იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მე რომ მასწავლებელი ვიყო

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მაისი 2023

მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა. წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობა მდგომარეობს მასწავლებლის ოსტატობაში ანუ მის მზაობაში, მუდმივად ცდილობდეს გაიზარდოს პროფესიულად.

მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში დიდწილად საკუთარი მოსწავლეები ეხმარებიან, მთავარია დააკვირდეს და მოუსმინოს მათ.

მე, როგორც მასწავლებელი, ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თავს შევხედო მოსწავლის თვალით და შევაფასო მათი გადმოსახედიდან, ამ მიზნით ჩავატარე კვლევა. ბავშვებს დავურიგე ფურცლები, რომლებზედაც ეწერა შემდეგი დაუსრულებელი წინადადება: „მე რომ მასწავლებელი ვიყო.....“ მოსწავლეებს ვთხოვე, გაეგრძელებინათ და დაესრულებინათ აზრი, თუნდაც რამდენიმე წინადადებით.( ნაწერები უნდა ყოფილიყო ზოგადი და ანონიმური).

როდესაც მათი ნაწერები წავიკითხე და გავაანალიზე, დავინახე, თითქმის ყველა მოსწავლე წერდა, რომ იქნებოდა პირველ რიგში მეგობრული, გამგები, გულთბილი და მოსიყვარულე ბავშვების მიმართ.

ეს შედეგი მაფიქრებინებს, რომ ბავშვები სწორედ ასეთი დამოკიდებულების ნაკლებობას განიცდიან ჩვენი მხრიდან. ვფიქრობ, მეტი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ თითოეულ მოსწავლეს და დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით მივუდგეთ მათთან ურთიერთობას.

ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის დასაწყისში ყოველთვის ვცდილობდი, ისეთი გაკვეთილები შემეთავაზებინა მოსწავლეებისთვის, რომლითაც მათ დავაინტერესებდი და დავეხმარებოდი შესასწავლი საკითხების უკეთ გაგებასა და ათვისებაში. ახლა ჩემი მიდგომა არის, როგორ დავამყარო მათთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც მათ შესაძლოა პიროვნული ზრდისთვის გამოიყენონ,  ჩამოიყალიბონ ისეთი უნარები, რომლებითაც ადვილად შეძლებენ თავი გაართვან სხვადასხვა გამოწვევას სწავლისა და განვითარების პროცესში.

კარლ როჯერსის, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის აზრით, „იმისთვის, რომ ადამიანი პიროვნულად გაიზარდოს, შემდეგი სამი პირობაა მნიშვნელოვანი: გულწრფელობა, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ემპათია.

როჯერსის აზრით, სწავლების პოცესში პედაგოგი უნდა ეყრდნობოდეს 3 ძირითად პირობას: 1. მოსწავლესთან დადებითი დამოკიდებულება; 2. მოსწავლესთან ურთიერთობის დროს პედაგოგი აუცილებლად უნდა იყოს ის, ვინც რეალურად არის, რაც შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავიდან ბოლომდე გაიაზრებს და მიიღებს საკუთარ განცდებსა და რეაქციებს. 3. მოსწავლის შინაგანი სამყაროს ემპათიური გაგება.

ურთიერთობის ასეთი სისტემა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გახდეს უფრო მეტად კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე, ამბიციური და დისციპლინირებული. ასევე შეიმჩნევა  შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება, აკადემიური მიღწევების  გაუმჯობესება და ასევე თვითშეფასების ამაღლება. ზუსტად ამ მეთოდის მეშვეობით პედაგოგი ამყარებს  ინდივიდუალურ ურთიერთობას თითოეულ მოსწავლესთან და აწვდის უკუკავშირს, რაც ეჭვგარეშეა, რომ დადებით გავლენას ახდენს მთლიანად სწავლის პროცესზე.“

როგორც სუხომლინსკი აღნიშნავდა, „მასწავლებლის მიერ ბავშვებთან მუშაობის პროცესის სწორად წარმართვაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია დიალოგის მეთოდს. ეს მეთოდი აუცილებლად ითვალისწინებს, რომ მასწავლებელი შემოქმეთებითად უდგება თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს და უნარებს. ეს შემოქმედებითობა კი გულისხმობს წინასწარ განსაზღვრო პიროვნების შესძლო მოქმედებები და ქცევები.  მასწავლებელმა უნდა იგრძნოს მოსწავლის სულიერი მდგომარეობა, უნდა შესწევდეს უნარი დააყენოს საკუთარი თავი მის ადგილას ნებისმიერ სიტუაციაში.“

ვ.ვ ბოიკო საუბრობს ემპათიაზე, „როგორც არეკვლის რაციონალურ-ემოციონალურ და ინტუიციურ ფორმაზე, რომელიც არის ერთადერთი საშუალება შეხვიდე სხვა ადამიანის მდგომარეობაში. ბოიკოს აზრით, ემპათია არის ადამიანის ინდივიდუალურობის წვდომის დაუფასებელი  და უნიკალური მეთოდი, რომელიც გამოიყენება მისი აღზრდის, სწავლების, მკურნალობისა და თერაპიის მიზნით.

პედაგოგისთვის ემპათიურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო მახასიათებელია, რადგან ის თავის თავში გულისხმობს გაიაზრო და კორექტირება მოახდინო სწავლების ამოცანების და მიზნების მოსწავლის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით.

ემპათია ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით:

  1. ემპათიის, როგორც პიროვნული მახასიათებლის განვითარებას ხელს უშლის სხვადასხვა პირობები: ზედმეტი კონტაქტისგან თავის შეკავება, ჩათვალო უადგილოდ და არასაჭიროდ ინტერესის გამოვლენა მოსწავლის მიმართ.
  2. ასაკის მატებასთან ერთად ემპათიის უნარი უქვეითდება ინდივიდს, რაც დაკავშირებულია სტერეოტიპების ჩამოყალიბებასთან. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ შემოქმედებითი და განვითარებადი პიროვნება ინარჩუნებს ემპათიის უნარს მთელისიცოცხლის განმავლობაში.“

იმისთვის, რომ აიმაღლონ ემპათიის უნარი, ბოიკო მასწავლებლებს თხოვს, გამოიყენონ შემდეგი სახის რეკომენდაციები:

„1.მიმართეთ ბავშვს მხოლოდ სახელით, რადგან სახელი გვევლინება ურთიერთობის დასამყარებელ ძლიერ მექანიზმად.

  1. გრძნობების ვერბალიზაცია, გამოისახოს მეტყველებაში
  2. ბავშვის ემოციური მდგომარეობის არეკვლა, სადაც მთავარ კომპონენტად გვევლინება „აქტიური მოსმენა“
  3. ფსიქოლოგიური შექება ( ყოჩაღ, შენ კარგი ხარ, დავალებას თავი წარმატებით გაართვი და ა.შ.)“

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მასწავლებელი მოსწავლემ, პირველ რიგში, უნდა აღიქვას მეგობრად, კეთილგანწყობილ, საიმედო მეგზურად სწავლის და განვითარების საინტერესო და საპასუხისმგებლო გზაზე, მხოლოდ ასეთი ურთიერთობის დროს იქნება შესაძლებელი, რომ ბავშვმა ეს გზა უმტკივნეულოდ, ხალისით, ინტერესით და წარმატებით გაიაროს.

ავტორი: თინათინ გამცემლიძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია