შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსწავლეები საატესტატო გამოცდების გაუქმებას დადებითად აფასებენ

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2019
განათლების სამინისტროს ბრძანებით წელს მე-11 კლასის, ხოლო 2020 წლიდან მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდები უქმდება. ატესტატს სკოლა აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.


ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოცდების გაუქმებას დადებითად აფასებენ. გიორგი რაქვიაშვილის განმარტებით, ამის შემდეგ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას უფრო მეტ დროს დაუთმობენ.
„გამოცდების გაუქმებას დადებითად ვაფასებ. ჩემი აზრით, ის დამატებითი ტვირთი იყო ჩვენთვის. მივესალმები ასევე, ეროვნულ გამოცდებზე განხორციელებულ ცვლილებებს. ამოიღეს უნარები, რაც ძალიან გამიხარდა. ეს საგანი სკოლაში არ ისწავლებოდა და თავისთავად გვჭირდებოდა მომზადება. გარდა ამისა, უფრო მარტივადაც ჩავაბარებთ, რადგან გამოცდების რაოდენობა შემცირდა.“


ნატო ზარდიაშვილის თქმით, გამოცდების გაუქმებას გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე.
„ცალსახად გამიხარდა მეტერთმეტე კლასის გამოცდების გაუქმება. თუმცა მინდოდა, გარკვეულწილად, დარჩენილიყო. რაც აქამდე მქონდა ნასწავლი, მინდოდა იმის შედეგი დამენახა. ამ შემთხვევაში, რადგან გამოცდები მოიხსნა, ეროვნულისთვის უფრო კარგად მოვემზადები. ორიენტიირებული ვიქნები იმ საგნებზე, რაც მინდა, რომ ჩავაბარო.“


გურჯაანის რესურსცენტრის ხელმძღვანელს დალი მინდიაშვილს, იმედი აქვს, რომ ამგვარი ცვლილებებით სკოლებში სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება.
„წელს მეტერთმეტე კლასის გამოცდებს ჩააბარებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც გასულ წელს კატის გამოცდებზე წარუმატებლები იყვნენ. რაც შეეხება მეთორმეტე კლასს, აქ 2020 წლიდან უქმდება. აქცენტი გადავა უკვე სწავლების ხარისხის გაზრდაზე. სრული ზოგადი განათლების ხარისხს მოსწავლეების მიერ კონკრეტულ საგნებში მირებული ნიშნები განსაზღვრავე. ნებისმიერი აქტივობა, ნებისმიერი გამოცდა უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს - შედეგის გაუმჯობესებას. საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართული ადამიანები და გარეშე პირებიც, ბოლო პერიოდში, ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ამ ფორმატში ჩატარებულ კატის გამოცდებს ის შედეგი არ აქვს, რაც უნდა ჰქონოდა. თუ ბავშვს, სწავლა უნდა და სკოლაში ინტენსიურად დადის გამოცდების მოხსნა მის მოტივაციას ვერ დაასუსტებს.“


მისივე თქმით, ცვლილება შევიდა ეროვნულ გამოცდებშიც. 2020 წელს ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.
„ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. სიახლე ისიც, რომ აბიტურიენტის მიერ არჩევით საგანში მიღებული წარუმატებელი ქულა გრანტზე აღარ იმოქმედებს.“


შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სავალდებულო იქნება სამი საგანი: ქართული ენა-ლიტერატურა, უცხო ენა და სპეციალიზირებული საგანი. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში - ისტორიას. რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა უკვე მიიღეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია