შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მწყობრიდან გამოსული ჯაპანა-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი-ჩინური კომპანია 25 მილიონით დაჯარიმდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 თებერვალი 2019

ქვეყანაში მშენებარე წითელი ხიდი - სარფის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ჯაპანა- გრიგორეთის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც ჩინური კომპანიების მიერ თითქმის დასასრულსაა მისული, მწყობრიდან გამოვიდა და გამოუსადეგარია.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ავტობანის ამ მშენებარე მონაკვეთის ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამ აცნობა.

მოსახლეობის მტკიცებით, ყველა მილხიდი, რომელიც ამ მონაკვეთზეა, გადასასვლელი, შესასვლელი თუ შემოსარები, დაბზარული და გაღუნულია.

მიზეზად ადგილობრივები მთელს მონაკვეთზე ტორფიან ნიადაგს ასახელებენ, რის გამოც გრუნტის შესაბამისი გამაგრება მშენებლობის დროს არ მოხდა და აშენებული კონსტრუქციები ნელ-ნელა დაბლა იწევს.

ადგილობრივების მტკიცებით, მშენებლები აქ არაფერ შუაში არ არიან, უბრალოდ პროექტირება იყო არასწორი და არ იყო გათვალისწინებული პროექტში ამ მონაკვეთის თავისებურება, ტორფიანი ნიადაგი.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები და ოფიციალური პირები თავს იკავებენ განცხადებებისაგან, მილხიდები და სპეციალური გადასასვლელები  დაბზარული, დაღუნული და დაბლა დაწეული რომაა, ეს  ერთი ნახვითაც აშკარაა.

არაოფიციალურ საუბრებში საქმეში ჩახედული პირები გვეუბნებიან, რომ ეს ყველა მილხიდი, რაც ამ 35 კილომეტრიან მონაკვეთზეა, ბეტონის კონსტრუქციებით, დასაშლელი და ხელახლა გასაკეთებელია, რაც ქვეყანას, რომელმაც ამ მონაკვეთის ასაშენებლად უცხოეთიდან დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა, ზურგზე დიდ ტვირთად დააწვება.

თუმცა, ადგილობრივ გლეხობას ამაზე მეტად ის ფაქტი ადარდებთ, რომ დაწეული ხიდების გამო მეორე მხარეს დარჩენილი საყანე ფართობებით უკვე მეორე წელია ვერ სარგებლობენ და მეტიც, საქონელიც კი ვეღარ გადის საძოვრებზე, რადგან დაწეული ხიდების ქვეშ წარმოქმნილ ღრმულებში წყალი მუდმივადაა, თავად ეს ღრმულები კი უკვე იმ სიღრმეებზეა მეორე მხარეს გასვლაც შეუძლებელია, ზაფხულში კი, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იმდენად ყარს, რომ ახლომახლო დგომაც კი შეუძლებელია.

თუ რა პოზიცია აქვს ჯაპანა-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩინური კომპანიების მხრიდან დაშვებულ შეცდომებსა და ადგილობრივებისთვის შექმნილ პრობლემებზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ კითხვით ჩვენ მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მივმართეთ, მისი განცხადებით, კომპანიებმა ამის გამო სოლიდური ჯარიმები გადაიხადეს და ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრაზეც საკუთარი ფინასნსებით აგრძელებენ მუშაობას:

„სამწუხაროდ, ზოგადად გურია საკმაოდ ჭაობიანი ადგილია, რთული გრუნტებით არის გამორჩეული. აქ საინჟინრო გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია და როგორც კი გეოლოგიური პროცესი მოგვცემს სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას ამ ნაწილშიც ეს გვირაბებები იქნება მოწესრიგებული, ისეთი სახით, რომ ისინი არ იყვნენ ჩაძირულები წყალში და მოსახლეობას მიეცეს ნორმალურად ცხოვრების საშუალება, იქ სადაც ასეთი მაგისტრალური გზების გაყვანა ხდება.

ავტომაგისტრალის არის სულ ოთხი ლოტი, აქედან ერთ-ერთზე მუშაობს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“, რომელიც სწორედ იმის გამო, რომ დროულად ვერ ჩააბარა შესრულებული სამუშაოები და იქ ბევრი რამ მოხდა გაუთვალისწინებლად, დაჯარიმდა საკმაოდ სოლიდური თანხით. სულ 25 მილიონზეა საუბარი. ასევე, ის საკუთარი ხარჯებით ასწორებს აღნიშნულ  მონაკვეთს, მიმდინარეობს გასასვლელების მოწყობა. “-გვითხრა მინისტრმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია