ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კულტურის სამინისტრომ სარეკომენდაციო საბჭოს სამი კანდიდატურა წარადგინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მასთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა - რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა,
ინფორმაციისთვის, ზესტაფონის და სენაკის თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა.
ახალი დებულების თანახმად, დასანიშნ კანდიდატურას საბჭო შეარჩევს და კულტურის მინისტრს წარუდგენს.
სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსათვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.