იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოსწავლეებს სიყალბით ვუშვებთ ცხოვრების ასპარეზზე"

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2023

ქუთაისელმა მათემატიკის მასწავლებელმა დიმიტრი გოშხეთელიანმა  განათლების სისტემაში ცვლილებების საჭიროებაზე  განათლების მინისტრს  ღია წერილით მიმართა. 

 თემის აქტუალობიდან გამომდინარე, განათლების აკადემიური დოქტორის, დიმიტრი გოშხეთელიანის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს განათლების აკადემიური დოქტორის, დიმიტრი გოშხეთელიანის მიმართვა: 

საქართველოს სკოლებში მათემატიკის სწავლების (ფაქტობრივად, არსწავლების) მდგომარეობის გამო, როგორც განათლების დარგის მუშაკი და გულშემატკივარი, იძულებული ვარ,  წერილით მოგმართოთ და შემოგთავაზოთ ჩემეული ხედვა არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

თავდაპირველად, ორიოდე სიტყვით, ვისაუბროთ სკოლებში დღეს არსებულ ვითარებაზე: 

 სამწუხაროდ, დღეს სკოლებში გვაქვს არასწორი სტანდარტი: პროგრამები, რომლებშიც დარღვეულია საკითხთა  თანმიმდევრობა; სახელმძღვანელოები მოსწავლეთათვის ძნელად გასაგებ ენაზეა დაწერილი,  რთული  და მარტივი საკითხები (მაგალითები) ერთმანეთშია აღრეული; თეორიული მასალა არათანმიმდევრულად და სტილურად გაუმართავი ენით არის გადმოცემული. ამას ემატება მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის არათანმიმდევრული ბმა (ვგულისხმობთ, პროგრამის მიხედვით, ფიზიკას სჭირდება მათემატიკის იმ საკითხების ცოდნა, რომლებიც ჯერ მათემატიკაში არ გაუვლიათ და ა.შ). 

ხშირად, საშინაო დავალებების მიცემისას, დარღვეულია დოზირება: მოსწავლეს საშინაო დავალებად ეძლევათ უზომოდ დიდი რაოდენობის ( 30-50 და მეტი)  ამოცანა თუ მაგალითი!

იმის ნაცვლად, რომ მოსწავლე სკოლის შემდეგ დაკავდეს სპორტით, ხელოვნებით, მხატვრული ლიტერატურის კითხვით, კლასგარეშე  აქტივობებით, დაკავებულია მისთვის გაუგებარი, არაფრისმომცემი დავალებების ცრუ მომზადებით (ვგულისხმობთ  რეპეტიტორების მიერ ან მათი დახმარებით შესრულებული დავალებების გადაწერას). ამის გამო თავიდან ბოლომდე ყალბია საშინაო დავალებაც, საკონტროლო წერაცა და შემაჯამებელი წერაც!   აქედან გამომდინარე –სემესტრული ნიშანიც! მოსწავლეთა ატესტატი.

წარმოიდგინეთ ანეგდოტური სიტუაციაა, მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლებში არ დადიან (ეს ტენდეცია უკვე შეინიშნება მე-10 და განსაკუთრებით მე-11 კლასებშიც) და უფორმდებათ ნიშნები, საკონტროლო თუ შემაჯამებელი წერები და ამ სიყალბეზე დაყრდნობით ღებულობენ ატესტატს, მასწავლებლები კი არჩატარებულ გაკვეთილებში ხელფასს. მაშასადამე, სკოლის კურსდამთავრებულ მოსწავლეებს სიყალბით ვუშვებთ ცხოვრების ასპარეზზე. აუცილებელია ეს კანონით დარეგულირდეს, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.

 ამ  მიზეზთა გამო, მოსწავლეთა მოტივაციაც დაბალია და, შესაბამისად, შედეგიც კატასტროფული გვაქვს! ეს პროცესი კი კიდევ უფრო შედის სიყალბეში, ქაოსში.

აღნიშნულის შესახებ არაერთხელ მივმართე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; რამდენჯერმე გამოვედი ტელეეთერით, რამდენჯერმე გავაკეთე Facebook ჩართვა, სადაც რამოდენიმე ასეული მასწავლებელი ესწრებოდნენ.  საუბედუროდ,  დღეს ამ ვითარებაზე ღიად იშვიათად საუბრობენ, რაც დანაშაულად მიმაჩნია! 

ნათელია, რომ მეთოდურად და შინაარსობრივად გაუმართავი წიგნები, ცრუ, ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის საფუძვლებს მოკლებული სწავლება და, ნებით თუ უნებლიეd, პედაგოგების მიერ ბავშვებში  დამოუკიდებელი აზროვნების ჩაკვლა გახლავთ მიზეზი ჩვენი მოსწავლეების განათლების დაბალი დონისა. 

    ცალკე მსჯელობის საგნად უნდა იქცეს პედაგოგთა კადრები!

წიგნების ავტორებისაგან ხშირად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ მასწავლებლები  არიან სუსტნი და ვერ გებულობენ მათ მიერ „ბრძნულად“ შედგენილ  სახელმძღვანელოებს.

მოგეხსენებათ,რომ მასწავლებელთა ნაწილი ადრეც სუსტი იყო, ახლაც სუსტია და მომავალშიც სუსტი იქნება. შეუძლებელია, ყველა სკოლაში მაღალი დონის პედაგოგი შევიყვანოთ.  ასევე, მიუღებელია მასწავლებელთა კრედიტქულებზე, მენტორობასა და წამყვანობაზე ორიენტირება.  ნაკლებად შედეგიანი ტრენინგებით პედაგოგთა უზომოდ დატვირთვა მაშინ,  როცა სასკოლო განათლება მოშლილია! ფაქტობრივად, არ არსებობს!

         ბავშვი ვერ იგებს სახელმძღვანელოს შინაარსს მასწავლებლის დახმარებითაც კი. მასწავლებლები თავადაც ვერ გაერკვნენ, რა ასწავლონ, რა დოზით და რა თანმიმდევრობით. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ არაერთმა მასწავლებელმა უკვე დაამთავრა გრიფირებული წიგნით  მთელი სასწავლო წლის  პროგრამა. ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ, არ არის იშვიათი. 

არაერთი მასწავლებელი (როდესაც შევეკითხე თუ რა წიგნით, რა მეთოდით ასწავლიდა და რა დოზით აძლევდა დავალებებს ბავშვებს)  სიამაყით მპასუხობდა, რომ მათ თავიანთი სწავლების მეთოდები აქვთ.  უკვე გაიარეს  5-6 წიგნი და არაერთ საკითხს, რომელსაც 15-20 საათი უნდა ჰქონდეს დათმობილი (მაგალითად, წილადების შეკრება-გამოკლება), გადიან 3-4 საათში. გამომდინარე აქედან, შეინიშნება არამხოლოდ მე-7, მე-8 და ზედა კლასელების კატასტროფული ჩამორჩენა, არამედ დაწყებითი კლასების კატასტროფული ჩამორჩენაც. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ გრიფირებული მათემატიკის წიგნები სრულიად გაუმართავი, დაულაგებელი, მოსწავლისათვის  (მასწავლებლისთვისაც) გაუგებარი ენითაა დაწერილი და მეთოდურად უსუსურია შეტანილია ისეთი საკითხები, რომელსაც არ ითვალისწინებს პროგრამა და ვერ გაიგებს აღნიშნული კლასის მოსწავლე (მაგ. მე-4 კლასის ბუნების წიგნში შეტანილია სიმკვრივე). 

რამდენიმე წლის წინ აკადემიკოსმა ხვედრი ინასარიძემ მიწერა მაშინდელ განათლების მინისტრს (თავის ყოფილ სტუდენტს), რომ დიმიტრი გოშხეთელიანს აქვს სწორი ხედვა სასკოლო პრობლემების შესახებ და სთხოვა, შეხვედრა დაენიშნა ჩემთვის. რაც სამწუხაროდ, არ შედგა. ამავე დროს ასევე არაერთი წერილი გაუგზავნა ცნობილმა მეცნიერმა ომარ ძაგნიძემ განათლების მინისტრს  იგივე თხოვნით. სამწუხაროდ ყველგან დუმილი. 

მოდით, დღევანდელი მოცემულობით, შევადგინოთ მოსწავლის ყოველდღიური გრაფიკი: 

  1. არაეფექტური სკოლა - 7 საათი;
  2. არაფრისმომცემი დავალებები - მინიმუმ 5 საათი;
  3. რეპეტიტორი - 3 საათი;
  4. სპორტი - 2 საათი;
  5. ტრანსპორტი, გადაადგილების დრო - 1 საათი;
  6. კვება და ჰიგიენა - მიმიმუმ 1 საათი;
  7. დასვენების დრო - 1 საათი;
  8. ძილი - მაქსიმუმ 4 საათი !!!

            განა ეს ნორმალურია?! 

 ვწუხვარ,რომ მეტად მძიმე სურათი წარმოგიდგინეთ, მაგრამ  ეს გახლავთ  ის რეალობა, რამაც სავალალო  შედეგამდე მიგვიყვანა!

ახლა წაყრუება, თვალის დახუჭვა, დანაშაულია!  განათლების დარგის მუშაკები უნდა გავერთიანდეთ, სასწრაფოდ უნდა გავატაროთ მიზნობრივი, ქმედითი ღონისძიებები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად!

როგორც განათლების დარგის დიდ გულშემატკივარს, ხშირად მიფიქრია შექმნილ ვითარებაზე. კრიტიკა იოლია, გამოსავლის პოვნა კი - ძნელი!  მაშ, როგორ დავძლიოთ არსებული დაბრკოლებები მოსწავლეთა სასარგებლოდ?

არსებული ვითარების გამოსასწორებლად დიდი სურვილისა და მონდომების გათვალისწინებით მინიმუმ 6-7 წელია საჭირო. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მოსწავლე დამახინჯდება, ვერ შეიძენს მისთვის საჭირო ცოდნას. ვიყოთ რეალისტები, არსებულ ვითარებაში სკოლებში განათლების მიღების პირობები კარგა ხანს არ იქნება. 

გამოსავალი ასე მესახება: 

გამოსავალი ასე მესახება:

  1. შევქმნათ ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებშიც საპროგრამო მასალა გასაგები ენით იქნება გადმოცემული როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისთვისაც;
  2.  I - VI კლასებში უნდა აღვადგინოთ არითმეტიკის სწავლება. ასევე, დავალება უნდა იყოს მცირე მოცულობისა და გასაგები;
  3. VII - IX კლასის პროგრამა უნდა გამარტივდეს, არაერთი საკითხი უნდა გადავიტანოთ შესასწავლად მე-10-მე-12 კლასებში.

 მათემატიკის პროგრამა უნდა შემცირდეს, მინიმუმ, 20%-ით. აუცილებელია მათემატიკა VII - IX  კლასებში გაიყოს ორ ნაწილად, ალგებრად და გეომეტრიად;

  1. აუცილებელია კანონით განისაზღვროს და დაიშვას ყველა კლასში ალტერნატული სახელმძღვანელოების გამოყენება.
  2. ატესტატი უნდა გაიცეს არა სკოლის ყალბი ნიშნების , არამედ ეროვნული გამოცდების საფუძველზე. ეროვნული გამოცდები თითოეული მიმართულებით უნდა განისაზღვროს 4-6 გამოცდით. ზღვარი კი ქულათა 45%-ით. მაგალითად, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობის მიმართულებით აუცილებლად უნდა იყოს ფიზიკის გამოცდა, ხოლო მათემატიკა პირველი (რთული) დონით. სამედიცინო მიმართულებით კი - ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა და მათემატიკა მეორე (საშუალო) დონით. დაწყებითი განათლების სპეციალობით მათემატიკა მესამე დონით (მე-5, მე-6 კლასის მათემატიკას დამატებული მე-7 და მე-8 კლასის ზოგიერთი საკითხი).
  3. აუცილებელია კანონით განისაზღვროს და დაინერგოს საოჯახო და ინტერნეტ (დისტანციური) სწავლება. მოსწავლეს მიეცეს უფლება, სურვილის შემთხვევაში მე-10 კლასიდან გავიდეს სკოლიდან და განათლება მიიღოს დამოუკიდებლად - კერძო მასწავლებლით, ონლაინ თუ ინტერნეტ გაკვეთილებით. დღესდღეობით, არაფორმალურად ეს დამკვიდრებულია მე-12 კლასში, ხოლო აღნიშნული ტენდენცია, სამწუხაროდ, უკვე მე-11 და მე-10 კლასებშიც შეინიშნება. ამის გადამოწმება ადვილი საქმეა. აღნიშნულზე თვალის დახუჭვა დანაშაულის წახალისება და მოსწავლის ფსიქიკის დანგრევაა.

 ეს უნდა დაკანონდეს, თუ მოსწავლეს ამის სურვილი ექნება, რაც აბსოლუტურად შესაბამისობაშია სამართლიანობასთან.

  1. ნებისმიერმა მოსწავლემ, რომელმაც მიიღო დამოუკიდებელი თუ სასკოლო განათლება, სურვილის შემთხვევაში აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, რომლის კომპეტენციის დადასტურებით ღებულობენ ატესტატს. ეროვნული გამოცდების გარეშე ატესტატი არ უნდა გაიცეს (სწორედ ეს დატვირთვა უნდა ქონდეს ეროვნულ გამოცდებს, დღევანდელიდან განსხვავებით). დღესდღეობით ატესტატს გასცემს იუსტიციის სახლი სკოლის წარდგენის საფუძველზე, რაც რბილად რომ ვთქავათ არასწორია, რადგან შეიცავს კრიმინალურ ელემენტებს - სკოლა წარადგენს იმ მოსწავლეებს, რომელთა შეფასებაც ყალბია.
  2. ის, ვინც ეროვნულ გამოცდებზე დაადასტურებს კომპეტენციას და აიღებს ატესტატს, სურვილის შემთხვევაში შეძლებს გააგრძელოს სწავლა უნივესიტეტებში შემდეგნაირად: წარადგენს ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ საატესტატო საგამოცდო ქულებს. კონკურსის წესით, ქულათა მიხედვით ჩაირიცხება შესაბამის უნივერსიტეტებში. 

 მთელი პასუხისმგებლობით, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ აღნიშნული საოჯახო და ინტერნეტ-სწავლება საფუძვლიან განათლებას მისცემს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ არაერთ მოსწავლეს, ხელმოკლე ოჯახებს დაუზოგავს ფინანსებს,  დაიზოგება სახელმწიფო  ბიუჯეტიც. ამ ღონისძიებებით მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მოსწავლეების თავისუფალ, სამართლიან და მათთვის სასარგებლო არჩევანს - გააგრძელონ საფუძვლიანი და მისაღები განათლება სკოლაში თუ სკოლის გარეშე.

პატივისცემით,  განათლების აკადემიური დოქტორი დიმიტრი გოშხეთელიანი", - წერს გოშხეთელიანი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია