შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის ტერიტორიაზე საოჯახო ტიპის აპარტამენტები შენდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მაისი 2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ,,რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის” ტერიტორიაზე, საოჯახო ტიპის აპარტამენტები შენდება.

მეურნეობის დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილი KNEWS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო შექმნილი ფინანსური კრიზისისა და რთული წლის მიუხედავად, მათ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.

მისი თქმით, მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული ოთახების რაოდენობას ორი საოჯახო ტიპის აპარტამენტი დაემატება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება.
ალადაშვილის განცხადებით, ისინი მეტი სტუმრის მიღებას 5 მაისიდან შეძლებენ.

,,რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის ტერიტორიაზე აშენდება საოჯახო აპარტამენტები. ბევრი ადამიანის სურვილია სოფელში ჩამოსვლისას დარჩენა შეეძლოს. აქ კი ასეთ ვიზიტორებს ვუქმნით ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. ოთახები როგორც ჯგუფებისთვის, ასევე საოჯახო დასვენებისთვის იქნება გათვლილი.

ვიხიტორებს ორ სერვისს ვთავაზობთ.: ერთია, რომ მოვლენ, განიტვირთებიან და საღამოს წავლენ. მეორე ვარიანტი კი მოიცავს , რომ მოსული ოჯახი თუ ვიზიტორთა ჯგუფი დარჩეს ადგილზე ხელმისაწვდომ ფასად. ამ დროისთვის შეგვიძლია 18 ვიზიტორის და 4-5 ოჯახის მიღება.

ეს არ არის სასტუმრო, ეს არის ადგილი, რომელიც ქმნის პაპის და ბებიის სახლის ასოციაციას. ყველას შეუძლია მოსვლა, დარჩენა ეკო-ოთახებში და ბიო-მეურნეობაში მოუყვანილი პროდუქტებით მომზადებული კერძების დაგემოვნება”,- განუცხადა KNEWS.GE-ს გიორგი ალადაშვილმა.

მისი თქმით, აპარტამენტები კეთილმოწყობილია და მეურნეობაში დამოუკიდებელი დასვენებისთვისაა განკუთვნილი, ამასთან მსურველებს რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის მომსახურებით სარგებლობაც შეუძლია.

„ეს ეკოლოგიურად სუფთა აპარტამენტებია და არ არის გამოყენებული რკინა-ბეტონი, ოთახები სრულად მოწყობილია ხით და კირქვითაა ნაგები, შესაბამისად ოთახების მოსაწყობად მეტი ფინანსური რესურსის ჩადება დაგვჭირდა, ამ ოთახების კეთილმოწყობისთვის დაახლოებით 250-300 ათას ლარამდე დაიხარჯა“, – აღნიშნავს გიორგი ალადაშვილი.

გიორგი ალადაშვილის თქმით, წელს მეურნეობაში 1 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

,,პანდემიური და რთული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში განთავსებისა და დასვენების ღირებულება 50 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე ადის. ფასი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მომსახურების მიღებას ისურვებს სტუმარი. შაბათ-კვირას ბიოდინამიურ მეურნეობას ბევრი ადამიანი სტუმრობს. ძირითადად საქართველოში მცხოვრები და მომუშავე უცხოელები, შვეიცარიელები, ფრანგები, იტალიელები გვსტუმრობენ. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს, ბოლო პერიოდში ჩვენ უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტებს ვუმასპინძლეთ”,- აცხადებს გიორგი ალადაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია