შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ დახარვეზდა თელავის განაშენიანების გეგმა?

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 თებერვალი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის ცენტრალური მოედანი სახეს რადიკალურად შეიცვლის. ცვლილებას თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გეგმა ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, ერეკლე მეფის მოედანზე სხვადასხვა სახის კულტურული და შემეცნებითი სივრცეები მოეწყობა,  ეს ტერიტორია კი, საფეხმავლო გახდება.

ჯერჯერობით, ადგილობრივ საკრებულოს პროექტი არ დაუმტკიცებია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს პროექტიც, სხვების მსგავსად, მხოლოდ პროექტად დარჩეს.

თელავის მთავარმა მოედანმა, რომელიც ერეკლე მეფის სახელს ატარებს, შესაძლოა, სახე სრულიად შეიცვალოს. რადიკალურ ცვლილებებს ,,თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების  გეგმა“ ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით,  ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის კულტურული და შემეცნებითი სივრცეები მოეწყობა , ტერიტორია კი, მთლიანად,  საფეხმავლო ადგილად  იქცევა. განაშენიანების გეგმაში აღნიშნულია, რომ:

 ,,ქალაქი თელავი იმ ისტორიული ქალაქების რიცხვს განეკუთვნება, რომლებითავისი ბუნებრივი ლანდშაფტით, მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით, თვითმყოფადი არქიტექტურითა და შუა საუკუნეების ურბანული სტრუქტურით, გამორჩეულ, ძალზედ მრავალფეროვან, სახასიათო, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს“. 

სწორედ ამიტომ თელავის ცენტრალური ნაწილის  ე.წ. ,,მუზეუმ – უბანად“, ისტორიულ-კულტურული,  საგანმანათლებლო  ცენტრად გადაქცევა იგეგმება, სადაც ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება და ამ ადგილს მხოლოდ საფეხმავლო დატვირთვა ექნება.

როგორც ირკვევა,  ეს  ნიუანსიც გახდა პროექტის დახარვეზების ერთ-ერთი მიზეზი, სხვა ეპიზოდებთან ერთად,  სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, შპს ,,ატელიე არქტიქსტის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სწორედ  ქალაქ თელავის მიწათსარგებლობის და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმა განიხილებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, დოკუმენტთან დაკავშირებით, შენიშვნები წარუდგინეს.

,,ხარვეზებთან დაკავშირებით გვაქვს შენიშვნები. მერიის სამსახურებთან ერთად, შევადგინეთ ის, რაც უნდა გაეთვალისიწინებინა და რაც მიუღებელი იყო ჩვენთვის, ქალაქისთვის. გამოდის, რომ ამ ფორმით ვერ მივიღებთ პროექტს, დახარვეზებულია”. 

,,წარმოიდგინეთ, რომ  მოედანზე  მოძრაობა აღარ იყოს, თეატრის წინ გაკეთდეს დიდი სკვერი,  ცალმხრივი მოძრაობა, ,,ტუნელის“ გაკეთება მოედანზე ტრანსპორტისთვის. ჩნდება კითხვა – მანქანებმა სად უნდა იარონ? ასეთი იცით, რამდენი პრობლემაა? ამ ეტაპზე, პროექტი დახარვეზებულია. შევადგინეთ ნუსხა, 10-11 საკითხი  ჩამოვწერეთ, მერიის სამსახურების  სპეციალისტებთან ერთად. უნდა მოეწოდებინათ შესწორებების სახით.  გამოდის, რომ არაფერია გაკეთებული, არც მოუწვდიათ. თუ ე.წ. ,,გიშერთან“ ჩაიკეტება გზა. ამავდროულად, ავტობუსები შემოგყვავს ქალაქში, ერთ-ერთი მარშრუტი ხომ იქნება ახვლეფიანის ქუჩა სადაც ორი მანქანაც ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლის. გარდა ამისა, ისტორიულ სტატუსების საკითხებია გასავლელი, მაგალითად, სამკერვალო ფაბრიკა ე.წ. ,,მაწანწარაზე“ ისტორიულ ძეგლადაა შესული, ხომ წარმოუგენელია?! “ – აცხადებს knews-სთან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძე.

თელაველების უმრავლესობას ქალაქის განაშენიანების გეგმის შესახებ არაფერი სმენია. საზოგადოების ნაწილი ძველი ქალაქის ახალი პერსპექტივით კმაყოფილია, ზოგიც ფიქრობს, რომ ცენტრალურ მოედანზე შესაცვლელი არაფერია:

,,განაშენიანების გეგმაში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ სწორადაა აღქმული თელავი, როგორც კულტურული სივრცე, სადაც ადამიანი თავის წარსულთან უფრო ახლოს იგრძნობს თავს”.   

,,გააზრებულია, რომ ქალაქი ტურისტებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი გამოჩნდეს. თუმცა, როდესაც ,,ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობთ, ისინი მხოლოდ საუბრობენ და აანონსებენ გარკვეულ საკითხებს, თუმცა შედეგი არ დგება“, – ამბობს ,,სამოქალაქო მოძრაობის“ თელავის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი არჩილ მჭედლიშვილი.

,,ქალაქის  გენ.გეგმა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. ეს არის სივრცითი მოწყობის მთლიანი გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქი თელავი და რასაც მორგებულია როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებზე, ასევე, ტურიზმის განვითარებაზე“, – აცხადებს ,,თელავი ჩემი ქალაქია“-ს ხელმძღვანელი თამარ ბოტკოველი.

თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გეგმის შესახებ კომენტარის გაკეთება აღარ სურთ ადგილობრივი  ხელისუფლების  ხელმძღვანელ პირებს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერია ელოდება შპს ,,არქტიქტსს“, წარმოადგინოს გეგმის  საბოლოო ვერსია. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი, დოკუმენტი საკრებულოს წარედგინება, რომელიც გეგმის დამტკიცებაზე იმსჯელებს.

გენერალური გეგმის საჯარო განხილვას, რომელიც თელავში გასული წლის 24 მაისს გაიმართა, ადგილობრივი საკრებულოს, მერიის, გუბერნიის, ეკონომიის სამინისტროს წარმოამდგენლები და სასულერო პირები დაესწრნენ. შეხვედრაზე  სამუშაო ჯგუფმა ,,თელავის განაშენიანების და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“  პრეზენტაცია  და ცენტრალური მოედნის განვითარების 3D მოდელირება, შესაბამისი ფოტოებით და ვარიაციებით წარადგინა.

 

ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია