ევრობარომეტრის (Eurobarometer) ახალი კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა დადებითად არის განწყობილი ევროკავშირის ბოლო ქმედებების მიმართ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით.
კერძოდ, ევროკავშირის ათი მოქალაქიდან 8-ზე მეტი (82%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ქმედებები რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა (83%) ფიქრობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ განახლებად ენერგიაში ინვესტირებას უფრო აქტუალურს ხდის. მათი 87% მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, როგორიცაა მილსადენები და ინტერნეტ კაბელები, ხოლო 83% ეთანხმება იმას, რომ ელექტროენერგიის ფასი გაზის ფასზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
რესპონდენტები მასიურად ამბობენ (85%), რომ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ მათ მსყიდველუნარიანობაზე გავლენა იქონია. 56% ეთანხმება, რომ ბოლო დროს ფასების ზრდა ძირითადად რუსეთის აგრესიული ქცევით არის განპირობებული, ხოლო 38% არ ეთანხმება.
გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ევროკავშირის მიერ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გატარებული ღონისძიებები დადებით გავლენას მოახდენს, 18% – უარყოფით გავლენას და 22% – არანაირ გავლენას არ მოახდენს.
თავად რესპონდენტებმა უკვე მიიღეს ზომები, ენერგიის მოხმარებისა და შესაბამისი გადასახადების შესამცირებლად, ან ამისთვის მზად არიან, კერძოდ, იგულისხმება შუქის გამორთვა ოთახის დროებით დატოვებისას (77%,[1]), ელექტრონული მოწყობილობების გამორთვა, როდესაც ისინი არ გამოიყენება (62%) და ოთახის ტემპერატურის შემცირება (58%).
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები მოქალაქეების მხრიდან მყარი მხარდაჭერით კვლავ სარგებლობს. ევროპის მოქალაქეები მასობრივად ემხრობიან ჰუმანიტარული დახმარების გაწევას (88%), რასაც მოჰყვა ომს გარიდებული ადამიანების მიღება (82%). ათი რესპონდენტიდან შვიდი ემხრობა ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მთავრობის, კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ (71%), ისევე როგორც უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას (70%). მოქალაქეთა უმრავლესობა ასევე ეთანხმება რუსული მედიის აკრძალვას (63%) და უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის შესყიდვასა და მიწოდებას (59%).
ევრობარომეტრის (Eurobarometer) საგანგებო გამოშვება „ევროკავშირის რეაგირება ენერგეტიკულ კრიზისზე“ ჩატარდა 27 წევრ ქვეყანაში 2022 წლის 23-დან 30 ნოემბრამდე. ონლაინ გამოკითხულია 26 337 მოქალაქე.