კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 მარტი 2022

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან.

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებას, მშობელმა სკოლაში უნდა შეავსოს შესაბამისი მიმართვის ფორმა, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი შეაფასებს ბავშვს და მის საგანმანათლებლო საჭიროებებს დაადგენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრირებული ბავშვების დოკუმენტები მშობლებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, შესაძლებლობა ექნებათ, ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა: და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

IV ეტაპი 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია