შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდები წელსაც ლიგაში დარჩენას ეცდებიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2019
რეგიონის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდი ბორჯომის საფეხბურთო კლუბი „ბორჯომია“, რომელიც კაცთა ეროვნული ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონში (ლიგა 3) ასპარეზობს. გუნდმა 38 მატჩში 61 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი დაიკავა. „ბორჯომის“ მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ შედეგით კმაყოფილია, რადგან მეშვიდე ადგილის დაკავებით გუნდი მომავალ წელსაც ლიგა 3–ში იასპარეზებს: „ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე სეზონს წარმატებულად ვაფასებ, ჩვენი მიზანი პირველ 10 გუნდში მოხვედრა იყო, მარტში ახალი სეზონი იწყება და 20 გუნდის ნაცვლად 10 გუნდი დარჩა, მათ შორის ჩვენც. ახალ სეზონში მიზანი ზედა ხუთეულში მოხვედრა იქნება“.კლუბ „ბორჯომში“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან რვა მოწვეული ფეხბურთელი ირიცხება, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი კობა თედიაშვილი ამბობს, შარშან მცირე ფინანსებით ადგილობრივი ორგანიზაცია დაეხმარა: „ორგანიზაციამ ავტომობილი, ტელევიზორი და ვიდეოკამერა შეგვიძინა მატჩების გასარჩევად, ეს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა“. გარდა ამისა, გუნდი „ლიგა 3“–ში მონაწილეობისთვის ფეხბურთის ფედერაციის „ფეხბურთის განვითარების ფონდისგან“ 200 000 ლარს ფეხბურთელების ხელფასებისა და პრემიებისთვის ყოველი სეზონის დასაწყისში იღებს.საფეხბურთო სეზონი სამცხე–ჯავახეთიდან კიდევ ორმა გუნდმა, ბორჯომის „თორმა“ და ახალციხის „მესხეთმა“ დაასრულეს, თუმცა ბორჯომის „ბორჯომისგან“ განსხვავებით, „თორი“ და „მესხეთი“ ეროვნული ჩემპიონატის უფრო დაბალ, რანგით უკანასკნელ ლიგაში ასპარეზობდნენ.ორივე გუნდის მიზანი პროფესიული ფეხბურთის ბოლო, რეგიონალურ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, რადგან გამოვარდნის შემთხვევაში გუნდები დაფინანსების ერთადერთ წყაროს, ტურნირში მონაწილეობისთვის „განვითარების ფონდის“ მიერ გამოყოფილ 50–50 ათას ლარსაც დაკარგავდნენ. ცამეტ გუნდიან ჩემპიონატში ახალციხის „მესხეთმა“ თორმეტ შეხვედრაში 11 ქულა მოიპოვა და 11–ე პოზიცია დაიკავა. ბორჯომის „თორმა“ კი 15 ქულით 10–ე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე გუნდი ახალ სეზონსაც ამ რეგონალურ ლიგაში დაიწყებს.„ამ ფინანსებით მეტ წარმატებას ვერ მივაღწევთ, 60 000 ლარი რომ მქონდეს, ზედა ლიგაში (ლიგა 3) აღვზევდებოდით და ფინანსური მდგომარეობაც გამოსწორდება“ – გვიყვება საფეხბურთო კლუბ „მესხეთის“ მწვრთნელი გელა მაისურაძე და ამატებს, რომ აღნიშნული თანხის გამოყოფა მუნიციპალიტეტის მერს ზაზა მელიქიძეს რამდენჯერმე თხოვა.იგივე პრობლემის წინაშეა ბორჯომის გუნდიც. საფეხბურთო კლუბ „თორის“ მთავარი მწვრთნელის განმარტებით, გუნდის მიზანი მომავალ წელსაც რეგიონალურ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება: „გვაქვს მოლაპარაკებები მუნიციპალიტეტის მერიასთან და იმედი გვაქვს, რომ ფეხბურთელებისთვის ხელფასს გამოგვიყოფენ, საკმარისი ხელფასის არქონის გამო, ფეხბურთელები სხვა ქალაქებიდან ვერ მოგვყავს და გუნდში მხოლოდ ადგილობრივი, ბორჯომელი ბიჭები თამაშობენ“.ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ამბობს, რომ მათ ბიუჯეტის ფულით დახმარება არ შეუძლიათ, თუმცა გუნდებს სპონსორის მოძებნაში ეხმარებიან: „არ შეგვიძლია, რომ ფეხბურთელებს ხელფასი გამოვუყოთ, ხელფასს მათთვის ფეხბურთის განვითარების ფონდი გამოყოფს. ამჟამად გუნდს სპონსორის ძებნაში ვეხმარებით და სავარაუდოდ მათი დამფინანსებელიც მალე გამოჩნდება“.მერის მოადგილის თქმით, ფეხბურთის მოყვარულებისთვის დადებითი სიახლე ის არის, რომ ფედერაციასთან ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის საკითხი განიხილება: „ფედერაციასთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, თუ შეთანხმება შედგა, სტადიონის ინფრასტრუქტურა განახლდება და მოწესრიგდება“.ახალციხის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის ევა იველაშვილის განმარტებით, საფეხბურთო კლუბის დაფინანსებისთვის კლუბთან მემორანდუმი უნდა არსებობდეს: „თუ ბიუჯეტში შესაბამისი მემორანდუმის საშუალებით ან რაიმე სხვა შეთანხმების ფარგლებში, პროგრამული ბიუჯეტის თანხა არაა გათვალისწინებული, შეუძლებელია საფეხბურთო გუნდი დაფინანსდეს“.საფეხბურთო კლუბ „მესხეთის“ მთავარი მწვრთნელის გელა მაისურაძის განმარტებით კი კლუბს მერიასთან მემორანდუმი გაფორმებული არ აქვს.ლიგა 3 და რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე გუნდები ახალ სეზონს, უცვლელი მიზნებით მარტის თვეში დაიწყებენ.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია