კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომპანიები- ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2022

კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა. ამის მთავარ მიზეზად ინდუსტრიაში მედიკამენტების მაღალი ფასი და გაძვირებული სამედიცინო მომსახურება სახელდება. ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში სადაზღვევო პრემია მომხმარებლებს თითქმის 15%-ით გაუძვირდათ.

ის, რომ საქართველოში ჯანდაცვა გაძვირდა, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. გასული წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები თითქმის 8%-ით არის გაზრდილი.

„2020 წლის მონაცემები ინდუსტრიისთვის სამწუხაროდ არასახარბიელო სურათს გვაძლევს. გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შეცვლილი როგორც სადაზღვეო პრემიები მოზიდვის და გამომუშავების თვალსაზრისით, ასევე არასახარბიელო მონაცემები გვაქვს ზარალებთან დაკავშირებით. 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სადაზღვევო ორგანიზაციების ზარალიანობა, რომელიც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ძირითადი არის ის, რომ ინფლაციური პროცესები ძალიან დიდ გავლენას ახდენს სამედიცინო სერვისებზე, მეორე ნაწილი ეს გახლავთ მოხმარების ცვლილება, რაც არის დამოკიდებული იმ გარემო ფაქტორებზე, რასაც ქმნის პანდემია.

დღეს სადაზღვევო ინდუსტრია დგას იმ პრობლემის წინაშე, რომ მოხმარება სამედიცინო სერვისების არის შეცვლილი და ამავდროულად გაზრდილი და სადაზღვევო ინდუსტრია სადაზღვევო პრემიებს ვერ გამოიმუშავებს იმ რაოდენობით, რომ გაზრდილი ზარალიანობა დააბალანსოს. ამ ყველა მიზეზიდან გამომდინარე დღის წესრიგში დგება სადაზღვეო პრემიების ცვლილება ზრდის მიმართულებით, რა ზრდაც დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ეს არის სამედიცინო სერვისებზე ინფლაციური პროცესები, რაც გავლენას ახდენს ამ ყველაფერზე“, – აცხადებს BM.GE-სთან “PSP დაზღვევის” ხელმძღვანელი, სოფო ლებანიძე და დასძენს, რომ ინფლაციის და უტილიზაციის გათვალისწინებით სადაზღვევო პაკეტები “PSP დაზღვევის” შემთხვევაში დაახლოებით 15%-მდე დაკორექტირდა.

სადაზღვეო პაკეტებზე ფასების ცვლილება შეეხო “ჯიპიაი ჰოლდინგის” დაზღვეულებსაც. როგორც კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი განმარტავს, მათ შემთხვევაშიც ფასების კორექტირების მიზეზი ინფლაციის გავლენით სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ხარჯია. თინა სტამბოლიშვილის თქმით, ამ პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის პანდემიას, რისი გავლენითაც სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი.

„პაკეტის ღირებულებაზე გავლენა აქვს სამედიცინო სერვისებზე ინფლაციას, მათ შორის მედიკამენტების ფასების ზრდას, რაც გვაიძულებს დავაკორექტიროთ პაკეტის ფასი. გასულ წელს მცირედი გაძვირება იყო, თუმცა ჩვენ ასევე გავაუმჯობესეთ სერვისი და მომხმარებლებს უკეთესი პირობები შევთავაზეთ, თუმცა ეს გრძელვადიანად თუ გაგრძელდა, ფასების ზრდა აუცილებლად აისახება ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიაზე. ეს გარდაუვალი იქნება. ამ ეტაპზე გაძვირება არ მიმდინარეობს და ვახდენთ პროცესებზე დაკვირვებას“, – აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია