კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაიცანით ახალგაზრდა მასწავლებელი თელავიდან

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 სექტემბერი 2022

თელავში მცხოვრები 23 წლის ნინი ბოჭორიძე თელავის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობს.

ახალგაზრდა ამბობს, რომ მასწავლებლობა ბავშვობიდან სურდა. ამ მიზნის მისაღწევად კი ბევრი იბრძოლა და შედეგსაც მიაღწია. knews.ge გთავაზობთ ინტერვიუს, რომლის საშუალებითაც უკეთ გაიცნობთ აქტიურ მოქალაქეს და ახალგაზრდა მასწავლებელს.

– გაგვეცანი და მოგვიყევი შენი პროფესიის შესახებ

მე ვარ ნინო ბოჭორიძე 23 წლის, საჯარო მმართველობის მაგისტრი/მასწავლებელი. მასწავლებლობა ჯერ კიდევ ჩემი მოსწავლეობის პერიოდიდან მსურდა, როდესაც ვუყურებდი იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩემს სწავლა-განვითარებაში ჩართულნი. შემდეგ იყო ბაკალავრი და მაგისტრატურა და პარალელურად, ახალგაზრდული მუშაკობა, რომელმაც აქტიურად გადამაწყვეტინა ახალგაზრდებთან მუშაობა. მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი გასაღები სწორედ ახალგაზრდები და მათზე დახარჯული დრო და რესურსია. მასწავლებლობა ჩემთვის სრულებით ახალია, ვარ სამოქალაქო განათლების სერტიფიცირებული მასწავლებელი. სულ რამდენიმე თვეა შევეჭიდე ამ საპასუხისმგებლო პროფესიას. ამჟამად ვარ პირველი კლასის დამრიგებელი და არჩევითი საგნის ,,მდგრადი განვითარების მიზნები” მასწავლებელი. მნიშვნელოვანია, რომ მიწევს ურთიერთობა როგორც სკოლამდელ ბავშვებთან, ტრანზიციის პროგრამის ფარგლებში, ასევე დაწყებით და საშუალო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებთან.

-როგორ ფიქრობ რატომ არის მნიშვნელოვანი შენი საქმე?

სკოლაში მუშაობა თავდაპირველად ადმინისტრაციაში დავიწყე, ჩავიბარე იმ სკოლის ადმინისტრაცია, რომელშიც ვსწავლობდი. თავდაპირველად, ჩემი მიზანი სწორედ იმ დანაკლისის შევსება იყო, რაც მე სკოლაში მქონდა. ჩემი ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში აქტიურად ვაზიარებდი მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროექტებს, შესაძლებლობებს, კონკურსებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, დავგეგმეთ სკოლის შიდა უკუკავშირის პროექტი, რაც თავისთავად დირექციის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ოცნების, მასწავლებლობის ასრულება, რადგან ერთია გარედან რას ვაკეთებ მოსწავლეებისთვის და მეორე რას მივცემ მათ გაკვეთილზე.
ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი თაობის ამ პროფესიაში ყოფნა. ჩვენს ბავშვებს ინოვაციები, სიახლეები, სასწაულებით სავსე სასკოლო ცხოვრება სჭირდებათ, სადაც მთავარი ბავშვია და არა ნივთები, სადაც სიმშვიდე და თანასწორობა სუფევს.

როგორ გესმის სიტყვა “მასწავლებელი”- რა იქნება შენებური განმარტება?

მასწავლებელი ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც პირველი მხარდამჭერია ბავშვის. ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს საკუთარ მასწავლებელთან საუბარი, ნებისმიერ თემაზე, გულის გადაშლა, ემოციებად დაღვრა და დახმარების თხოვნა. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ მე ბავშვის მეგობარი ვარ, რომელიც ნებისმიერ დროს უნდა ეგულებოდეს.

როგორია შენი ერთი საგაკვეთილო პროცესი?

ჩემი საგაკვეთილო პროცესი თავისუფალ და თანასწორ გარემოს გულისხმობს, სადაც ყველა იდეას აქვს არსებობის უფლება, სადაც ყველა ბავშვი და აზრი მნიშვნელოვანია, სადაც ხარ ის, ვინც ხარ.

როგორია შენი და ბავშვების ურთიერთობა?

ჩემი და ბავშვების ურთიერთობა მეგობრობას გულისხმობს, რა თქმა უნდა, აქ განხვავდება ასაკობრივი კატეგორიები და მიდგომები. ბავშვებთან ურთიერთობისას ყოველთვის გოეთეს სიტყვები მახსენდება „თუ ადამიანს ისე მოვექცევით, როგორ მოპყრობასაც იმსახურებს, ის, რაც იყო, იმადვე დარჩება, მაგრამ თუ ისე მოვეპყრობით, როგორიც უნდა იყოს და შეუძლია, რომ იყოს, მაშინ სწორედ ასეთ ადამიანად გადაიქცევა.

რას ურჩევდი მასწავლებლებს?

ვფიქრობ, ამ ეტაპზე თავს ვერ მივცემ უფლებას, რამე ვურჩიო მასწავლებლებს, მაგრამ მაინც გამოვარჩევ ერთს, რომ ყველა ბავშვი აღვიქვათ პიროვნებად, მოვუსმინოთ და მნიშვნელოვნად აღვიქვათ მათი წუხილი, დარდები და გამოცდილება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია