შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არ აანთოთ შუქი, არ გამოიყენოთ სახლის ტელეფონი – სპეციალისტის რჩევები გაზის გაჟონვისას

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2019
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბუნებრივი აირით მოწამვლის შემთხვევები ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობით ხდება.ახალციხეში, შპს "ინტერგაზის" ტექნიკური ინჟინერი გიორგი ნასყიდაშვილი აბონენტებს ურჩევს, რომ გაზის სუნის შემჩნევის შემთხვევაში, პირველ რიგში აუცილებელია ფანჯრების გაღება და სახლში შემომავალი ბუნებრივი აირის ონკანი გადაკეტვა."ბინაში გაზის სუნის შემჩნევისას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ გაზის ხელსაწყოების ხმარება. არ უნდა გამოიყენოთ სახლის ტელეფონი. არ უნდა აანთოთ ელექტრო ენერგია და თუ ჩართულია რაიმე, მისი გამორთვა არ უნდა ცადოთ. უმთავრესია, რომ კომპანიაში დარეკოთ და ჯგუფი გამოიძახოთ",– განმარტავს ნასყიდაშვილი.მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ყველა ოჯახში, იქ სადაც გაზის გაყვანილობაა ან გამათბობელი დგას, ბუნებრივი და მხუთავი აირის მაღალსტაბილურ კომპლექსურ დეტექტორს დავაყენებთ. მისი საშუალებით ადვილად გავიგებთ ჟონავს თუ არა აირი.კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ თავის დაზღვევის მიზნით, აუცილებელია გამათბობლის დაყენებიდან, დაახლოებით 4–5 სეზონის გასვლის შემდეგ, მოწყობილობა ლიცენზირებული სპეციალისტის მიერ გაიწმინდოს, დამუშავდეს და ახლად დაყენდეს."ყურადღება უნდა მიექცეს გაზის ხელსაწყოების, საკვამლე და სავენტილაციო არხების ნორმალურ მუშაობას. ზამთარში პერიოდულად უნდა შემოწმდეს სავენტილაციო და საკვამლე არხების სათავსები, რათა არ მოხდეს შემოყინვა და დაცობა".გიორგი ნასყიდაშვილი აღნიშნავს, ხშირად მოქალაქეები გამათბობელს თვითნებურად ამონტაჟებენ, რაც დაუშვებელია – "გვაქვს ხოლმე გამოძახებები, როდესაც გამათბობელში გაზის მილის ნაცვლად რატომღაც წყლის მილია შეერთებული და ამ დროს გაზის სისტემაში ხვდება წყალი. ეს ნამდვილად დაუშვებელი პროცესია და მოქალაქემ თვითნებურად ან არალიცენზირებული ხელოსნის მიერ ბუნებრივი აირის ბინაში არ უნდა დაამონტაჟოს".სამცხე–ჯავახეთში ბუნებრივი აირით 110 დასახლებაში სარგებლობენ. მათგან ექვსი მუნიციპალიტეტის ცენტრია, სადაც მოსახლეობა, როგორც კერძო, ასევე მრავალსართულიან ბინაში ცხოვრობს. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია