გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი ინფრასტრუქტურა ადგილზე 1 000 ტონა პროდუქციის შენახვის შესაძლებლობას იძლევა.
კომპანია „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 3,8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 500,000 ლარი გრანტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 3 მლნ ლარს შეადგენს.
აგროჰოლდინგი აერთიანებს კომპანიებს, რომელთა საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით იტალიური ჯიშის 4 სახეობის სუფრის ყურძენია გაშენებული, სადაც 2022 წელს 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
კომპანიის მიზანია ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოოს ბიზნესი, ჩაანაცვლოს იმპორტი და განავითაროს ექსპორტი.
აღსანიშნავია, რომ აგროჰოლდინგი USAID-ის ხელშეწყობით სუფრის ყურძენის მოყვანისა და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს.
ადგილზე 60 ადამიანია დასაქმებული.