მკვლელობა ქრისტეს სახელით!
უჩვეულო რამ მოხდა 15 თებერვალს - "ღმერთი მოწყალეა, ჟამი ახლოს არს და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოვემზადოთ ამ საიდუმლო დღისთვის, გარდაცვალებისთვის”... ესა სწორედ უჩვეულობა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის 15 თებერვლის ქადაგება. ლამის მთელი დღე ვუკირკიტეთ ამ სიტყვებს მე და ჩემმა მეგობარმა. ისიც კი ვთქვი, სიზმარი ნახა ალბათ ცუდი და ამის მოწმეებიც მყავს. შემიძლია მიმოწერაც გამოვაქვეყნო. საღამოს კი დეკანოზის ამბავი შევიტყვე.
მანამ საპატრიარქოს წარმომადგენელი, ორი უმეცარი არსება, სხვა სიტყვებს ვერ გამოვიყენებ, ტელეეკრანიდან ცდილობდა საპატრიარქოს პოზიციის შერბილებას.
უმეცრები, ფარისევლები, ტარტაროზები - ადამიანი ზიარებას ითხოვდა საკურნებლად ხორცისა და სულისა. არ აზიარეს! ვერ გაბედეს!. არა და თურმე როგორ სჭირდებოდა. "იმ წერილს" შანტაჟი დაარქვეს და ის დაავიწყდათ, რომ თავად შეუთითხნეს საქმე. დეკანოზის უზიარებლობით საერთოდ განუდგნენ მაცხოვარს, ჩვენი ცოდვების გამოსახსნელად ჯვარზე რომ ავიდა და თავისი სისხლი დაათხია. ეს ფარისევლები, ქრისტეს სწავლებას ამოფარებული უმეცარი კაცთმოძულენი, მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილ სისხლს გვამდლიან, და რა თქმა უნდა, არა თუ დეკანოზის, არც ერთი ჩვენთაგანის სულის გადასარჩენად არ გაირჯებოდნენ და არ გაირჯებიან. გადასარჩენად რომ დასჭირვებოდა მსხვერპლი ჩვენს სულებს, ხომ ხედავთ რასაც იზამდნენ.
ახლა რა, ნამუსს მოიწმენდთ და იტყვით, დეკანოზი ავად არის და შესაწყალებლად მივმართავთ პრეზიდენტსო? შემირცხენია თქვენი მიმართვა კაცთმოძულეებო, ბნელი საქმეების შემთითხვნელებო. სადაა პრეზიდენტი, ვინაა? ის რომელიც დააშანტაჟეთ და უნამუსოდ წავიდა, თუ ეს - ჯიბის თოჯინად რომ მიიჩნევთ? რწმენის, ჯვარის, სიმართლის ქურდები ხართ!
ჰო, საოცარი დღე იყო 15 თებერვალი - პატრიარქმა ქრისტეს სახელით სიკვდილისთვის მიგვამზადა. რატომ? რატომ თქვა მირქმა დღეს ეს სიტყვები: - „ადამიანი მომზადებული უნდა იყოს იმ ცხოვრებისთვის. უნდა ემზადებოდეს მომავალი ცხოვრებისთვის. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ ასაფლავებენ ადამიანებს, ახლობლებს, შორებლებს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მათ ადგილზე. ეს მეტად რთული პროცესია, განშორება მიწიერი ცხოვრებიდან და გადასვლა სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, მშვიდობა დავტოვოთ აქ, მშვიდობით წავიდეთ და მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა სასუფეველში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი არის მომზადება გარდაცვალებისთვის".
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, მაგრამ ამ ყველაფერს მყრალი სუნი ასდის. ეს არის - მკვლელობა ქრისტეს სახელით!
პოსტის ავტორი გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი, თეოლოგი.