რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზეა“ წარდგენილი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს. ფილმი ასევე გაიგზავნება კანდიდატ ფილმად „ოქროს გლობუსზე“.
„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა.
„მეოთხე ბრაიტონის“ მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ერთ-ერთი თანაპროდიუსერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელი საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ხუთგზის მსოფლიო და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“ ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
წელს „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სამი ქართული ფილმი იბრძოდა: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე; „პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია; „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩია. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: მერაბ ნინიძე, ნანა ექვთიმიშვილი, დეა კულუმბეგაშვილი, კონსტანტინე ჩლაიძე, გიორგი ოვაშვილი, რატი ონელი, ლევან კიტია, ვლადიმერ კაჭარავა, ალექსანდრე გაბელია, გიგიშა აბაშიძე, ია სუხიტაშვილი, ირაკლი სოლომანაშვილი, მარიამ ჭაჭია და თამთა გაბრიჩიძე.