კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდა – არის თუ არა მზად მოსახლეობა და ბიზნეს სექტორი ცვლილებებისთვის?

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 იანვარი 2019

2019 წლიდან მუნიციპალიტეტებისთვის სავალდებულოა ეტაპობრივად საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება. ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა ყველა მუნიციპალიტეტმა მიიღო და დაამტკიცა.

წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტი ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. თვითმმართველი ერთეულების გარდა, გეგმის მიხედვით, მეწარმეებს, ბიზნეს ოპერატორებს და მოქალაქეებს ნარჩენების დახარისხებულად გატანა მოუწევთ, თუმცა ამ ეტაპზე მესამე სექტორი და მოსახლეობა მზად არ არის.
ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრი ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ მეწარმეებისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ნარჩენების სეპარირებულად გატანაა, რადგან სოფლებში არ არის ურნები ნაგვის დასახარისხებლად.
,,ნაგვის გატანა სეპარირებულად მეწარმეებისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რადგან არ არის შესაბამისი ურნები, რომ დავახარისხოთ. სოფლებში საკმარისი ურნებიც კი არ დგას, რომ მოსახლეობამ გაიტანოს და ჩაყაროს. ჩვენი ძალებით ვცდილობთ, დავახარისხოთ და ისე გავიტანოთ ნარჩენი‘’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო გოგოლაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები მეწარმე მარიამ დარჩიაშვილი სხვადასდვა სახის ნარჩენს თავად ახარისხებს. ის ნარჩენების სეპარირების მნიშვნელობაზე მეწარმეებისა და ბიზნეს ოპერატორების ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს.
,,ამ მიმართულებით მეწარმეების ინფორმირება ძალიან მნიშვნლოვანია. მე მაქვს ხოლმე შუშის, პლასტმასის და სხვა სახის ნარჩენები გასატანი, მიუხედავად იმისა, რომ არ დგას ნაგვის შესაბამისი ურნები, სადაც დახარისხდება, მე სხვადასხვა ტომარაში თავად ვახარისხებ და ისე გამაქვს ურნასთან’’,- აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას მარიამ დარჩიაშვილი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ნარჩენების დახარისხებაზე ინფორმაციას არ ფლობს. დედოფლისწყაროში მცხოვრები სოფო ჯეთერიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ სეპარირებისთვის საჭირო ურნების განთავსებასთან ერთად, მოსახლეობას ამასთანავე დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
,,ამ კუთხით აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება. მარტო ნაგვის ურნების დადგმა თუნდაც ნარჩენების დახარისხებისთვის არაფერს შეცვლის. ყველა ასაკობრივ ჯგუფს ამ საკითხზე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმისთვის, რომ ყველამ გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ.’’
გარემოს დაცვის ექსპერტების თქმით, პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტებმა უნდა დაიწყონ აქტიური მუშაობა, ააწყონ სეპარირების სისტემა, ამასთანავე იზრუნონ მოსახლეობის ინფორმირებასა და ამ მიმართულებით საჯარო მოხელეების გადამზადებაზე.
კახეთის რეგიონში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორი კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ნარჩენების მართვის გეგმა მოიცავს მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ, შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს, მუნიციპალური ნარჩენების, მათ შორის, ბიოდეგრადირებადი და შეფუთვის ნარჩენების, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.
,,ნაჩენების მართვის გეგმაში გაწერილია განსახორციელებელი აქტივობები, ღონისძიებები, ნარჩენის შეგროვების და ტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის, ასევე სეპარირების საკითხები. გეგმა 2017 წელს დაამტკიცა ყველა საკრებულომ და შესაბამისად ეს არის უკვე მათთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი. აღნიშნული გეგმები შემუშავდა პროექტის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’ (WMTR), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ჩართულობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) ფინანსური მხარდაჭერით’’,- განუცხადა knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის მიხედვით, ჯამში უნდა დაიხარჯოს 1 მილიონ 430 ათასი ლარი.
,,აღნიშნული დოკუმენტი გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის მხრივ არსებულ სიტუაციას. გასულ წელს დაიხარჯა 306 ათასი ლარი სხვადასხვა ღონისძიებების გასატარებლად, ხოლო 2019 წელს იგეგმება 406 ათასი ლარის დახარჯვა. საერთო ჯამში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვების სერვისი შეზღუდულად მიეწოდება 54 ათას 370 ადამიანს. გარდა ამისა, გეგმის მიხედვით, 2018-22 წლებში გაწერილია 1500 ნაგვის ურნის და 8 მანქანის შეძენა. აქედან 6 სპეცმანქანის და 2 მცირე ზომის მანქანის, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალს დაასუფთავებს ყოველდღიურ რეჟიმში‘’, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია