კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პლანშეტები კოვიდპაციენტებისთვის-ორი მეგობრის ინიციატივა კორონავირუსით ინფიცირებულების დასახმარებლად

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2022

პლანშეტები კოვიდპაციენტებისთვის- ინიციატივა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ტასო მოდებაძესა და მის მეგობარს, მარიამ სულამანიძეს ეკუთვნით. გოგონების მამები ვირუსის გართულებით კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალნენ და იმის გამო, რომ მამების ნახვის საშუალება არ ჰქონდათ, მათ მშობლებთან გამომშვიდობებაც კი ვერ მოახერხეს.

მარიამის თქმით, მამის გარდაცვალების შემდეგ, მის ტელეფონში გაუგზავნელი შეტყობინებები იპოვა, სავარაუდოდ მამამისს იმ მომენტში ინტერნეტი არ ჰქონდა. კლინიკაში შეყვანიდან სამ დღეში გარდაიცვალა ტასოს მამა. შვილებს ტელეფონით ელაპარაკებოდა, თუმცა მის ტელეფონს ვიდეო-ზარის განხორციელების ფუნქცია არ ჰქონდა.

გოგონების თქმით, იმის გააზრებამ, რომ მშობლებმა სიცოცხლის ბოლო წუთები ოჯახისგან შორს გაატარეს, იმიტომ, რომ პროტოკოლის თანახმად, კოვიდ-ინფიცირებულის მონახულება აკრძალულია, მათ გადაწყვიტეს კოვიდ-კლინიკებისთვის პლანშეტების შეძენა და ონლაინ პლატფორმის დახმარებით, პლანშეტების შესაძენად თანხის შეგროვება დაიწყეს. ტასო და მარიამი პირველ ეტაპზე 20 პლანშეტის ყიდვას გეგმავენ.

,,კომუნიკაციის ნაწილში წარმოქმნილი პრობლემების გამო დაიბადა იდეა, რომ პლანშეტები გადავცეთ კლინიკებს, რათა მართვის ნაწილში გამოიყენონ პაციენტსა და ოჯახის წევრებს შორის საკონტაქტოდ, რომ პაციენტები ვიდეო ზარის საშუალებით ეკონტაქტონ ოჯახის წევრებს, ასევე თერაპიისთვის, ეს იქნება ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა, ახალი ამბების გაცნობა თუ სხვა. დასაწყისისთვის 20 პლანშეტის შეძენა გვსურს, დასადგამებით, სიმ ბარათებით და გამაგრძელებლებით”,- განუცხადა knews.ge-ს ტასო მოდებაძემ.

ახალგაზრდების თქმით, საავადმყოფოში გადაყვანილ ყველა პაციენტს თან არ აქვს მობილური ტელეფონი ან გაჯეტი იმისთვის, რომ ვიდეო ზარით დაინახონ თავიანთი საყვარელი ოჯახის წევრები და მათგან მხარდაჭერა მიიღონ, ოჯახის წევრებთან კავშირის არ ქონა მათთვის დამატებით სტრესია.

,,გვსურს საავადმყოფოში მყოფ კოვიდ პაციენტებს მიეცეთ საშუალება იქ ყოფნის განმავლობაში შეძლონ განტვირთვა: დარეკონ საყვარელ ადამიანებთან ვიდეო ზარის საშუალებით, მოუსმინონ მუსიკას, უყურონ ფილმებს, გაეცნონ ახალ ამბებს და იქ ყოფნის პერიოდი შეუმსუბუქდეთ. ჩვენ გვჯერა რომ ეს ბევრ ადამიანს გაუადვილებს ბრძოლას დაავადებასთან და მათ საბოლოო გამარჯვებაში დაეხმარებათ”,- აცხადებს ტასო.

ტასოს თქმით, მათი გეგმაა 10 000 ლარის შეგროვება. პირველი ეტაპისთვის კი დაგეგმილი აქვთ პლანშეტები კახეთში მდებარე ოთხ-კოვიდ კლინიკას გადასცენ.

,,ოთხ კოვიდ-კლინიკას გადავცემთ გაჯეტებს. კახეთის კოვიდ-კლინიკების მენეჯერებთან ვისაუბრეთ დეტალებზე და თანახმა არიან. ერთ ქართულ ქრაუდფანდინგის პლატფორმაზე განვათავსეთ ჩვენი იდეა ცოტა ხნის წინ და ადამიანების დახმარებით ვცდილობთ 10 000 ლარის მოგროვებას. გვჯერა, რომ სხვა რეგიონებშიც გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ადგილობრივ დონეზე დააორგანიზებს კამპანიას და ყველა მივხედავთ იმ მხარეს, საიდანაც ვართ და რომელთანაც უფრო დიდია მიკუთვნებულობის შეგრძნება. ამ ეტაპზე, 2000 ლარამდე გვაქვს შეგროვებული, ანუ თითქმის 4 პლანშეტის თანხა. აქტიურად ვაპირებთ მივწეროთ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელს, თუმცა თითო ლარითაც შეიძლება ამ თანხის მოგროვება”,– განაცხადა ტასო მოდებაძემ.

გოგონებმა ასევე კოვიდ პაციენტების ოჯახის წევრებთან კონტაქტისთვის სოციალური გვერდიც შექმნეს:

https://www.facebook.com/groups/462749645222579/

პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გოგონების იდეას დაუჭიროთ მხარი და შესაძლებელია ფინანსური მხარდაჭერა:

https://orbelianimeti.ge/product/%e1%83%9e%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2/

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია