კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბსურდული მტკიცებულებები კახელი ბიზნესმენის დაპატიმრების საქმეში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აგვისტო 2022

სიღნაღის სასამართლო 8 თვის წინ დაპატიმრებული კახელი ბიზნესმენის საქმის განხილვას ასრულებს. 34 წლის ლევან ბიძინაშვილს პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას და ტარებას ედავება. ბიზნესმენი ამბობს, რომ იარაღი სამართალდამცავებმა “ჩაუდეს”.

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში “რადიო თავისუფლება” გიყვებათ როგორ “იკერება” საქმე და როგორ შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში, თუ კი რამდენიმე პოლიციელი თქვენს წინააღმდეგ იდენტურ, თუნდაც აბსურდულ ჩვენებებს მისცემს, პროკურატურა კი ამ ჩვენებებზე დაყრდნობით ბრალდებას წაგიყენებთ.

“არ ვაღიარებ, რაც არ ჩამიდენია როგორ უნდა ვაღიარო?! გაფორმებული იარაღები მილაგია სახლში, ის არ გამომიტანია უკანონოდ არ გადამიადგილებია” -ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც რადიო თავისუფლების კითხვებს წინასწარი პატიმრობის საკნიდან უპასუხა. ლევან ბიძინაშვილს დანაშაულისთვის, რომელსაც არ აღიარებს, 4 დან 7 წლამდე ციხე ელის.

პროკურატურის ვერსია

2021 წლის 4 დეკემბერს, შებინდებისას, პოლიციის “პიკაპს” წნორი-ტიბაანის გზაზე მერსედესმა გადაასწრო. სწრაფად მიმავალი ავტომანქანა პიკაპში მჯდომმა წნორის პოლიციის სამმა თანამშრომელმა საეჭვოდ მიიჩნია. ისინი მძღოლის გადასამოწმებლად მერსედესს დაედევნენ და შეჩერება მოსთხოვეს. პოლიციელები ყვებიან, რომ მათ მოთხოვნას მერსედესის მძღოლი არ დაემორჩილა, 500 მეტრი ცენტრალურ ტრასაზე მისდევდნენ, შემდეგ მერსედესმა გრუნტის გზაზე გადაუხვია და დაახლოებით ნახევარი კილომეტრის გავლის შემდეგ ვენახებში გადავიდა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ იძულებული გახდა გაჩერებულიყო.
პოლიციელების მონათხრობით,მერსედესს თითქმის კუდში სდიეს, თითქმის ერთდრულად გაჩერდნენ და ერთდროულად გადმოვიდნენ მანქანებიდან. პოლიციელები ყვებიან, რომ მანქანიდან გადმოსვლისას მერსედესის მძღოლს “ტანსაცმელი აეწია” და მათ დაინახეს, რომ მას წელთან, ქამარში ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა ჩადებული. მძღოლი ადგილზევე დააკავეს. დაკავებული ტიბაანელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი აღმოჩნდა. მისი ჩხრეკისას ამოიღეს საბჭოთა წარმოების 1941 წელს გამოშვებული პისტოლეტი “TT”, რომელსაც “ნომერი წაშლილი ჰქონდა და გამოსაყენებლად ვარგისი იყო”.

ბრალდებულის ვერსია

ლევან ბიძინაშვილი, წნორიდან სახლში, სოფელ ტიბაანში ბრუნდებოდა, როდესაც ცენტრალურ გზაზე პოლიციის პიკაპმა ფარები აუნთო და ანიშნა შეჩერებულიყო. მას შემდეგ რაც სავალი გზიდან გადავიდა და ავტომანქანა შეაჩერა, რამდენიმე პოლიციელი მივარდა და მერსედესიდან პოლიციის პიკაპში გადასვეს. მისი მანქანის საჭესთან პოლიციელი დაჯდა. ორივე ავტომანქანა ცენტრალური გზიდან გრუნტის გზაზე გადაიყვანეს და ვენახებთან მინდორში გააჩერეს. შემდეგ პიკაპიდან გადმოიყვანეს, წელზე იარაღი მიადეს და ამავე იარაღის ამოღების ინსცენირება გააკეთეს. ბიძინაშვილი დაკავებისას შედგენილ არც ერთ დოკუმენტს არ დაეთანხმა და ხელი არ მოაწერა.

ვინ არის ლევან ბიძინაშვილი

34 წლის ტიბაანელ ბიზნესმენს, ლევან ბიძინაშვილს წნორის რაიონში 2012 წლიდან დაფუძნებული აქვს რამდენიმე კომპანია, რომელთა წლიურმა ბრუნვამ 2021 წელს 10 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბიძინაშვილი ფლობს ბეტონისა და სამშენებლო ბლოკის ქარხნებს და მეტალოპლასტმასისა და რკინის საამქროებს; ოჯახთან ერთად აქვს სასოფლო- სამეურნეო ბიზნესიც. მისი კომპანიები ხშირად მონაწილეობდნენ სახელმწიფო ტენდერებში, კახეთში აშენებული აქვს შენობები, დაგებული აქვს გზები. ჰყავს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი. აქვს ოფიციალურად რეგისტრირებული 3 ცეცხლსასროლი იარაღი – 1 გლუვლულიანი თოფი და ორი, კოლტის და ვალტერის ფირმის პისტოლეტი. არ არის ნასამართლევი და სამართალდამცველებთან პრობლემა არასდროს ჰქონია 2021 წლის 4 დეკემბრამდე- როდესაც წნორი-ტიბაანის გზაზე იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ვერდიქტის მოლოდინში

