შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი ქართველ სტუდენტებს გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროექტს სთავაზობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ დააფუძნეს, საქართველოში აკრედიტირებულ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს გერმანიაში დასაქმებას სთავაზობენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, გიორგი მამულაშვილის ინფორმაციით, პროექტი სტუდენტების საზაფხულო დასაქმებას გულისხმობს.
მამულაშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, წელს, გერმანიის რამდენიმე ქალაქში – ჰამბურგში, ბერლინსა და ლიუბეკში 50-მდე სტუდენტი გაემგზავრება.
მისივე თქმით, რამდენიმე სტუდენტმა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ჩამოაყალიბეს, რომელიც როგორც პროფესიული, ისე საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს დასაქმებაში ეხმარება.

„სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაწყებისთანავე, რამდენიმე კოლეგასთან ერთად დავაფუძნე ორგანიზაცია. ამჟამად გერმანიაში ხუთი პარტნიორი კომპანია გვყავს, სადაც სტუდენტები მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმდებიან. ეს სტანდარტულ სამუშაოს გულისხმობს და არ არის თეორიული სწავლების პრაქტიკული გაგრძელება. სტუდენტების ანაზღაურება 2000-დან 2500 ევრომდეა, რაც ჩვენს რეალობაში კარგი შემოსავალია. ეს ნიშნავს იმას, რომ საზაფხულო დასაქმებით მიღებული შემოსავალი სტუდენტებისთვის მთელი აკადემიური წლისთვის საკმარისია იმ შემთხვევაშიც კი, როცა სტუდენტი ქირით ცხოვრობს. რეალურად, ის, რასაც ჩვენ ახლა სტუდენტებს ვთავაზობთ, არის დიდი მუხტი და მოტივაცია იმისათვის, რომ აკადემიური წელი მშვიდი და ორგანიზებული ჰქონდეთ“, – აღნიშნა ,,knews”-სთან საუბრისას გიორგი მამულაშვილმა.

იდეის ავტორი განმარტავს, რომ დღემდე საზღვარგარეთ სტუდენტების დასაქმების მსგავსი ცენტრი არ არსებობდა და ახალგაზრდები, ძირითადად, ამა თუ იმ კომპანიასთან ინდივიდუალურად ახერხებდნენ კომუნიკაციის დამყარებას. საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით სტუდენტები „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრში“ აპლიკაციას შეავსებენ.

,,აქამდე სტუდენტები დამსაქმებლების მოძიებასა და მათთან დაკავშირებას თავად ცდილობდნენ, რაშიც დიდი დრო ეკარგებოდათ. ახლა კი სტუდენტებს მხოლოდ განაცხადის შევსება უწევთ. განაცხადის ფორმა კომბინირებულია, რამდენიმე ეტაპს მოიცავს და სტუდენტს შეუძლია მონიშნოს მისთვის სასურველი სფერო. რეგისტრაციის ფორმა გვაძლევს საშუალებას, სტუდენტების სურვილიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილები მოვიძიოთ.
ჩვენი პარტნიორი კომპანიიდან ერთ-ერთი მუშაობს ავიაციისა და ბიზნესის მიმართულებით, რაც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაწილია. სამი კომპანია ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობს, ერთი კი მოხუცების მოვლის ცენტრია. გერმანული დამსაქმებელი კომპანიები, აპლიკაციების გადარჩევის და სტუდენტთან გასაუბრებას შემდეგ, მოთხოვნებს ათანხმებს, რის შემდეგაც კონტრაქტი ფორმდება.
მგზავრობის და საცხოვრებელ თანხას სტუდენტი ფარავს, დასაქმების შედეგად ანაზღაურებას 2500 ევროს ოდენობით მიიღებს. დამსაქმებელი უზრუნველყოფს კონტრაქტის შესაბამის სამუშაოს და ყველა პირობებს ისევე ასრულებს, როგორც ამას კომპანიის ნებისმიერი სხვა თანამშრომლის შემთხვევაში აკეთებს“, – ამბობს გიორგი მამულაშვილი.

ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტის განმარტებით, დასაქმებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობჰა გერმანული ენის კარგად ცოდნაა.

“ვინაიდან დამსაქმებელი ქვეყანა გერმანიაა, დამსაქმებლის აუცილებელი მოთხოვნა გერმანული ენის ცოდნაა. სამომავლოდ, „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ კონტაქტების დამყარებას პოლონეთში მოქმედ კომპანიებთან გეგმავს”, – აცხადებს “knews”-სთან საუბრისას მამულაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს არ ეხება, ის საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მოიცავს

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია