ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით ყვარელში, სოფელ გრემში სოციალური მეწარმეობისა და ორგანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიო ღვინის და წვენების წარმოება დაიწყეს.
პროექტს სოციალური საწარმო „თემი“ ახორციელებს, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: მეღვინეობა, მემინდვრეობა, ველოტურიზმი, ხილის წვენის საწარმო, ბოსტანი, საქათმე, საფუტკრე, სადურგლო. ესტონეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და ესტონელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარებით.
,,სოციალურმა საწარმომ შეიძინა სპეციალური დანადგარი და დაიწყო ორგანული წვენების წარმოება, შეიქმნა დამატებით 9 სამუშაო ადგილი, რამაც ხელი შეუწყო თემის ბენეფიციარების ფინანსურ დამოუკიდებლობასა და აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ესტონეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის პრიორიტეტს ასევე სოფლის მეურნეობის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნაში DCFTA სტანდარტების დანერგვაში”, – განუცხადა knews.ge -ს პროექტის წარმომადგენელმა ნინო კარანაძემ.