იარაღის უკანონოდ შეძენა და ტარება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სიღნაღის სასამართლოში ბიძინაშვილის საქმის არსებითი განხილვა 29 ივლისს თითქმის დასრულდა. მოსამართლე ვერდიქტს სავარაუდოდ 5 აგვისტოს გამოაცხადებს.

“თუ არ გაიწევი – დაისჯებიო”

ლევან ბიძინაშვილი “რადიო თავისუფლებას” ციხიდან მიცემულ ინტერვიუში ეუბნება, რომ მისი დაპატიმრების რელური მიზეზი მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწაა რომელიც არ დათმო.
“დაახლოებით 1 წელი მიდიოდა ამაზე ლაპარაკი, მომიგზავნეს სუსის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსს და მის მეგობრებს კახეთში ჭირდებოდათ 200 ჰექტარი მიწა და მე უნდა გავწეულიყავი იმ 70 ჰექტარიდან რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ჩემმა მეუღლემ 49 წლიანი იჯარა მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი მამისგან. მე უნდა გავჩუმებულიყავი და გავწეულიყავი, რაზეც არ დავთანხმდი, შემომითვალეს თუ არ გავიწეოდი დავისჯებოდი და შემოთვლიდან მალევე ეს გამიკეთეს. იარაღი სიღნაღის პოლიციის უფროსის [ლევან მაისურაძის] დავალებით ჩამიდეს, პირადად ხელმძღვანელობდა და პირადად დამიჭირა,” – ლევან ბიძინაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვებს ციხიდან წერილობით უპასუხა.

მიწის ნაკვეთი, რომელზეც ლევან ბიძინაშვილი საუბრობს, კახეთში, სოფელ ტიბაანშია. ეს ნაკვეთი მის სიმამრს 2004 წლიდან 49 წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. სიმამრის გარდაცვალების შემდეგ იჯარის უფლება მამის მემკვიდრემ, ბიძინაშვილის მეუღლემ ითხოვა, თუმცა სიღნაღის მერიამ და საჯარო რეესტრმა უარი უთხრეს. ბიძინაშვილმა და მისმა მეუღლემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარადგინეს, რომ ეს ნაკვეთი იჯარით მათ ოჯახს ეკუთვნოდა და მემკვიდრეობა შვილზე უნდა გადასულიყო. მესამე წელია, ბიძინაშვილის ოჯახი ამ ნაკვეთისთვის სასამართლოებში დავობს, სიღნაღის სასამართლომ რეესტრის უარი შეაჩერა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წელს შეტანილი ძირითადი სარჩელი დღემდე არ განუხილავს.

ლევან ბიძინაშვილი ამბობს, რომ მასთან მისული პოლიციის უფროსის შუამავალი სწორედ ამ ნაკვეთის დათმობას გვერდზე გაწევას სთხოვდა.

“სხვა მიზეზი არაფერი არ ვიცი ლევანის რა უნდა დაეშავებინა, თუ ჩამოშორდებოდა ამ მიწას მაღალჩინოსნები ისარგებლებდნენ ისე, რომ არანაირ გადასახადს არ გადაიხდიდნენ, თუ მოდავე არავინ ეყოლებოდა,” – ამბობს ოთარ ბიძინაშვილი, ლევან ბიძინაშვილის მამა.

კითხვებს სიღნაღის პოლიციის უფროსის, ლევან მაისურაძის წინააღმდეგ ბიზნესმენის ბრალდებების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უპასუხეს. “რადიო თავისუფლების” ზარებს და ტექსტურ შეტყობინებას არც თავად ლევან მაისურაძემ უპასუხა. “რადიო თავისუფლებამ” დეტალურად შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები და აღმოაჩინა, რომ ბიძინაშვილის მტკიცება, რომ იარაღი ჩაუდეს უსაფუძვლო არ არის. პროკურატურას ბიძინაშვილის წინააღმდეგ მწირი მტკიცებულებები აქვს.


სამი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც თვითმხილველების მონათხრობში პოლიციელების ჩვენებებს ეწინააღმდეგება

პირველი – პოლიცია ამბობს, რომ მათი ავტომანქანა წნორიდან ტიბაანისკენ მოძრაობდა, მოწმეები ამბობენ, რომ პიკაპი პირიქით, ტიბაანიდან წნორისკენ მიდიოდა.
მეორე – პოლიცია ამბობს, რომ ბიძინაშვილის მერსედესმა მათ გადაასწრო, თვითმიხლველები ამბობენ, რომ ბიძინაშვილს პიკაპისთვის არ გადაუსწრია, არამედ მათ ნივას გადაასწრო, პოლიციის პიკაპმა კი შემხვედრი მხრიდან ანიშნა მერსედესს გაჩერებულიყო.
მესამე – სამივე პოლიციელი ჩვენებებში და სასამართლოზეც ამბობდა, რომ ლევან ბიძინაშვილს ავტომანქანა ტრასაზე წამიერადაც არ შეუჩერებია, ცოლ-ქმარი კი ყვება, რომ ბიძინაშვილი პოლიციის მოთხოვნას უმალ დაემორჩილა, გზიდან გადავიდა და ავტომანქანა შეაჩერა.
და მეოთხე … თვითმხილველების მონათხრობის გარდა, პოლიციელების ჩვენებებს ლევან ბიძინაშვილის დაუმორჩილებლობის და დევნის ოპერაციის შესახებ, საეჭვოს ხდის კიდევ ერთი გარემოება – როგორ მოახერხა პოლიციის პიკაპმა არ ჩამორჩენოდა ბიზნესმენის მერსედესს? საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პოლიციელები იმ დღეს Mitsubishi L200-ს მოდელის “პიკაპით” მოძრაობდნენ, ლევან ბიძინაშვილი კი ბევრად სწრაფი – Mercedes GLK 350-მოდელის ავტომანქანით. ბიძინაშვილის ავტომანქანის აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე, დაახლოებით ორჯერ აღემატება პოლიციელების პიკაპის შესაბამის მონაცემებს. ერთ-ერთმა პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ პიკაპი ტრასაზე ბიძინაშვილის მერსედესს ვერ დაეწეოდა. სასამართლო განხილვისას ბრალდებულმა თხოვა პოლიციელებს, აეხსნათ, მათი აზრით, დევნისას რატომ გადაუხვევდა ის გრუნტის გზაზე, როდესაც ტრასაზე მის მანქანას აშკარა უპირატესობა ჰქონდა. წნორიდან ტიბაანისკენ მიმავალი ტრასა.

ადგილი, სადაც მოწმეებმა დაინახეს როგორ გააჩერა პოლიციამ კახელი ბიზნესმენის მერსედესი. წნორიდან ტიბაანისკენ მიმავალი ტრასა. ადგილი, სადაც მოწმეებმა დაინახეს როგორ გააჩერა პოლიციამ კახელი ბიზნესმენის მერსედესი. პოლიციელების ჩვენების მიხედვით როდესაც მათ პიკაპს ბიძინაშვილის მერსედესმა გადაასწრო და არ გააჩერა, “გაზს ჩააჭირეს”და დაეწივნენ. მოსამართლის კითხვაზე დაეზუსტებინათ, რა მანძილზე მიყვებოდნენ დევნისას მერსედესს, პოლიციელებმა უპასუხეს, რომ 5-10 მეტრში. საავტომობილო საქმის სპეციალისტები, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობენ, რომ პოლიციელების მიერ აღწერილი დევნის სცენა, მანქანების ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით, შეუძლებელია სიმართლეს შეესაბამებოდეს.

ვინ უნდა გამოიძიოს – ჩაუდეს თუ არა

ლევან ბიძინაშვილი დაკავების დღიდან ამტკიცებს, რომ მას პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს და სიღნაღის პოლიციის განყოფილებაში მასზე იძალადეს კიდეც. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის წერს, რომ პოლიციელებმა სცემეს და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ამ ფაქტების გამოძიების თხოვნით ბიძინაშვილმა დაკავებისთანავე, 2021 წლის დეკემბერში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა. ამ უწყებას ევალებოდა პოლიციელების შესაძლო დანაშაულის გამოძიება, თუმცა ეს სამსახური რამდენიმე თვეში გაუქმდა და წარმოებაში არსებული ყველა საქმე ახალ უწყებას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რადიო თავისუფლებას მისწერა, რომ პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 8 თვის წინ დაიწყო, და დღემდე “მიმდინარეობს ყოველმხრივი გამოძიება”, თუმცა რა გამოიკვეთა ამ გამოძიებისას, არ გაამხილეს. კანონით პროკურატურასაც ევალება გამოიკვლიოს ყველა დეტალი, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ, ასევე მის სასარგებლოდ.

“რადიო თავისუფლებამ” საქმის პროკურორსაც ჰკითხა, როცა ბრალდებული იარაღის ჩადებაზე საუბრობს, აწარმოა თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით. “გამოძიება სრულყოფილი სახით არის ნაწარმოები” იყო საქმის პროკურორის პასუხი. ბიძინაშვილის საქმის განხილვა სიღნაღის სასამართლოში ფაქტობრივად დასრულდა. მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ განაჩენი შესაძლოა 5 აგვისტოს გამოაცხადოს. თუ კი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი ამ სასამართლო პროცესს წააგებს გლდანის ციხეში პატიმრობაში დარჩება, მისი ოჯახი კი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ვრცლად იხილეთ მასალარადიო თავისუფლება

ნახეთ ასევე Knews.ge-ს მიერ ამ საკითხზე მომზადებული მასალა:

,,ჩვენ ვიბრძვით შენით შთაგონებულები – უნდა ვუთხრათ უსამართლობას – არა!“

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია