შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გალელები იზოლაციის წინააღმდეგ და დე ფაქტო დეპუტატის იმედად [ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2019
გალელებს, რომლებმაც საპროტესტო გამოსვლის მიუხედავად რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციისგან სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, ახლა მხოლოდ გალის ე.წ. დეპუტატის იმედი აქვთ.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა კახა პერტაიამ გალის საარჩევნო ოლქიდან აფხაზურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უშუამდგომლებს მოქალაქეებს ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან, რათა პრობლემები კანონის გზით მოგვარდეს.

გალელები ითხოვენ ენგურის ხიდზე მოძრაობის ორმხრივად აღდგენას. ასევე მათზე, ვის ე.წ. აფხაზურ პასპორტებსაც ვადა ამოეწურა, დაჩქარებული წესით გასცენ ახალი. ამ მოთხოვნით გალის ე.წ. ადმინისტრაციასთან 23 იანვარს აქციაც გამართეს, მოგვიანებით კი დე ფაქტო თავმჯდომარეს თემურ ნადარაიას გაესაუბრნენ.

შეხვედრა ე.წ. ადმინისტრაციის უფროსთან. ფოტო: "გალ ინფო"

„ხალხი ნადარაიასგან შეხვედრიდან გამოვიდა საერთოდ უიმედოდ. თქვენ პასპორტს არასდროს არ მიიღებთ, რადგან თქვენ არ ხართო აქაური მოქალაქეები. იმას თავისი პრინციპები აქვს, რომ ჩვენ რაც შეიძლება შეგვავიწროვონ. ახლა პერტაიას ველოდებით. ის ყოველთვის ახერხებდა ჩვენს დახმარებას და ახლაც გვჯერა მისი“, - ამბობს „ლაივპრესთან“ სატელეფონო საუბარში გალში მცხოვრები რესპონდენტი, რომლსაც უსაფრთხოების დაცვის მიზნით ვინაობის გამხელა არ სურს.

გალის დე ფაქტო მაჟორიტარი დეპუტატი, კახა პერტაია. ფოტო: სოციალური ქსელი

თავის მხრივ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი ირწმუნება, რომ სოხუმი გალელებისთვის პასპორტების გაცემაზე თანხმობას არცერთ შემთხვევაში არ გასცემს. ასეთი განცხადება თემურ ნადარაიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა, რომლის ამსახველ ვიდეომასალას გალის ტელევიზია ავრცელებს:

„იმას, რასაც თქვენ ითხოვთ, ჰქვია ორმაგი მოქალაქეობის დაშვება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ანუ, ერთდროულად იყოთ როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის მოქალაქეები. ასეთ რამეს სოხუმში არცერთი სახელმწიფო მოხელე არ იტყვის“, - განმარტა მან.

დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა მოქალაქეებს ასევე უთხრა, რომ ენგურის ხიდზე შეზღუდვები მხოლოდ H1N1 გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ექიმების რეკომენდაციით დააწესეს. განმარტა, რომ უშვებენ გამონაკლის შემთხვევებსაც:

თემურ ნადარაია. ფოტო: "გალ ინფო"

„ჩვენ ვატარებთ ავადმყოფ ხალხს. მათ ვისაც ქიმიოთერაპია სჭირდება, ვისაც C ჰეპატიტი აქვს. ასევე, ვატარებთ სტუდენტებსაც“, - განაცხადა თემურ ნადარაიამ.

თავის მხრივ, გალელი რესპონდენტი კი ამბობს, რომ პრობლემები ექმნება მათაც, ვისთვისაც დე ფაქტო მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა. ავადმყოფებს აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსასვლელად ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა სჭირდება და ასევე ნებართვის დოკუმენტი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. ეს კი საკმაოდ დიდ დროსთან არის დაკავშირებული:

„ისეთი რიგებია სუს-თან და საავადმყოფოს მთავარ ექიმთან, ახლოს ეზოსთანაც ვეღარ მიხვალ“, - ამბობს გალის მცხოვრები.

„ლაივპრესის“ რესპონდენტები ენგურის ხიდის გამო გალის ბაზარში ფასების ზრდაზეც ჩივიან. მოქალაქეები ამბობენ, თუ უახლოეს პერიოდში გადაადგილების უფლება არ მიეცათ, საპროტესტო გამოსვლებ განაახლებენ.

ენგურის ხიდი კარანტინის შემდეგ. ფოტო: "ლაივპრესი"

ენგურის ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია უკვე მეთოთხმეტე დღეა. ორმხრივად გადაადგილების უფლება ეძლევათ მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს. დე ფაქტო მთავრობამ თავდაპირველად დაანონსა, რომ ხიდზე კარანტინი 2 თვეს გასტანდა, თუმცა გალელები იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მალე შეიცვლება.

თავის მხრივ, დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავს თბილისი და მოუწოდებს გადახედოს გადაწყვეტილებას.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია