შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგანგებო სიტუაციების სამსახური: დროებით გადაცემული სახანძრო მანქანები ზუგდიდს დაუბრუნდება

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 თებერვალი 2019
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ზუგდიდის საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ზაზა ანდრიაძის პრეტენზიებს პასუხობენ, მანქანების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის თაობაზე. „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ავტოპარკი ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელიც მუდმივად განიცდის როტაციას. ამიტომაც, ის, რომ ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურში შესაძლოა დღეს არ იდგეს კონკრეტული მანქანა, არ ნიშნავს, რომ უკან აღარ დააბრუნებენ.

პრესსამსახურის განმარტებით, როტაციის საფუძველზე შესაძლოა ზუგდიდშიც სხვა მუნიციპალიტეტის ტექნიკა ვიხილოთ, რაც ბუნებრივია და ამ პროცესში რაიმე ქვეტექსტების ძებნა წარმოუდგენლად მიაჩნიათ. მათივე თქმით, ზუგდიდის სახანძრო სამსახურის ბალანსზე ირიცხება სახანძრო-სამაშველო მანქანები, თუმცა ტექნიკის გადაადგილებაც აპრობირებული მეთოდია, რადგან საბოლოო ჯამსი საქმე გვაქვს ერთიან ავტოპარკთან.

„ასე, რომ, ხვალ იქნება თუ ზეგ, ეს მანქანები ზუგდიდში აუცილებლად დაბრუნდება. შესაძლოა, გადაადგილება უკავშირდებოდეს ორ ფაქტორს. ერთი - კონკრეტული დავალება, იმისთვის, რომ შესაძლოა რომელიმე სხვა რეგიონს, ან ქალაქს სჭირდება დახმარება, და მეორე - სიტუაციის შესწავლის, ან მაღალი რისკიდან გამომდინარე კონკრეტულ ლოკაციაზე ხდებოდეს დამატებითი მანქანების გადასროლა.

ეს იმდენად შიდა საკითხია, რომლის ქვეშაც ქვეტექსტების ძიება აბსოლუტურად წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ ეს მანქანები არის ერთიანი ავტოპარკის საკუთრება. ეს არ უკავშირდება იმას, რომ მანქან რომელიმე მუნიციპალიტეტს ჩამოერთვა, ან ის აღარ დაბრუნდება“, - უთხრეს „ლაივპრესს“.

რაც შეეხება შარშან ხელმძღვანელი პირების, მათ შორის თამაზ უბილავას გათავისუფლებას, განმარტეს, რომ მან ეს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, თამაზ უბილავას სურდა საერთოდ დაენებებინა საქმისთვის თავი, თუმცა მენეჯმენტის თხოვნის შემდეგ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამბობენ, რომ ეს თანამშრომელი ძალიან ღირებულია მათთვის და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს:

„თამაზ უბილავა კიდევ დიდხანს იქნება ჩვენს სისტემაში, რადგან ის არის ერთ-ერთი პროფესიონალი კადრი“.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებების შემდეგ მუშაობის ხარისხის კლებას, სახანძრო-სამაშველო სამსახურში ამ პრეტენზიას არ ეთანხმებიან. ამბობენ, რომ ახალი ხელმძღვანელი, გოჩა მურღულია ასევე გამოცდილი თანამშრომელია, და რომ არაფერი სმენიათ სამსახურებრივი შეფერხების შესახებ. ან იმაზე, რომ ეს სამსახური თავს ვეღარ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას.

საკრებულოს წევრის, ზაზა ანდრიაძის ინფორმაციით, ზუგდიდიდან რამდენიმე სახანძრო მანქანა სხვა მუნიციპალიტეტებს ჯერ კიდევ 2017 წელს გადასცეს. მანვე აღნიშნა, რომ სახანძრო სამსახური დღეს ისე ვერ მუშაობს, როგორც წლების მანძილზე.

თუ რა სახის და ოდენობის ტექნიკას ფლობს საგანგებო სიტუაციების სამსახური სამეგრელო-ზემო სვანეთში, მასალა „ლაივპრესმა“ შარშან, იანვარში გამოაქვეყნა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია