2021 წლის 11 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ყვარლის ევროკლუბს ეწვია და მისი დაარსებიდან 2 წლის საიუბილეო ღონისძიება გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები: ნიდერლანდების, ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთის და ნორვეგიის ელჩები და ესპანეთის საელჩოს ატაშე საქართველოში.
ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის, „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს“ (EU NEIGHBOURS east) მხარდაჭერით დაარსდა. მისი დამაარსებელი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ნიკა გურინია, რომელმაც თავის მშობლიურ ქალაქში მოქალაქეთა გაძლიერების სურვილით, ახალგაზრდული სადისკუსიო სივრცე გახსნა დევიზით – „ილიას გზით ევროპისკენ“. დღეს, ევროკლუბი ასევე აერთიანებს ფრანგულ კუთხეს და ამერიკული წიგნების თაროს, რომელიც „ამერიკული კუთხეების“ ქსელის ნაწილია.
ყვარლის ევროკლუბის მთავარი მიზანი დასავლური ღირებულებების გავრცელება და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებაა. დღეს, ევროკლუბს 1200-ზე მეტი პირდაპირი ბენეფიციარი ჰყავს, რომელთაც უკვე ისარგებლეს ინგლისური ენის უფასო კურსებით, პროფესიული გადამზადების კურსებით, ღია ბიბლიოთეკებით და მონაწილეობა მიიღეს აქტივიზმის კინოკლუბის დისკუსიებში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროკლუბის გამოცდილების გაზიარება და მსგავსი სივრცეების გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც იგეგმება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის წარმომადგენელ ახალგაზრდებსა და მათ თანატოლებს შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქსელის მიზანია მოსახლეობის უკეთ ინფორმირება ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხზე, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა უკეთესი მომავლისათვის.