შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ კერძო კომპანიაში დირექტორის პოზიცია დატოვა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2019
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა შესაბამისი დოკუმენტები საჯარო სამსახურის ბიუროში დღეს, 22 იანვარს გაგზავნა. მან ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის დეკემბერში შეავსო, სადაც წერს, რომ არის სააქციო საზოგადოება „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორი. გარდა ამისა, გუბერნატორის მოადგილე კიდევ ერთი კომპანიის, შპს „არომა ტის” დირექტორი და 10%- იანი წილის მფლობელიცაა, ასევე, შპს “ამირში” 12%-იანი წილი ეკუთვნის. "დეკლარაციაში მითითებულ ორგანიზაციებს არასდროს არ უმუშავია, შესაბამისად, არც შემოსავალი მქონია, ამიტომ ვიფიქრე, რომ კანონიც არ დამირღვევია. არცერთია მოქმედი კომპანია, ანუ რაიმე შემოსავალი არ დამიფარავს. გამომრჩა, რომ დირექტორის პოზიციაზე არ უნდა ვყოფილიყავი. ეს ხარვეზი უკვე გამოსწორებული მაქვს, დირექტორი აღარ ვარ. კომპანიებს კი სადაც 10–12%–იანი წილი მიფიქსირდება, საერთოდ გავუუქმე რეგისტრაცია. ამის შესახებ, წერილი შესაბამისი დოკუმენტების დართვით გავუგზავნე საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსაც“, – გვითხრა ბერძენიშვილმა. როგორც თავად ამბობს, დეკლარაცია პირველად შეავსო, ამიტომ ყველა დეტალი ვერ გაითვალისწინა: „აქამდე საჯარო მოხელე არ ვყოფილვარ, სახელმწიფო კომპანიებში ვმუშაობდი და დეკლარაციები არ მეხებოდა. აქამდე ერთხელ მაინც რომ ჩამებარებინა დეკლარაცია, ეს არ გამომეპარებოდა“.შალვა ბერძენიშვილის საქმეს 2019 წელს „შესამოწმებელი დეკლარაციების შემრჩევი კომისია“ განიხილავს. დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ელგუჯა მაკალათია ამბობს, რომ მიმდინარე წელს შესამოწმებელი 607 დეკლარაციაა, ამიტომ როდის განიხილავენ ბერძენიშვილის დეკლარაციას ჯერ არ იციან. „თუ დარღვევის ხარისხი ისეთია, რომ სავარაუდოდ დანაშაულთან გვაქვს საქმე, მაშინ დეკლარაცია სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნება. თუ დეკლარაციაში არასწორი და არასრული შევსების ფაქტია, ამ შემთხვევაში ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დაჯარიმებაზე. ვაჯარიმებთ დეკლარანტს თავისი ხელფასის 20%–ის ოდენობით. თუ დარღვევის ხარისხი არაარსებითია, მაგალითად თუ არის ცდომილება საბანკო ანგარიშში, ფართში და ა.შ. ამ შემთხვევაში დაჯარიმების ნაცვლად გამოვცემთ გაფრთხილების აქტს“, – ამბობს მაკალთია. მისი თქმით, სპეციალური კომისია თვეში დაახლოებით 67 დეკლარაციას შეამოწმებს. ერთი დეკლარაციის განხილვის ვადა კი სამი თვეა.შეგახსენებთ, რომ დეკლარაციაში არსებულ კანონდარღვევაზე ინფორმაცია„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა. „ბერძენიშვილს აღნიშნული აქვს, რომ სააქციო საზოგადოება „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც წარმოადგენს კანონდარღვევას - საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი არ შეიძლება საჯარო სამსახურს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელობას უთავსებდეს“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია