შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„მოხუცები ნაგვის ბუნკერებში იქექებიან საქართველოში“

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 თებერვალი 2019

 

მინიმალური პენსია და გაძვირებული მედიკამენტები, უმუშევრობა და ხშირ შემთხვევაში მოხუცების პენსიის იმედად დარჩენილი ოჯახები-ეს ის რეალობაა, რის გამოც დღეს საქართველოში სიბერე საშიშიც კი ხდება.

დღეს ყველგან შეხვდებით ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებსაც, პურის ფულის საშოვნელად მთელი დღის განმავლობაში დახლებთან უწევთ დგომა, რომ როგორმე შიმშილს გადაურჩნენ.

როგორ ცხოვრობენ მოხუცები საქართველოში? რაზე ჰყოფნით მათ თავიანთი პენსია? რას აკეთებს მათთვის სახელმწიფო?  პენსიონერთა ცხოვრებასა და მათ პრობლემებზე „გურიის მოამბემ“ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა და რამდენიმე ადგილობრივის, ძირითადად ხანდაზმულების აზრი მოისმინა.

ი.კ. - რა თქმა უნდა, ცუდი  სიბერე გვაქვს. არის 200 ლარი პენსია და ეს  არ ჰყოფნის მოხუცს, უბრალოდ წამალი რომ იყიდოს  და საჭმელი სხვაა. კარგი არაფერი არაა.

მაგული. ი - რა გვაწუხებს მოხუცებს და ყველაფერი. ძალიან ცუდი სიბერე  გვაქვს.  ჩემი ხნის ქალი,  არ უნდა იყოს ქუჩაში გამოსული,  ლუკმა-პურისთვის. პენსიონერს უნდა ჰქონდეს იმდენი პენსია, რომ იჯდეს სახლში  მშვიდად.

ქ.შ. - ჩემი ოჯახიდან გამომდინარე  გიპასუხებთ, რომ ჩემს ოჯახს პენსია არა  აქვს, დახმარება არა  აქვს, ხელფასი არა გვაქვს და ხუთი სული ვცხოვრობთ ასე, გაჭირვებით და სიმწრით. მე და ჩემს მეუღლეს არაფერი არ გაგავაჩნია, მაგრამ თავმოყვარეობის გამო ვიკავებთ თავს,  მთლად ისეც არ ვართ, იმიტომ რომ სახლში გამოვზარდე  და მყავს, მაგრამ მაინც  გაჭირვებაა.  როგორი ცხოვრება აქვს დღეს მოხუცებულებს, მაგათ სახეზე  წაიკითხავ მაგის პასუხს. ვის რა ცხოვრება აქვს და როგორ  ცხოვრობს, მოხუცს  სახეზე  ეტყობა. ეს ჩვენმა მთავრობამ ძალიან  კარგად იცის  და ჩვენზე  უკეთესადაც, თუ როგორ  ვცხოვრობთ, რითი  ვცხოვრობთ, მაგრამ არ უნდათ გათვალისწინება.

----სიბერე  რაფერი აქვთ იცი  მოხუცს? - მიხვალ 100 წლამდე  და „ვსიო მერე დასვიდანია“.

გ. ლ. - რაფერი სიბერე  აქვთ დღეს   და  საშინელი.  პენსია არა  აქვთ,  რა პენსიაა 180 თუ 200 ლარი? 80 წელს მიღწეული  კაცი ვარ, ორი პარასკევი დამრჩენია და რააა ეს  ცხოვრებაა?  ცხოვრება იყო კომუნისტების დროს. დღეს  ყველაფერი აწუხებს მოხუცს. მოსავალი არ იყო - თხილი  არაა, ვაშლი არაა, კარალიოკი არაა, ფული არაა და მუშაობა  არაა.

ლ.ს. - სიბერე ძალიან ცუდი  აქვთ. აწუხებთ  ყველაფერი: უწამლობა, უფულობა, გაჭირვება, შიმშილი. მოხუცები ნაგვის ბუნკერებში იქექებიან საქართველოში. მათი სოციალური მდგომარეობა არის ძაან დაბალ დონეზე. პენსიები წინდაწინ აქვთ დახარჯული.  უამრავი პრობლემა აქვთ  მოხუცებს  დღეს.

ილო ბაჯელიძე - ძალიან  ცუდი  სიბერე მოდის.  ახლა  რომ არიან საპენსიო ასაკს მიღწეულები, დღეს თუ ხვალ რომ გახდებიან პენსიონერები, ესენი შიმშილის ზღვარზე არიან, არიან ბანკებთან მიმაგრებული, სახლ-კარი ეყიდებათ  და ყველაფერი ეყიდებათ. უფლის ძალით ვერავინ ვერ ჩამეიკიდებს თავს, თორემ,  ხალხი იმ დონემდეა მისული,  რომ თავი ჩამოსაკიდებლად  აქვთ. შვილს მოშივდება, შვილიშვილს მოშივდება  და რა უნდა ქნან? ცოდვა ხომაა ეს ხალხი? მიცვალებულის დასამარხი ფული არა  აქვთ.

დ.კ. - რა მაწუხებს  და ფული მინდა ბებია, პენსია არ მოგვიმატენ. 20 ლარით მოგვიმატენ და ნახეთ რა ღირს ყველაფერი., გაძვირებულია. ივანიშვილი  და მისი გუნდი ვნახე მომსპარი და გადავარდნილი ამ ქვეყნიდან.

ნინო - მე არ ვიცი რაფერ ვართ, გამოცვენილები ვართ გარეთ, გაჭირვებაა. რა მაწუხებს ბებია და ცალთირკმელიანი ქალი ვარ, სიმსივნე მაქვს და ვზივარ ბაზარში, რომ თავი გევიტანო და წამლები ვიყიდო. მთავრობა კი დაგვცინის.

ნ.კ. - ჩვენი ეს საუბარი  იგივეა, რაც  „ძაღლი ჰყეფს და ქარავი  მიდის“.  ასეთი შეგრძნება მაქვს მე.  მოხუცები ცხოვრობენ ცუდად, არ ჰყოფნით პენსია,  არა  აქვთ წამლის საფასური, ვერ მიდიან ექიმთან. მართალია  არის  დაფინანსებული  ჯანდაცვა და ოპერაციები, მაგრამ  რა აზრი აქვს ექიმთან მისვლას, თუ წამალი ვერ იყიდა მერე. ხომ არის ასეთი,  ერთი ექიმთან მისვლით  100 და  150 ლარის წამალი გამოწერონ და დააყენოს ფეხზე მოხუცი,  ამათ  ამის საშუალებაც არაა აქვთ.

ლ.დ. - ყველაფერი  გვიჭირს  მოხუცებს, მარა პატრონი არავინ გვყავს. ბავშვს 10 ლარიანი დახმარება ჰქონდა და იმას რომ მოუხსნის, იგია მთავრობა?  დახმარება, იმიტომ მოგვიხსნენს, ალბათ, ძაან კარგად ცხოვრობთო. მაღალი ქულის  გამო. ოჯახებს, რომელსაც  ყველანაირი შემოსავალი აქვთ  და ყველანაირი საშუალება აქვთ, იმათ  აქვთ  დახმარება და ჩვენ მოგვიხსნეს. ჯერ  10 ლარი რა არის, სამათხოვო  და იმასაც რომ მოხსნიან. ასე დამათხოვრებულია დღეს  ხალხი. ძაან ცუდი პირობებია  ძაან ცუდი.

ნ.ს. - მოხუცებს  აწუხებს ავადმყოფობა და უფულობა. რა გინდა ექიმთან რომ მიხვიდე, წამლები ისე  ძვირი ღირს, ვერ იყიდი მაინც. ყველგან ასეა შვილო, ყველგან გაჭირვებაა. ვაჭრობა არაა. თუ ვაჭრობდი  100 ლარს, ახლა  ვერ  ვვაჭრობ 10 ლარს.

 

 

 

 

 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია