საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია პარლამენტმა 111 ხმით მიიღო.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, რეზოლუციის პროექტის ტექსტის გაცნობამდე, კოლეგებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას. მისივე განცხადებით, საქართველომ ბოლო ათწლეულში მყარი საფუძველი შექმნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის.
„ბოლო დღეებში და დღესაც, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ ახსენა, რომ საჭიროა სამოქმედო გეგმის შექმნა და თითქოს საქართველოს არ აქვს გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაცია. მიკვირს, განსაკუთრებით იმ კოლეგებისგან, ვინც კარგად იცით ევროკავშირი“, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება კარგად აცნობიერებს, რა სირთულეებს თუ გაბედულ ნაბიჯებს უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზა.
„სამწუხაროდ, მიუხედავად მისი ამბიციური შინაარსისა, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე დიდ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, ასოცირების შეთანხმება არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ცალმხრივი პროცესი არ არის“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
მისი თქმით, დღეს, როდესაც უკრაინის მიმართ ხორციელდება რუსეთის სრულიად გაუმართლებელი აგრესია, ევროკავშირის მხრიდან აშკარაა ერთსულოვანი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაა.
„ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული პოლიტიკური ჟესტი, თავისთავად აჩენს შესაძლებლობის ფანჯარას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში დაჩქარდეს. თუმცა, ამავდროულად ისიც ცხადია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წესები არ შეცვლილა და ამისათვის საჭიროა ყველა ეტაპის წარმატებით გავლა. იმისათვის, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ პირველ რიგში, გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჭირო მხარდაჭერა გვქონდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, დროული იქნება, თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადის პარალელურად, საქართველოს პარლამენტი თავის მხრივ კიდევ ერთხელ გაახმოვანებს საქართველოს სურვილს, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში კარგ საფუძველს შექმნის ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან სამუშაოდ, რომ გვქონდეს საჭირო მხარდაჭერა“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, სადაც გაჟღერებულია ის ძირითადი გზავნილები, რაც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება.
რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.
ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით.
რეზოლუციის პროექტის გაცნობის შემდეგ დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს, რომელიც ძირითადად, რედაქციულ ხასიათს ატარებდა რეზოლუციის პროექტის ცალკეულ პუნქტთან დაკავშირებით.