შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა გამოცდების ახალი მოდელი, რომელიც როგორც საატესტატო, ისე ეროვნულ გამოცდებს ეხება. იდეის ავტორები განმარტავენ, რომ რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდება. 2019 წელი ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იქნება, 2020-ში კი სიახლეები დაინერგება. თუმცა იმასაც დასძენენ, რომ უმაღლეს სასწავლებლებთან, სკოლებთან, განათლების ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციები გრძელდება და ეს რეფორმის საბოლოო ვერსია არ არის. იქამდე კი დაისვა ბევრი კითხვა, გამოითქვა არაერთი კრიტიკული თუ მხარდამჭერი მოსაზრება. და მაინც, რას გულისხმობს გამოცდების ახალი მოდელი?
რა იცვლება 2019 წელს?
თუ გასულ წელს მე-11 და მე-12 კლასელებს, ჯამში, 8 საატესტატო გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, წელს მათ ეგრეთ წოდებული CAT-ის გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლა ატესტატს მოსწავლის აკადემიური მოსწრების მიხედვით გასცემს. იმისათვის, რომ მოსწავლემ ატესტატი მიიღოს, ყველა საგანში მისი საბოლოო შეფასება უნდა იყოს დადებითი, რაც, სულ ცოტა, 5 ან მეტ ქულას გულისხმობს. იმ მოზარდებს, რომლებიც შარშან მე-11 კლასში იყვნენ და საატესტატო გამოცდა ვერ ჩააბარეს, ან არ გამოცხადდნენ, შეუძლიათ ატესტატის აღება, თუ მათ ყველა საგანში დადებითი შეფასება - 5 ან მეტი ქულა ექნებათ.
2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართულებით ძირეული ცვლილებები არ იგეგმება. აქ მხოლოდ შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც, თუკი აბიტურიენტი არჩევით საგნად რამდენიმე დისციპლინას მიუთითებდა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრებოდა, ან გამოცდაზე არ გამოცხადდებოდა, ის გრანტის მიღების შესაძლებლობას კარგავდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ მიდგომას უსამართლოდ მიიჩნევს და წელს ამ მიმართულებით ცვლილებას გეგმავს.
რა შეიცვლება 2020 წელს?
2020 წელს მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. ქართული ენა-ლიტერატურის და უცხო ენის ჩაბარება ყველა აბიტურიენტს მოუწევს. მესამე სავალდებულო საგანი კი არჩეული მიმართულების მიხედვით განისაზღვრება. ტექნიკური დარგის პროფესიის არჩევისას აბიტურიენტი მათემატიკას ჩააბარებს, ჰუმანიტარულის შემთხვევაში კი - ისტორიას.
თუმცა აბიტურიენტი კვლავინდებურად არ იქნება შეზღუდული თავის არჩევანში და სასურველ პროფესიათა ჩამონათვალში როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამების მითითებას შეძლებს. შესაბამისად, ის შეძლებს ერთდროულად ისტორიისა და მათემატიკის ჩაბარებას, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი და უნარი აქვს.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგანთა ჩამონათვალში აღარ იქნება უნარების გამოცდა. თუმცა უნივერსიტეტებს შეეძლებათ კონკრეტული მიმართულების მიხედვით დაამატონ ან უნარების გამოცდა, ან ამა თუ იმ სპეციალობაზე მათთვის პრიორიტეტული საგანი. ამავდროულად, უნარების გამოცდა იქნება არჩევით საგანთა ნუსხაში.
2020 წელს შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესიც, რაც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხის გათვალისწინებას გულისხმობს. თუ კონკრეტულად როგორი იქნება საგრანტო დაფინანსების წესი, ამ საკითხზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი მიდგომის ჩამოყალიბებისას აბიტურიენტების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. 2020 წლისთვის მისაღები გამოცდების საკითხების სკოლის პროგრამასთან დაახლოებაც იგეგმება. განათლების მინისტრის განმარტებით, თუ ორიენტაცია კეთდება სკოლაზე, არ შეიძლება სკოლის პროგრამასა და მისაღები გამოცდების თემატიკას შორის დიდი სხვაობა იყოს. ამიტომაც უწყება ამჟამად არსებული განსხვავების მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს.
აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტებისთვის არც წელს და არც მომავალ წელს ქართულთან მიმართებით არაფერი იცვლება. როგორც ამჟამად მოქმედი კანონით არის გათვალისწინებული, მათი ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება. რაც შეეხება ოსურ და აფხაზურენოვან აბიტურიენტებს, გასული წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ისინი უნარების ტესტის მსგავსად, ოსური ან აფხაზური ენის ტესტს ჩააბარებენ. აღსანიშნავია, რომ სავალდებულო საბაზო განათლება, რომელიც აქამდე 9 კლასით განისაზღვრებოდა, 10 წლამდე გაიზრდება.
რა არის ამ ცვლილებების მიზეზი და მიზანი?
ახალი მოდელის დანერგვის მიზნად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოთხ კომპონენტს ასახელებს: სკოლის როლის გაძლიერება, ორიენტირება შედეგზე და არა გამოცდაზე, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა და მშობელთა დანახარჯის შემცირება. რეფორმის ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ ცვლილებები სპეციალური კვლევებისა და შესაბამისი კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა.
უმთავრესი ფაქტორი, რომელსაც ახალი საგამოცდო მოდელის ავტორები ასახელებენ, არის ის, რომ მოსწავლეებს, სულ ცოტა, 12 გამოცდის ჩაბარება უწევდათ საატესტატო და ეროვნული გამოცდების გათვალისწინებით. რეფორმის მიხედვით კი ეს ზღვარი 3-მდე შემცირდება. მხოლოდ გამოცდებზე კონცენტრაციამ კი, ახალი საგამოცდო მოდელის ავტორთა თქმით, სკოლის როლი დააკნინა. სასწავლო პროცესმა სკოლის გარეთ, კერძო რეპეტიტორებთან გადაინაცვლა და ამან, თავის მხრივ, მოსწავლეები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან ეს მათ სოციალურ მდგომარეობას პირდაპირ უკავშირდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახების 80%-ზე მეტი შვილს კერძო რეპეტიტორთან ამზადებს, მაშინ როცა 400 ლარისა და ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახების მხოლოდ 30% ახერხებს იმავეს. როგორც რეფორმის ავტორები განმარტავენ, სკოლის მიტოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო მეათე კლასში, რადგან სწორედ მე-11 კლასიდან იწყებოდა საატესტატო გამოცდები. 13%-ზე მეტი მეათეკლასელი მოსალოდნელი გამოცდების „შიშით“ სწავლას თავს ანებებდა.
რეფორმის ავტორები განსაკუთრებულ აქცენტს უნივერსიტეტების ავტონომიის გაფართოებაზე აკეთებენ. მათი თქმით, თავად უმაღლესი სასწავლებლები გამოთქვამდნენ პრეტენზიებს, რომ სტუდენტების შერჩევის პროცესში არ მონაწილეობდნენ. კონსულტაციების შედეგად კი გადაწყდა, რომ უნივერსიტეტმა თავად გადაწყვიტოს, რა კომპონენტს დაამატებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია ერთი ან (სურვილის შემთხვევაში) ორი გამოცდის დამატებაც, მათ შორის შესაძლოა იყოს უნარების გამოცდაც. ამავდროულად, უმაღლეს სასწავლებლებს ამა თუ იმ მიმართულების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თითოეული საგამოცდო საგნისთვის ბარიერი თავად განსაზღვრონ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მისაღებ გამოცდებს ისევ ცენტრალიზებული ფორმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩვენი ქვეყანა არის ერთადერთი, სადაც ამდენი გამოცდა - როგორც მისაღები, ისე გამოსაშვები - ცენტრალიზებულად ტარდება.
რატომ და ვისგან ისმის კრიტიკული შენიშვნები?
გამოცდების ახალმა მოდელმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რეფორმისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ საატესტატო გამოცდების მოხსნით სკოლაში არსებული პრობლემა არ მოგვარდება. მათი აზრით, რეფორმა სასწავლო პროცესს უნდა შეეხოს და უფრო ძირეული ცვლილებები განხორციელდეს, ვიდრე ეს გამოცდის მოხსნა, შეცვლა ან დამატება იქნება. მშობელთა და სპეციალისტთა ნაწილის აზრით, როდესაც საუბარია სკოლის როლის გაძლიერებაზე ან შედეგზე ფოკუსირებაზე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებული ხარვეზები, კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობა, კლასში მოსწავლეთა გადაჭარბებული რაოდენობა და ა.შ.
კერძო რეპეტიტორების საკითხთან დაკავშირებითაც აზრი ორად იყოფა. მშობლებისა და მოსწავლეების ნაწილის აზრით, სკოლა რომ იძლეოდეს შესაბამის ცოდნას, ამის საჭიროება არ დადგებოდა. თუმცა მეორე მხრივ, პედაგოგები მოსწავლეების დაბალ მოტივაციასა და პასუხისმგებლობის დაბალ ხარისხზე საუბრობენ.
რაც შეეხება უნივერსიტეტების ავტონომიის ზრდას, უმაღლესი სასწავლებლების მიერ გამოცდების დამატებას საზოგადოების ნაწილი კორუფციის შესაძლო მაპროვოცირებლად მიიჩნევს. მათი აზრით, როცა გამოცდები ცენტრალიზებულად ტარდება, ობიექტურობის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ეს უმაღლესი სასწავლებლის დონეზე ფასდება.
რას გვეუბნება ციფრები?
2019 წლის მონაცემებით, მასწავლებელთა საერთო რაოდენობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 65 281 შეადგინა. აქედან 7 826 პედაგოგი კერძო სკოლაში მუშაობს, 57 455 კი - საჯაროში. საპენსიო ასაკის მასწავლებელთა რაოდენობამ 16 014 შეადგინა.
2018 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 39 529-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, სტუდენტი გახდა - 27 906. ოდნავ განსხვავებული მონაცემები იყო 2017 წელს, როდესაც სკოლა 38 803-მა მოსწავლემ დაამთავრა და სტუდენტი 28 176 გახდა.