კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თიხაში გაცოცხლებული თოჯინები - ნატო იმედაშვილის შემოქმედება [Photo]

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აპრილი 2022
პანდემიის დროს, როდესაც ბევრი ადამიანის მსგავსად, ბევრი თავისუფალი დრო გაუჩნდა, თოჯინების შექმნა გადაწყვიტა.
ამბობს, რომ თოჯინები ყოველთვის მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, ამიტომ საახალწლოდ თოვლის პაპებსა და სხვადასხვა სათამაშოებს აკეთებდა.

პროფესიით სელექციონერ-გენეტიკოსი ნატო იმედაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ცხოვრობს. თავისი პროფესიით დასაქმებული არასდროს ყოფილა, ამჟამად „იუსტიციის სახლის" გურჯაანის ფილიალში მუშაობს.

თოჯინების შესაქმნელად სამუშაო მასალას თავადვე ამზადებს.  ნაკეთობის თითოეულ დეტალს დამუშავება სჭირდება, რაც არც თუ ისე მარტივი, მაგრამ სასიამოვნო პროცესია. ნატოსთვის ეს რთული სამუშაო დღის შემდეგ ერთგვარი განტვირთვაა.

„პანდემიის პერიოდში, როცა ბევრი თავისუფალი დრო გამიჩნდა, ვცადე ნაჭრის რამდენიმე  თოჯინის გაკეთება, რომელსაც სახეც და ხელებიც ასევე ნაჭრის ქონდა.

შემდეგ ინტერნეტში მოვიძიე მეთოდი, რითაც შესაძლებელი იყო თოჯინისთვის სახის და ხელების, ან სულაც მთლიანი სტატუის დამზადება. ეს მასალაა პოლიმერული თიხა, რომლის შეძენაც შესაძლებელია მზა სახით, ასევე არსებობს შინაურ პირობებში დამზადების სხვადასხვა მეთოდი, ცალკეული ინგრედიენტების გამოყენებით. მე ვიყენებ ჩემ მიერ დამზადებულ თიხას, ასევე ე.წ. "ცივ ფაიფურს" , რომელსაც თვითონ ვამზადებ საჭმელი სოდისგან და კარტოფილის ან სიმინდის სახამებლისგან. ნაჭრის თოჯინის დამზადებას შესაძლებელია დასჭირდეს 1-2 დღე, თიხის ან ფაიფურის თოჯინის დამზადებას შეიძლება დასჭირდეს 5-6 დღიდან 1 თვემდე,“ - გვიყვება ნატო.

მისი ნამუშევრების პირველი შემფასებლები ოჯახის წევრები და თანამშრომლები არიან, რომელთა აზრიც ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

წელს პირველად გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში, სადაც იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა მოეწყო, მისი 4 თოჯინა იყო წარდგენილი და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ნატო იმედაშვილი სამომავლო გეგმებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა სურვილი აქვს, დიდი მონდომებისა და შრომის შედეგად შექმნილი მისი ნაკეთობები ბევრმა ადამიანმა ნახოს.

თოჯინები, რომლებსაც ქმნის, გასაყიდად ჯერ ვერ გაიმეტა, მაგრამ ამბობს, რომ შეიძლება ამაზეც დაფიქრდეს.









დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია