლმადიდებლური სამყაროსთვის ეს იმდენად მნიშნელოვანი მოვლენაა, რაც აღესრულა უკრაინის ავტოკეფალიის სახით, რომ კარგი იქნებოდა რიგგარეშე სინოდი იქნეს მოწვეული და იქ განვიხილოთ ეგ საკითხი და დავდგეთ სიმართლის მხარეს და ვადიდოთ უფალი“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია