იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თეთრი ხიდის არაჩვეულებრივი ტრადიცია – როგორ "ინათლებოდნენ" ქუთაისელად (ვიდეო)

ეკონომიკა
წყარო:  ქუთაისი პოსტი / https://www.kutaisipost.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ნოემბერი 2018
თეთრი ხიდი ქუთაისის სიმბოლოდ ითვლება. თუმცა სანამ სიმბოლო გახდებოდა, უფრო სასარგებლო და მიმზიდველი ფუნქცია ქონდა. 

ხიდმა განსაკუთრებულობა მეოცე საუკუნის შუა ხანებში შეიძინა, როდესაც იგი ქუთაისელების მთავარი  და საყვარელი თავშეყრის ადგილად იქცა.

აქ იკრიბებოდა მთელი ქალაქი - როგორც ახალგაზრდები და ხანდაზმული, დარბაისელი ქუთაისელები, ონავრები და ჯიბგირები, ისე პოეტები და სპორტსმენები. 

იგი იყო მთავარი მოვლენების ცენტრი და სხვადასხვა ტრადიციების დამამკვიდრებელი.

თეთრი ხიდიდან ერთხელ მაინც ყველა ნამდვილი ქუთაისელი გადამხტარა.

ქუდებსაც მარტო პიკასოს ბიჭი არ იტაცებდა. ეს საქმიანობა ქალაქელი ბიჭ-ბუჭების მთავარი გასართობი გახლდათ:



ქუთაისელი მამაკაცებისთვის თეთრი ხიდის მშვიდობიანად დატოვება მარტივი საქმე არ იყო. ყურადღებით უნდა ყოფილიყო, ან ქუდს მოსტაცებდა ვინმე ონავარი ან ჯიბეს ამოუსუფთავებდა რომელიმე ხელმრუდი. თუმცა, ხიდზე ყურადღებით გავლა მაინც რთული იყო,  რადგან ყველას თვალი თეთრი ხიდიდან და ე.წ. აბანოს თავიდან მხტომელებისკენ ჰქონდა. 

მდინარე მაშინ წყალუხვი გახლდათ, რადგან რიონჰესი ჯერ არ იყო აშენებული. თუმცა აბანოს თავიდან გადმოხტომა მაინც საშიში იყო. მხტომელი კარგად ვერ ხედავდა სად ხტებოდა, ეს კი დიდ სიმამაცეს ითხოვდა. ასი ბიჭიდან ათი თუ გაბედავდა, - ყვება ქუთაისელი მიხეილ ხაჩიძე.

მიუხედავად ამისა, „ქუთაისელად“ ნათლობა ასობით ახალგაზრდამ მიიღო.

როგორც ხანდაზმული ქუთაისელები ყვებიან, საშიში ადგილიდან რიონში გადახტომის დროს, არც ერთი უბედური შემთხვევა არ მომხდარა. რიონი შემწყნარე აღმოჩნდა მამაცების მიმართ.

თეთრ ხიდს ბევრმა სახელოვანმა ადამიანმა დააჩინა თავისი კვალი, დატოვა ტრადიციები და ლეგენდები.

ერთ-ერთი ქალაქური ლეგენდის თანახმად, ცნობილი ქუთაისელი მოჭიდავე კოლია ქვარიანი ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ თავის მოწაფეებს შეისვამდა მხრებზე და ისე გადაცურავდა თეთრის ხიდის მიმდებარედ რიონის რაღაც მონაკვეთს. მისი სახელობის იყო ის ადგილი მდინარეში, სადაც ყველაზე სწრაფია რიონი. როგორც ქუთაისის სპორტის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე ყვება, კოლია ქვარიანი მდინარის იმ რთულ მონაკვეთში ცურავდა, დინების საპირისპიროდ. ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახაობა იყო,  რომ რიონის ჩქერებს კოლია ქვარიანის სახელი შეარქვეს.

თეთრ ხიდთან უპოვია რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს მსახიობი გიორგი შავგულიძე.

ხიდის ახლო-მახლოს, რიონში ვარჯიშობდა ქუთაისელ წყალბურთელთა გუნდი. რადგან იმ, ერთდროულად ნათელსა და ბნელ დროებაში სხვა სავარჯიშო ადგილი არ ჰქონდათ.

მოკლედ თეთრ ხიდს, ერთ დროს სხვა ფუნქცია ქონდა. იგი  ქალაქელების საკუთრება, მშობლიური და თბილი ადგილი იყო.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია