შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ რეაგირებენ ბავშვის მიმართ ძალადობაზე ახალციხეში [Video]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2019
ბავშვის ოჯახის წევრების ვერსიით, გოგონა 22 იანვრის დილას, საკუთარ საწოლში, დედის გვერდით გარდაიცვალა. მეზობლები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ ამ ოჯახში ოთხი წლის გოგონასა და კიდევ ერთ, ექვსი წლის ბიჭზე ოჯახის წევრები მუდმივად ძალადობდნენ. მეზობლებმა ექვს იანვარს ოჯახში ბავშვებზე ძალადობის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, გოგონა სამართალდამცველებმა საავადმყოფოში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, დედას კი პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, დედა სამართალდამცველებმა სწორედ შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს. გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქიძე ამბობს, რომ ბავშვი ძალადობისგან სახელმწიფოს უნდა ეხსნა, რადგან შესაბამის უწყებებს ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ: „ამ საქმეში როგორც ჩანს, მეზობლებმა ამ ბავშვის საქმეზე მიმართეს შესაბამის უწყებებს, სოციალური მომსახურების სააგენტომ იცოდა შემაკავაებელი ორდენის შესახებ, სისტემამ დაინახა ბავშვი, რომელიც იყო ძალადობის მსხვერპლი და განმეორებადი ძალადობის რისკის ქვეშ, მაგრამ შედეგად მაინც მივიღეთ ტრაგედია. აქ უდაოდ არის საკითხი, რომ სისტემამ ვერ შეასრულა თავისი როლი და ფუნქცია – არ ეყო ცოდნა, არ ეყო კოორდინაცია და მგრძნობელობა“. მელიქაძე პრობლემას ხედავს ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების გულგრილობაშიც: „ბავშვის მიმართ ძალის გამოყენება საქართველოში მიღებული კულტურული და სოციალური ნორმაა, რასაც არაერთი კვლევა აჩვენებს. ძალიან სუსტია რეპორტირების სისტემაც, მოქალაქეებს არ სურთ, რომ ჩაერიონ ოჯახურ საქმეებში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, ხშირად არ მოქმედებენ, რადგან ისინიც იგივე ღირებულებების მატარებლები არიან,“ – ამბობს მელიქაძე.მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა: „პრობლემურია შემთხვევების დროული გამოვლენა და დაცვის ღონისძიებების გადაუდებელი განხორციელება. დღემდე კრიტიკულად მცირეა სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების რაოდენობა; შესაბამისად, არასაკმარისია მათი ჩართულობა, კვალიფიციური მხარდაჭერა და ეფექტიანი დაცვის ღონისძიებები, მათ შორის თანამშრომლობა შესაბამის უწყებებს შორის". რას ფიქრობენ ბავშვის აღზრდისას მის ფიზიკურ დასჯაზე, ამ შეკითხვით ახალციხის ქუჩებში მოქალაქეებს მივმართეთ. მათი უმრავლესობა, ცემას დაუშვებლად მიიჩნევს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ „თუ დააშავა, უნდა მოარტყა კიდეც“. ახალციხელებს ვკითხეთ ისიც, თუ როგორ რეაგირებენ ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე. ადგილობრივი ნუნუ მერაბიშვილი გვიყვება, რომ ახლობლებსა და მეზობლებში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების შესახებ ხშირად სმენია: „ბევრჯერ გამიგია, რომ ბავშვები მიუტყეპიათ, შინაურულად ვცდილობ დაველაპარაკო და მოვაგვარო, მაგრამ პოლიციაში არასდროს დამირეკავს, რა ჩემი საქმეა“.ახალგაზრდა დედა ნანა ლეკიშვილი ამბობს, რომ ბავშვების ცემის შესახებ ხშირად სმენია და მოძალადე მშობლებისთვის ამასთან დაკავშირებით რჩევაც არაერთხელ მიუცია: „ვეუბნები უფროსებს, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ მათი ფსიქიკა სხვანაირია და ვერ იგებენ. ისევ ასე აგრძელებენ“. მარიამ ხითარიშვილი 39 წელია სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ამბობს, რომ ბავშვზე ძალადობის ფაქტს არასდროს შესწრებია და თუ შეესწრო ეცდება პრობლემის მოგვარებაში თავად ჩაერთოს: „39 წელია პედაგოგად ვმუშაობ და არასდროს არათუ ფიზიკური, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია მოსწავლისთვის. შვილიც არასდროს მიცემია... მაგრამ ხანდახან გვიქნია, ბავშვი მიგვიტყეპია, თუმცა ცემა სისულელეა, ნამდვილ ძალადობას არასდროს შევსწრებივარ. რომ შევესწრო ვერ მოვითმენ და პირდაპირ მივალ ოჯახში, თუ ვერ ვუშველი შემდეგ შესაბამის უწყებებსაც მივმართავ“. ბავშვთა ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი მაია ცირამუა ბავშვთა მიმართ ძალადობას ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს და ამბობს, რომ სიღარიბე პირდაპირ კავშირშია ძალადობასთან. იგი გამოსავალს ოჯახის გაძლიერების პროგრამებში ხედავს: „კოპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ამ ტიპის ოჯახებთან მთელი მულტიდისციპლინური გუნდი უნდა მუშაობდეს, ოჯახის გაძლიერება მხოლოდ სამსახურით უზრუნველყოფას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ამ ადამიანების სოციალური ფუნქციონირების ხელშეწყობას და მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას“. საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ კვლევა ბოლოს UNICEF–ის მიერ, 2013 წელს ჩატარდა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში საზოგადოების 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და თვლის, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვი „გაფუჭდება“. გამოკითხულთა 30% კი აღნიშნავს, რომ ბავშვობაში მათი მშობლები რეგულარულად იყენებდნენ მათ მიმართ ფიზიკურ ძალას. ამასთანავე, საზოგადოების თითქმის 60% ფიქრობს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდები არაძალადობრივზე უფრო ეფექტურია.ბავშვის გარდაცვალების საქმეს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით იძიებს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია