სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ისტორიის მთხრობელები – გიდები ახალციხის ციხიდან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 თებერვალი 2019
ახალციხის ციხეს 12 გიდი ჰყავს, მათ წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტული ჯგუფის მიღება უწევთ. ნანა მაისურაძე, ინეზა გიგოლაშვილი და თეა კაჭკაჭიშვილი ახალციხის ციხეზე გიდებად ჯერ კიდევ მანამდე მუშაობდნენ, ვიდრე ობიექტის რეაბილიტაცია დაიწყებოდა. ნანა მაისურაძემ ციხის ტერიტორიაზე მუშაობა 1989 წლიდან დაიწყო. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიდის სპეციალობაზე სწავლობდა. მოგვიანებით მეორე პროფესიასაც დაეუფლა და ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ციხეზე ამ პროფესიითაც იმუშავა, წლების წინ ბუღალტერი იყო. დღეს კი ქართულ, რუსულ და ფრანგულენოვან ტურისტულ ჯგუფებს ხვდება. ფრანგული ინტერნეტით ისწავლა და ამბობს, რომ მას შემდეგ საფრანგეთიდან ჩამოსულ არა ერთ ტურისტთან მეგობრული ურთიერთობაც ჩამოუყალიბდა. „საფრანგეში წასული ქართველები ციხეს ხშირად სტუმრობენ. მათ სხვადასხვა პერიოდში დატოვეს ქვეყანა, მაგალითად, 1921 წელს რომ გაყვნენ ჟორდანიას, აი მათი შთამომავლებიც არიან. ერთ–ერთი მათგანი იქ ცნობილი მხატვარია და თავისი ნახატიც მაჩუქა, ფეისბუქით გვაქვს მიმოწერა“, – გვიყვება ნანა. ამბობს, რომ გიდის პროფესია საინტერესოა, თუმცა რთული და შრომატევადი. შეიძლება დღის ბოლოს, ოთხი ტურისტული ჯგუფის გასტუმრების შემდეგ, სხვა ჯგუფის მისაღებად ძალა აღარ ჰქონდეს, მაგრამ როგორც კი ციხეზე სტუმარი შემოვა, მას ისევ განახლებული ენერეგიით ხვდება: „ეს ჩვენი სამსახურია, თავს ვერ შვირცხვენთ ნამდვილად! მაგალითად, შარშან, მხოლოდ მე 400 ტურისტული ჯგუფი მყავდა. ჯგუფთან შეიძლება ორი საათიც გაატარო და 20 წუთიც“. თეა კაჭკაჭაშვილი ვიდრე ციხის რეაბილიტაცია დაიწყებოდა გიდად სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში მუშაობდა. ბევრჯერ უფიქრია სამსახურის შეცვლაზე, თუმცა გიდის პროფესია ვერ დათმო და განახლებულ კომპლექსში მუშაობა ისევ გააგრძელა. მისთვის განსაკუთრებით რთული ქართულ ჯგუფებთან მუშაობაა: „მათ ძირითადად იციან საქართველოს ისტორია და იმდენად აღარ აინტერესებთ რას უყვები. ასევე, რთულია სკოლის მოსწავლეებთან მუშაობაც, ხშირად ხმაურობენ, არ გისმენენ. უცხოელებს კი აინტერესებთ რაზეც ესაუბრები“. თეა ინგლისურენოვან ჯგუფებთანაც მუშაობს: „ხშირად საკმაოდ მომზადებულები მოდიან და საინტერესო შეკითხვებს გისვამენ. დიდ ჯგუფებს წყვილებთან, ან პატარა ჯგუფებთან მუშაობა სჯობს, მეტად გისმენენ და შენც საინტერესოდ საუბრობ. ამ საქმის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“.ინეზა გიგოლაშვილმა ახალციხის ციხეზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. პროფესიით აღმოსავლეთ მცოდნეა, თურქოლოგი. ტურისტებს სამ ენაზე – ქართულად, რუსულად და თურქულად ესაუბრება.ამბობს, რომ ყველა ტურისტულ ჯგუფს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს: „მთავარია მოერგო. ზოგი ჯგუფი განსაკუთრებული ინტელექტით გამოირჩევა, მათ ბევრი იციან და ამიტომ შენგანაც დიდ ცოდნას მოითხოვენ“. ინეზა ყველაზე ხშირად სირთულეებს რუს ტურისტებთან აწყდება: „ბევრს ჰგონია, რომ მათი ისტორიის ნაწილი ვართ. არიან ისეთებიც, ჩვენთან საუბრის შემდეგ, ბევრ რამეს ხვაგვარად რომ აანალიზებენ. ბევრ ჯგუფში უთქვამთ,ჩვენ სხვა ხედვა გვაქვს და თავიდან უნდა ვისწავლოთ ისტორიაო. საბჭოთა პერიოდში საქართველოს ისტორიის სწავლა ანულირებული იყო და ეს ხედვები დროთაგანმავლობაში ბევრს ეცვლება“. 21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია